რაგბი

22:42 | 23.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

,,აია’’ ლიდერებში გაერია

ზამთრის პაუზის შემდეგ სარაგბო სეზონი ქუთაისშიც განახლდა. ადგილობრივმა ,,აიამ’’ XXIV ჩემპიონატის XI ტურის გამოტოვებულ მატჩში ბათუმის ,,ბათუმს’’ უმასპინძლა. ეს შეხვედრა კალენდრის მიხედვით შარშან 14 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ მაშინ ქუთაისში ,,დინამოს’’ სტადიონის გაზონზე მუხლებამდე თოვლი იდო და ბუნებრივია მატჩის ჩატარება ვერ მოხერხდა. დღევანდელ პაექრობასაც საკმაოდ ცუდი ამინდი დაერთო. მთელი შეხვედრის განმავლობაში ძლიერი ქარი ქროდა, რაც მორაგბეებს ზუსტი გადაცემების გაკეთებაში ხელს უშლიდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამან საბოლოო შედეგზე რაიმე გავლენა მოახდინა. ახალგაზრდა მორაგბეებით დაკომპლექტებულმა ,,აიამ’’ უცხოელი ლეგიონერებით გაძლიერებული ,,ბათუმი’’ პირწმინდად დაჩაგრა და პრემიალური ქულით გამარჯვება მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში ქუთათურებს თამაში ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით უხდებოდათ, მათ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და შეხვედრის ბოლომდე არ დაუთმიათ.

პირველი ლელო მასპინძლებმა მატჩის საწყის წუთებშივე დადეს. მათ ჯერ ,,მარაო’’ გაშალეს, შემდეგ მოლით მიაწვნენ და ბექა ტორაძეს დერეფანი გაუთავისუფლეს. მან თანაგუნდელებს ამაგი დაუფასა და ბურთიანად ჩათვლის მოედანში შერბინა - 5:0. გიორგი ბაბუნაშვილს რეალიზაცია გაუცუდდა.

თამაში ამის შემდეგაც რიონისპირელთა უპირატესობით გაგრძელდა. მალე მასპინძელთა მრავალფაზიანი შეტევა გიორგი ჯავახიამ ლელოთი დაასრულა. ბაბუნაშვილმა გარდასახვა ამჯერად ზუსტად შეასრულა - 12:0.

ამის შემდეგ ბათუმლებიც გააქტიურდნენ და ზვიად ოდიშარიამ ზედიზედ ორჯერ ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა - 12:6.

ეს იყო და ეს. ამის შემდეგ თამაში ძირითადად ბათუმელთა ნახევარზე მიმდინარეობდა, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. ტაიმის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე დანგაძის მცდელობის შემდეგ ,,აია’’ 17:6 დაწინაურდა.

მატჩის მეორე ნახევარში ქარი უკვე მასპინძელთა სასარგებლოდ ქროდა. ისედაც კარგად მოთამაშე ქუთათურების შეჩერება უკვე შეუძლებელი გახლდათ. სტუმრებმა გაძლება მხოლოდ 20 წუთს მოახერხეს. შეხვედრის უკანასკნელი მეოთხედი რიონისპირელთა სრული უპირატესობით წარიმართა. დროის ამ მონაკვეთში ქუთათურებმა ერთიმეორეზე უკეთესი კომბინაციები შემოგვთავაზეს და მეტოქეს სამი ლელო დაუდეს. სამივე გარდასახვა ბაბუნაშვილის ნაცვლად მოედანზე  შესულმა რეზო ჯინჭველაშვილმა შეასრულა. სამივეჯერ ბურთი კარის ძელებს შორის ზუსტად გაატარა და მატჩის საბოლოო ანგარიში 41:6 დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტი’’ გამარჯვებული გუნდის მწვრთნელს გაესაუბრა:

კობა გიორგაძე (,,აია’’): ,,სიმართლე გითხრათ ამ შეხვედრას საკმაოდ დაძაბულად ველოდით. ვიცოდით, რომ მეტოქე უცხოელი ლეგიონერებით გაძლიერდა, თანაც ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო თამაში პრაქტიკულად განახევრებული შემადგენლობით გვიწევდა. ძლიერი ქარის გამო ხარვეზები გვქონდა, მაგრამ მთლიანობაში ბიჭების გარჯით კმაყოფილი ვარ. მათ ყველაფერი გაიღეს გამარჯვებისთვის.“

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი.  XI ტური. გამოტოვებული.
23
თებერვალი. კვირა. ქუთაისი. ,,დინამო“. 15:30 საათი. 300 მაყურებელი.

,,აია“ (ქუთაისი) - ,,ბათუმი“ (ბათუმი)  41:6 (17:6)

,,აია“: 15. ძნელაძე, 14. ბ. ტორაძე,  13. ფრუიძე, 12. ირემაძე, 11. კვერნაძე, 10. ბაბუნაშვილი (ჯინჭველაშვილი 62), 9. თ. თუთბერიძე (ზ. თუთბერიძე 75), 1. რატიაშვილი 2. სალდაძე (გ. ტორაძე 55), 3. ულუმბელაშვილი (ჩხიკვაძე 64), 4. შალამბერიძე, 5. ჯავახია (ჩიტეიშვილი 46), 6. რევიშვილი (კ), 7. დანგაძე, 8. ყურაშვილი (ლოსაბერიძე 55);

6 ლელო:  ტორაძე (2), ჯავახია, დანგაძე, ძნელაძე, ფრუიძე;
4 გარდასახვა:  ბაბუნაშვილი, ჯინჭველაშვილი (3);
 ჯარიმა:  ბაბუნაშვილი;

სინბინი:  ირემაძე;
მწვრთნელები : კობა გიორგაძე, ბესო ხამაშურიძე;

,,ბათუმი“:  15. ჰემპსონი, 14. გოგიტიძე, 13. რუქი (ოქროპირიძე 55), 12.  ხონელიძე 11. ევგენიძე, 10. ოდიშარია (ვენი 74), 9. შამულო, 1. სულაბერიძე (ხოჭოლავა 45), 2. გიგაშვილი, 3. კაიკაციშვილი (ბერიძე 47), 4. ნიუვენჰეიზერი, 5. ხელაძე (კორტავა 45), 6. ცირეკიძე (ალიქაძე 45), 7. კეიკოჰობსი, 8. გუგუშვილი (კ);

2 ჯარიმა:  ოდიშარია (2);

მწვრთნელი: ლევან მგელაძე

მთ. მსაჯი:  გია ამირხანაშვილი

/:  გიორგი ტრაპაიძე, ანა პოღოსიანი;

0.330594