რაგბი

17:02 | 3.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“აია” ქუთაისი

 

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, ქუთაისის “აია” ქართული რაგბის სახელის ღირსეული დამცველი იყო და მიუხედავად იმისა, რომ გუნდს გარკვეული პერიოდით ჩავარდნა ჰქონდა, ნელ-ნელა ეს ქალაქი სარაგბო ტრადიციებს იბრუნებს.

საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებამ, რომლებმაც ბესიკ ხამაშურიძე შინ დააბრუნეს და ქუთაისური რაგბის ხელახალი აღორძინება მიანდეს, შედეგი გამოიღო. ბოლო წლებია გუნდი ჩემპიონობისთვის მებრძოლთა შორისაა, მაგრამ საწადელი მიზნის მისაღწევად ყოველთვის სულ ცოტა აკლდება. სიტუაცია უკეთესობისკენ კიდევ უნდა შეიცვალოს, როდესაც სახელმწიფო პროგრამითა და “ქართუს” დახმარებით ამ ქალაქში ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაგბო კომპლექსი შენდება.

ახალი სტადიონი კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, რაგბის სკოლასთან, კლუნიკური საავადმყოფოს მახლობლად მდებარეობს და მასთან 5 და 18 ნომერი სამარშუტო ტაქსები მიდიან. მომავალი სეზონიდან “აია” საშინაო მატჩებს სწორედ იქ გამართავს, თუმცა, კომპლექსის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა და სამუშაოები დღესაც გრძელდება. უკვე დასრულებულია ძირითადი მოედანი და მას სამ მხარეს აქვს ტრიბუნები. ყველაზე დიდი ტრიბუნა გადახურულია. ჯერჯერობით დამონტაჟებული არაა ტაბლო და მიმდინარეობს კიდევ სამი მოედნის მოწყობა. კეთდება ავტომობილების გასაჩერებელი ადგილიც.

ქუთაისში ჩასული “მსოლიო სპორტის” ჟურნალისტი ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ ბაზის მენეჯერ ირაკლი გორგიძეს გაესაუბრა: “15 აგვისტოს საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნება და ახალ სტადიონზეც პირველი თამაში ჩატარდება. ქუთაისის “აია” თბილისის “ჯიქებს” უმასპინძლებს და იმ პერიოდისთვის ძირითადი მოედანი სრულად იქნება მზად. აქ კიდევ სამი მოედანი კეთდება, რომელთაგან ორი ბუნებრივი საფარის იქნება, ხოლო ერთი ხელოვნური. მიდის სამუშაოები და ისინი წლის ბოლომდე დასრულდება. მთავარ მოედანთან ტრიბუნებზე 4 836 მაყურებელი ეტევა. გარდა მოედნებისა დაგეგმილია სასტუმროს და აკადემიის მშენებლობა, ოღონდ ეს უკვე სამომავლო გეგმებია და წელს ვერ მოესწრება. 15 აგვისტოს რაიმე განსაკუთრებული გახსნის ცერემონიალი არ იგეგმება. ყველაფერი რომ დასრულდება, გახსნაც მერე გვექნება, თუმცა, მანამდე თამაშები აქ ჩატარდება”.

ნელ-ნელა სტადიონზე მორაგბეები შეიკრიბნენ, მწვრთნელები - ბესიკ ხამაშურიძე და აქვსენტი გიორგაძეც გამოჩნდნენ და მთავარ მწვრთნელს უწინარესად მისი რაგბით დაინტერესების შესახებ დავეკითხეთ. ეს ისტორია ძალიან ბევრმა იცის, მაგრამ გახსენება ზედმეტი არასდროს არაა:

-       რაგბი ჩვენს ოჯახში ტრადიციაა. მამაჩემი, ბართლომე ხამაშურიძე იმ “აიაში” თამაშობდა, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში გამოდიოდა და ყველა ქართველის სიამაყე იყო. იმ პერიოდში შემადგენლობაში ყველა გამორჩეული თამაშობდა და შედეგიც გვქონდა. მას სულ დავყავდი ვარჯიშებზე და თამაშებზე, ოჯახშიც რაგბის ბურთი გვქონდა, სახლშიც ხშირად იკრიბებოდნენ მორაგბეები, მაგრამ პირადად მე რაგბიზე სიარული მაინც არ მინდოდა. ძიუდოზე და კრივზე დავდიოდი, უფრო მეტად კი, ფეხბურთით ვიყავი გატაცებული. ყველა მწვრთნელი მთხოვდა, რომ მის სპორტის სახეობას გავყოლოდი, თუმცა, საბოლოოდ ოჯახურმა ტრადიციამ იმძლავრა.

რაგბისკენ ჩემი სიმპატიები მას შემდეგ გადაიხარა, როდესაც 17-წლამდელთა ნაკრებში დამიძახეს. მე ამ გუნდში ორი წლით ადრე მოვხვდი და მას შემდეგ ყველა ახალგაზრდული ნაკრები გამოვიარე. 1998 წელს უკვე ეროვნულ გუნდში დამიძახეს და პირველი თამაში იტალიასთან ჩავატარე. იტალიელებს სულ ორჯერ ვეთამაშეთ და ორივეჯერ გვქონდა მოგების შანსი. ძალიან მინდა, რომ მათთან თამაშის შესაძლებლობა კიდევ მოგვეცეს და ვფიქრობ, ისეთი მოტივირებული გუნდი, როგორიც სამოასთან იყო, იტალიას აუცილებლად დაამარცხეს.

-       თქვენ საინტერესო საკლუბო კარიერა გქონდათ.

-       პირველი უცხოური კლუბი “ბეზიე” იყო. ეს გუნდი საფრანგეთის ელიტა 2-ში თამაშობდა, ჩემპიონები გავხდით და ელიტა 1-ში ავედით. ექვსი მწვრთნელიდან ხუთს მოვწონდი, ერთს არა და სულ ბოლო მომენტში მითხრეს, რომ მე აღარ მიტოვებდნენ. მერე წავედი “ტულონში”, რომელიც ასევე ელიტა 2-ში გამოდიოდა და ელიტა 1-ში ასასვლელი ფინალი წავაგეთ. მე და გია ლაბაძემ კონტრაქტი რომ გავაფორმეთ ელიტა 1-ში უნდა გვეთამაშა, მაგრამ “ტულონი” ფინანსური პრობლემების გამო დააქვეითეს. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ფრანგულ კლუბებს განსაკუთრებით არ აწყობდათ ჩვენი სანაკრებო შეკრებებზე სიარული, თუმცა, ამის გამო მე ნაკრების თამაში არასდროს გამიცდენია. მერე 7-კაცა ნაკრებშიც რომ დავიწყე სიარული, კონტრაქტი აღარ გამიგრძელეს. ამის შემდეგ ანრი ბრონკანი დამიკავშირდა და ერთი წელი “ოშში” ვითამაშე. აქაც მოვიგეთ ელიტა 2, მაგრამ ფინანსურად გაუმართავი გუნდი იყო და ქვედა ლიგაში დარჩა.

მსოფლიო თასის შემდეგი იმედი მქონდა, რომ უკეთეს გუნდში მოვხვდებოდი და “ოშში” აღარ დავრჩი, მაგრამ გუნდი ვერ ვნახე და იტალიაში, “როვიგოში” წავედი. მერე ამ გუნდსაც ფინანსური პრობლემები შეექმნა და რუსეთში, “ენისეიში” წავედი, რომელსაც დასკვნით ეტაპებზე ვეხმარებოდი, ორჯერ გავედით ფინალში, მაგრამ ორივეჯერ დავმარცხდით. მერე იყო “კანი” და ქვედა დივიზიონები, 2008 წლიდან კი, საქართველოში დავბრუნდი. ამ დროს საქართველოში რაგბის განვითარება დაიწყო. ამას ომიც დაემატა და ოჯახი ვეღარ დავტოვე. შინ დაბრუნება და “აიაში” მუშაობა გია ნიჟარაძემ და გია გორგასლიძემ შემომთავაზეს და მეც დავთანხმდი. გორგასლიძე მანამდეც იყო ჩემთან კანში ჩამოსული და მითხრა, რომ ქუთაისში კარგი გუნდის გაკეთებას გეგმავდნენ და ჩემი იმედი ჰქონდათ. მაშინვე მომცეს იმის გარანტია, რომ აქ ბევრი კარგი რამ გაკეთდებოდა. ექვსი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი რამ თუ შესაძლებელი იყო, ახლა კი, ამას ყველა ხედავს. შედეგად, იზრდება მოთამაშეთა რაოდენობა და თუ ამ ტემპებით განვვითარდით, ქართული რაგბი სულ მალე მსოფლიო ათეულში შევაბიჯებთ.

-       რა გაძლევთ ამის ფიქრის საშუალებას?

-       მაშინ, როდესაც არაფერი ხდებოდა და ერთი მოედანიც არ გვქონდა, ჩვენი რაგბი სწრაფი ნაბიჯებით ვითარდებოდა, ახლა კი, ბევრად მეტია ხელშეწყობა და ეს შედეგზეც აისახება. ახლა უკან დახევის უფლება არც გვაქვს და ყველამ მაქსიმუმი უნდა გავიღეთ შედეგის მისაღებად.

-       თქვენ რომ სამშობლოში დაბრუნდით, მაშინ “აია” პირველი ლიგის გუნდი იყო და როგორ შეძელით მისი აღორძინება და სათავეებში დაბრუნება?

-       “აია” იმ წელს გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში. გიორგი გორგასლიძეს დახმარებით, სწორი მიმართულება ავირჩიეთ, ზუსტად მივხვდით რითი უნდა დაგვეწყო. არც დიდი ამბიცია გვქონდა და უბრალოდ მივყვებოდით დასახულ გეგმას. ამან შედეგი თავისთავად მოიტანა და პირველ წელს მეოთხე, მერე კი, მესამე ადგილზე გავედით. მერე იყო ფინალი და “არმიასთან” მარცხი. იმ წელს მართლა კარგი გუნდი გვყავდა და სულ ორი თამაში წავაგეთ. არადა, რთულ მდგომარეობაში ვიყავით. ტრავმების გამო იყო შემთხვევები, როდესაც 16 კაცის ამარა ვატარებდით შეხვედრებს. სამაგიეროდ, მაგრამ შევიკარით, ბიჭებმა იშრომეს და შედეგიც მივიღეთ.

-       “აია” ბოლო პერიოდში ჩემპიონატებს კარგად იწყებს, მაგრამ ჩემპიონობას მაინც ვერ ახერხებთ.

-       შარშან ყველაზე დიდი ჩავარდნა გვქონდა და ამის მიზეზი მარტივია. გუნდი უმეტესად ახალგაზრდა მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, რომელთა უმრავლესობა ახალგაზრდული ნაკრების წევრია. როდესაც ყველა ერთად ვართ, მაშინ შედეგიც სახეზეა, მაგრამ მერე ახალგაზრდული ნაკრებების თამაშების დრო დადგა და შემადგენლობის დაყენება გაგვიჭირდა. ახალგაზრდულ ნაკრებში “აიადან” 15 კაცი იყო გამოძახებული, მაგრამ ამით არავის ვსაყვედურობ. პირიქით, ჩვენი მიზანი სწორედ ისაა, რომ ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებს ღირსეული კანდიდატები გავუზარდოთ, ქალაქი კი, ჯერჯერობით მოითმებს უჩემპიონობას. მოვა დრო და ჩემპიონებიც აუცილებლად გავხდებით. შარშან რამდენჯერმე შეგვეძლო პირველ ადგილზე ასვლა, მაგრამ დანაკლისის გამო შეუცვლელად გვიწევდა თამაში და ვერცერთი ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ. უკან დაბრუნებულ ახალგაზრდებს ჩვენს სისტემაზე გადმორთვა გაუჭირდათ, თანაც ისინი იქ დაიღალნენ, ჩვენ აქ და ამ ორმა დაღლილმა ბირთვმა შედეგი ვეღარ აჩვენა. სამაგიეროდ, ახალგაზრდულ ნაკრებებში მორაგბეების მივლინებით, ჩვენი ქალაქი წელს ყველაზე წარჩიუნებული იყო და ეს უმნიშვნელოვანესია.   

-       ქუთაისი გულშემატკივრობის მხრივაც გამორჩეულია.

-       ყველაზე მეტად ის ფაქტი მახარებს, რომ ნებისმიერი გუნდი, ჩვენთან თამაშისთვის განსაკუთრებული ენთუზიაზმით ემზადება. ახლა, ამ სტადიონს რომ ნახავენ, ალბათ წასვლაც აღარ მოუნდებათ. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია გულშემატკივრის მხარდაჭერა და მათ მუდამ უდიდესი როლი შეაქვთ ჩვენს წარმატებაში. ამ სეზონიდან ამ კუთხით სიახლეებს ვგეგმავთ. ჩვენი სურვილია, რომ გუნდთან ერთად გულშემატკივრობაც დაიხვეწოს. ამ მიმართულებითაც უნდა ვიყოთ ერთ-ერთი საუკეთესო, სტუმრის პატივისმცემელი და არ უნდა ხდებოდეს გადაჭარბება. ფეხბურთზე, კალათბურთზე, რაგბიზე - ტრიბუნაზე ყველგან ხდება უხამსობები, რაც ძალიან არ მომწონს და მინდა ეს შეიცვალოს. აქტიურად ვთანამშრომლობთ ფანკლუბთან და ვაპირებთ ტრიბუნაზე ქცევის წესების გავრცელებას, მონიტორზე იმის ჩვენებას, რომ ევროპულ სტადიონებზე რაგბი ზეიმია. ჩვენს თამაშებზე სტადიონი უნდა იყოს საზოგადოების თავშეყრის ადგილი, სადაც მოდიან ბავშვები, ოჯახის წევრები, მეუღლეები, დები, შეყვარებულები და მიუღებელი უნდა იყოს გინება და ქვების სროლა. ფანკლუბის წევრებთან უკვე ვმუშაობთ, რომ მათ ახალმოსულებსაც გააცნონ ეს წესები, ბეჭდვითი, ან თუნდაც სიტყვიერი სახით.

-       წლების განავლობაში წარმატებული მორაგბე იყავით. მწვრთნელობა უფრო რთულია თუ მოთამაშეობა?

-       მწვრთნელობა! მოთამაშეს თავისი კონკრეტული ადგილი აქვს და იცის რა უნდა გააკეთოს, მწვრთნელმა კი, 15 ასეთ მოთამაშეს უნდა მიუჩინოს ადგილი და მისცეს კონკრეტული დავალება. მოთამაშე მსაჯის სასტვენამდე ნერვიულობს, თორემ მერე ისეა ჩართული თამაშში, იმდენად იხარჯება, რომ სხვა რამისთვის დრო აღარ რჩება. შენ კი, შორიდან უყურებ ყველაფერს და ბოლო წამამდე განიცდი.

-       ამ სეზონისთვის როგორ ემხადებით?

-       12 ივლისს შევიკრიბეთ და ვემზადებით სრული დატვირთვით. აქცენტს ახლაც ახალგაზრდებზე ვაკეთებთ. ერთადერთი მოთამაშე დავიმატეთ, საფრანგეთიდან ჩვენი კლუბის აღზრდილი პირველხაზელი გიორგი ტორაძე დაგვიბრუნდა, რომლის ძმაც ჩვენს გუნდში თამაშობს. მის გარდა “ა” ლიგიდანაც დავიმატეთ ბავშვები. წელსაც გვექნება პრობლემები, რადგან “აიადან” ახალგაზრდულ ნაკრებში მოთამაშეები კვლავ მრავლად არიან გამოძახებული, თუმცა, რაღაც-რაღაცეები ახალგაზრდულის მწვრთნელებმაც დაგვითმეს. ის, რომ რომელიმე ნაკრებში მოთამაშე არ გავუშვათ არ მოხდება. პირიქით, რაც შეიძლება მეტმა უნდა მიიღოს შანსი და ჩაატაროს საერთაშორისო შეხვედრები.

-       ჩემპიონატამდე შეკრებას თუ გეგმავთ?

-       რამდენიმე ადგილი ვნახეთ, მაგრამ პირობებმა არ დაგვაკმაყოფილა. შეკრება, სავარაუდოდ, ზამთარში გვექნება. მანამდე ქუთაისში დავრჩებით, აქვე მოვემზადებით, ჩემპიონატის სტარტზე რომელიმე სასტუმროში შევიკრიბებით, მით უმეტეს, რომ პირველი ორი თამაში ქუთაისში გვიწევს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ახალ სტადიონზე პირველი ორი თამაში მოვიგოთ.

-       ბოლო დროს არის საუბრები ორი ქართული კლუბის ევროთასებზე ჩართვაში და რამდენადაა მზად ქუთაისის “აია”, როგორც სპორტულად, ასევე ფინანსურად, ამ ტურნირში ჩასაბმელად?

-       ამ ეტაპზე ფინანსურად მზად არ ვართ, მაგრამ თუკი დაგვიშვებენ, დარწმუნებული ვარ კლუბის ხელმძღვანელობა მაქსიმუმს გაიღებს და საშუალებაც გამოინახება. მწამს, გამოჩნდებიან ადამიანები და ჩვენს ამ ტურნირში მონაწილეობას დააფინანსებენ. რაც შეეხება გუნდს, დასავლეთის რეგიონი “აიამ” და “ბათუმმა” უნდა წარადგინოს, მაგრამ ამ ეტაპზე რთული იქნება ძლიერი გუნდის შეკრება. თუმცა, ჩვენი ახალგაზრდა მორაგბეები დღითიდღე იზრდებიან და სამომავლოდ მათ დიდი პერსპექტივა უჩნდებათ. ამ წუთას მზად არ ვართ, მაგრამ როდესაც გვეცოდინება რისთვის ვემზადებით, მოთამაშეებსაც დავიმატებთ და წარმატებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ.

-       აღმოსავლეთის რეგიონის ნაკრები უკვე ერთვება ევროთასებში და პლეი ოფში თქვენთვის კარგად ნაცნობ “როვიგოს” ხვდება...

-       როდესაც იტალიაში ვთამაშობდი, “როვიგო” ძირითადად არგენტინელებით დაკომპლექტებული გუნდი იყო. 7-10 ისეთი სამხრეთამერიკელი თამაშობდა, რომლებიც ნაკრების კანდიდატებად არ მოიაზრებოდნენ და მათ ემატებოდა ადგილობრივი მოთამაშეები. ყველას ჰქონდა უდიდესი ამბიცია, გუნდი მუდამ ბოლომდე იბრძოდა და ასეა ახლაც. “როვიგო” არასდროს დგება გავარდნის საფრთხის წინაშე და მუდამ ხუთეულისთვის იბრძვის. საშუალო, ევროპული სკოლა აქვთ, მაგრამ მათთან იოლი თამაში არ გვექნება. ამ გუნდს ბრძოლის უნარი ყოველთვის ჰქონდა. როდესაც იქ ვთამაშობდი, გუნდი ფინანსურად დაშლის ზღვარზე იდგა, მაგრამ არ მახსოვს ვინმე თამაშზე, ან თუნდაც ვარჯიშზე უმოტივაციოდ გასულიყო. შეკრული კოლექტივია და სულ იმას ამბობდნენ, ვაჩვენოთ ჩვენი თამაშით, რომ პატრონობას ვიმსახურებთო. თუმცა, აღმოსავლეთის კლუბებიდან ბრწყინვალე მწვრთნელ ლევან მაისაშვილს შეუძლია ისეთი გუნდის შეკვრა, რომელიც არაფერს დათმობს. პირადად მე წარმატების მჯერა და მაქსიმალურად ვუდგევარ მხარში. ყველა ქართველი ოცნებაა, რომ ჩვენ “ჩელენჯ ქაფზე” ვითამაშოთ.

ვარჯიშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს ხელშეხვეული გიორგი ფრუიძე რომელმაც ახალგაზრდულ და 7-კაცა ნაკრებებში თამაშით დაგვამახსოვრა თავი: “მოსკოვის 7-კაცაზე, რუსეთთან თამაშისას ხელის მტევანი მოვიტეხე და ახლაღა დავიწყე სირბილი, მაგრამ ბურთს ჯერ ვერ ვეხები. სექტემბრამდე ჩემი დაბრუნება ფაქტობრივად გამორიცხულია. თანაგუნდელებს რომ ვუყურებ, მიუხედავად მოტივაცია ძალიან დიდია. ვიქრობ, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ და ვნახოთ რა გამოვა. ახალგაზრდული გუნდი გვყავს, მაგრამ კარგად უნდა შევიკრათ და წინსვლა აუცილებლად გვექნება”.

ამრიგად, “აია” ახალ სტადიონზე სადებიუტო შეხვედრას 15 აგვისტოს, “ჯიქების” წინააღმდეგ გამართავს და 23-ში იქვე “თიბიეს უნივერსიტეტს” დაუხვდება. ვფიქრობ, წლევანდელი წელი ქუთაისური რაგბისთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება და ახალი კომპლექსი ამ ქალაქში რაგბის მიმდევრების რაოდენობას მინიმუმ გააორმაგებს, ევროთასებზე გასვლის შემთხვევაში კი, სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებზე გავა.

0.659893