ჭადრაკი

0:13 | 11.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

”აეროფლოტის” ტურნირი ქართველთათვის წარუმატებლად მიმდინარეობს

მოსკოვში გრძელდება ”არეოფლოტის” პატრონაჟით მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი, რომელშიც სამი ქართველი მოჭადრაკე – ბაადურ ჯობავა (2704), ნაზი პაიკიძე (2411) და მერი არაბიძე (2358) თამაშობს.
ჯობავა და პაიკიძე ძალებს უძლიერეს A ტურნირში სცდიან, თუმცა, ჯერჯერობით, მათ ასპარეზობას წარმატებულს ვერ ვუწოდებთ. ჯობავამ პირველ ტურში რეი რობსონს (აშშ, 2596) სძლია, შემდეგ ლივიუ-დიეტერ ნისიპეანუსა (რუმინეთი, 2647) და ივან სოკოლოვს (ჰოლანდია, 2641) დაუზავდა, მე-4 ტურში კი შავი ფიგურებით ელტაჯ საფარლისთან (აზერბაიჯანი, 2638) წააგო და 2.0 ქულით 53-ე ადგილამდე დაქვეითდა.
გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან ჭიდილში მხოლოდ 0.5 ქულა აქვს აღებული პაიკიძეს, რომელიც პირველ ტურში დრაგან სოლაკს (თურქეთი, 2613) დაუზავდა, შემდეგ კი ზედიზედ მარკუს რაგერთან (ავსტრია, 2655), ალოიზიე იანკოვიჩთანა (ხორვატია, 2568) და დანიელ ალსინა ლეალთან (2535) დამარცხდა. პაიკიძე 0.5 ქულით 86 მონაწილეს შორის 84-ე პოზიციაზეა.
მე-5 ტურში ჯობავა თეთრი ფიგურებით პაველ პონკრატოვს (რუსეთი, 2611) დაუპირისპირდება, ხოლო პაიკიძე ასევე თეთრებით ადამ ტუხაევს (უკრაინა, 2537) გაეჯიბრება. გასული ტურების შემდეგ, პირველ ადგილზე 3.5 ქულით უკრაინელი ანტონ კორობოვი (2660) იმყოფება.
ასევე ნახევარ ქულა გააჩნია მერი არაბიძეს, რომელიც B ტურნირში თამაშობს და ყაიმის დაფიქსირება აგასი ინანცთან (სომხეთი, 2347) მოახერხა, ხოლო სერგეი გრიშჩენკოსთან (2489), დორიან როგოზენკოსთანა (რუმინეთი, 2539) და ზულზაგა ბიამბაასთან (2279) წააგო. არაბიძე 130 მოჭადრაკეს შორის 122-ეა, ნე-5 ტურში კი თეთრებით სტანისლავ ჟელეზნის (რუსეთი, 2161) ეთამაშება.
”აეროფლოტის” საჭადრაკო ტურნირის საპრიზო ფონდი 125 ათასი ევროა, საიდანაც A ჯგუფში გამარჯვებული 20 ათასს მიიღებს, B-ს ჩემპიონი კი – 10 ათასს. მოსკოვური ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს და 15 თებერვალს დასრულდება.

0.064815