“მანჩესტერ სიტის” არგენტინელი თავდამსხმელი სერხიო აგუერო სეზონის სტარზე თავისი თამაშით კმაყოფილია, მაგრამ მიიჩნევს, რომ გუნდს სტუმრად თამაშის გაუმჯობესება მართებს.
“კარგად ვთამაშობ. ვფიქრობ, სეზონი ჩემთვის კარგად დაიწყო. საჭიროა ყველა თამაშში ასე ეფექტური ვიყო, რათა გულშემატკივრების პოზიტიური განწყობა დავიმსახურო. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები წარმოიშვება.
ვფიქრობ, ჩემი გოლების უმრავლესობა “სიტის” მოგებაში დაეხმარა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ გვყავს გუნდი, რომელსაც ჩემპიონატის მოგება შეუძლია. ამ მიზნისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. რა არ გვყოფნის ქულების რეგულარულად მოსაპოვებლად? სტუმრად თამაში უნდა გამოვასწოროთ. სეზონის ბოლოს, შესაძლოა, ამან გადამწყვეტი როლი ითამაშოს.” – ციტირებს სერხიო აგუეროს სიტყვებს Goal-ი.
პრემიერლიგის 11 ტურის შემდეგ, მე-8 ადგილზე მყოფი “სიტი” ლიდერ “არსენალს” 6 ქულით ჩამორჩება. “ქალაქელებმა” საკუთარ კედლებში ხუთივე თამაში მოიგეს, სტუმრად კი, ექვსიდან 4 წააგეს. რაც შეეხება აგუეროს, 8 გატანილი გოლით, ის ბომბარდირთა დავას სტარიჯთან და სუარესთან ერთად ლიდერობს.