თამაშგარე

11:55 | 20.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ადრიანო დარდიანობს

“იმპერატორად“ სახელდებული, სკანდალებით გარემოცული ბრაზილიელი ფეხბურთელი ადრიანო დიდი მოქეიფე და დამრტყმელი კაცი რომაა, ეს ცნობილი ამბავია. მისი სწორედ ეს თვისება გახდა იმის მიზეზი, რომ ადრიანო “რომას“ ბოსებმა რამდენიმე თვის წინ იტალიიდან ბრაზილიაში გაუშვეს და ეს მეტად ნიჭიერი ფეხბურთელი ახლა სამშობლოში თამაშობს.
ადრიანოს ალკოჰოლისადმი განსაკუთრებული ტრფობა გააჩნია და ფეხბურთელისათვის ეს არცთუ მოსწონი ჩვევა რამდენჯერმე აღიარა კიდეც, მაგრამ ამ აღიარებას მთლიანობაში ადრიანოს ბუნებაში არაფერი შეუცვლია და ეს კაცი შემდგომშიც არაერთხელ ნახეს გატიალებული მთვრალი. 18 ივნისს ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებს კიდევ ერთი “აღიარებითი ჩვენება“ მისცა და ცრემლების ყლაპვით გამოტყდა, რომ ბოლო დროს სულ დაშვებულ შეცდომებზე ფიქრობს და ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ამ შეცდომებს მომავალში აღარასოდეს გაიმეორებს.
“ერთი პერიოდი ალკოჰოლურ სასმელს განუზომლად ბევრს ვსვამდი. “ინტერში“ თამაშის დროს მქონია პერიოდი, როდესაც ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა ვარჯიში, რათა მეგობრებთან ერთად დამელია. სამწუხაროდ, ეს შეცდომები შემდეგშიც გავიმეორე და სწორედ ამის გამო ვარ ახლა აქ და არა “ოლიმპიკოზე“. ახლა ბევრი რამ გადავაფასე და დარწმუნებული ვარ, რომ შევიცვალე. ჯერ ისევ მაქვს იმედი, რომ იტალიაში კვლავ დამიძახებენ. იტალია ძალიან მიყვარს და იქ თამაშზე ისევ ვოცნებობ. პირობას ვდებ, რომ ამიერიდან სპორტულ რეჟიმს აღარ დავარღვევ და ალკოჰოლურ სასმელს აღარასოდეს გავეკარები”, – ამბობს ბრაზილიელი ადრიანო, რომელმაც მსგავსი პირობა ადრეც არაერთხელ დადო, მაგრამ ხან რიო დე ჟანეიროს პლაჟზე იპოვეს მთვრალი და ხან მილანის ბარში მაგიდაზე ჩაძინებული.

0.159034