არავინ ვიცით, ძველ დროში რომ დავბადებულიყავით, ვინ ვიქნებოდით, რა საქმიანობით დავკავდებოდით და საერთოდ, შევძლებდით თუ არა რამის გაკეთებას. პრინციპში, ეს “ძველი დროც” არამართებული ტერმინია, რადგან ზოგისთვის “ძველი და კარგი დრო” საბჭოთა კავშირის პერიოდს უკავშირდება, ზოგისათვის კი შუა საუკუნეებია “ძველი დროის” სანიშნი და საამური პერიოდი.
უეინ რუნი ასე, 300 წლის წინ რომ დაბადებულიყო, ფეხბურთელი, რასაკვირველია, ვერ იქნებოდა, მაგრამ კარგი ჯანიანი და გამძლე მეზღვაური კი დადგებოდა მისგან. იმსახურებდა დიდი ბრიტანეთის სახელოვან ფლოტში და გროგითა და რომით მოიკლავდა ხმელეთის ნახვის მარადიულ მეზღვაურულ დარდს. ამ დროს, უეინის დიდი მასწავლებელი, სერ ალექს ფერგიუსონი ალბათ ფლოტის ადმირალი იქნებოდა დიდფარფლებიანი ქუდითა და გრძელი, გასაშლელი ჭოგრიტით. წამოიდრანგებოდა გემბანის კიჩოზე დადგმულ ხის სკამზე, მოიმარჯვებდა ამ თავის გრძელ ჭოგრიტს და დილიდან-საღამომდე უთვალთვალებდა ესპანელებისა და პორტუგალიელების გემებს. სერ ალექსის ფლოტილიის გემებს სულ რჩეული და ჯანმაგარი ბიჭები უკაპიტნებდნენ - როი კინი, პოლ სქოულზი, რიო ფერდინანდი...
ლეო მესი იქნებოდა ესპანეთის მუდამჟამს შუბლშეჭმუხნული მეფის განებივრებული შვილი. დააბაკუნებდა ფეხებს ლეო – მამი, სასწრაფოდ თურქული ჰალვა მინდაო და მამაც გაუჩენარს გაუჩენდა. ამ დროს, ანდრეს ინიესტას მთელს ესპანეთში ყველაზე ცნობილი და ეშმაკი ვაჭრის სახელი ექნებოდა გავარდნილი. სამეფო კარი მისგან იყიდდა ათასგვარ აზიურ საწამლავებს, ჩინურ ფართლეულობას და სხვა რთულად საშოვარ რამე-რუმეებს. ჩავიც ვაჭარი იქნებოდა, ოღონდ მექარავნე ვაჭარი. მისი ქარავნები კიდით-კიდემდე გადასერავდა უდაბნოებსა და სტეპებს. ჩავის ქარავანი ჩავიდოდა ალეპოსა და მექაში, თბილისსა და ტრაპიზონში, ბაღდათსა და არტაანში. ჩავის ეყოლებოდა დიდი, ეგვიპტური აქლემი. ზოლიანი ხალათის ჯიბეში კი გამოულევლად ეყრებოდა ქიშმიში და ასე, ქიშმიშის ღეჭვით მოივლიდა მთელ მსოფლიოს.
კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის მეფის ერთ-ერთი საიდუმლო ვეზირი იქნებოდა, რომელიც მეფესა და დიდებულებს სხვადასხვა ეროვნებისა და რჯულის ლამაზმანებით “მოამარაგებდა”. კრიშტიანუ ლამაზ ასულებს მთელი მსოფლიოდან გემით ჩაიყვანდა ლისაბონში და ლამაზმანთა შორის ულამაზესს, თავად მოიყვანდა ცოლად.
გაბრიელ ბატისტუტა იქნებოდა ცნობილი მონადირე. დაახლოებით ისეთი მონადირე, თანამედროვე ჰოლივუდურ ფილმებში რომ გვინახავს. წინ გაიგდებდა ქოსა ძაღლს, მხარზე გადაიკიდებდა უზარმაზარ მშვილდს და ტყესა და ღრეს არ დატოვებდა უნახავსა და გადაუჩხრეკელს. ტყეში ექნებოდა საიდუმლო სამალავები, სადაც ალალბედად მოტაცებულ გლეხის ქალებს გადამალავდა და ერთ-ერთი მათგანი ისე შეუყვარდებოდა, მის გამო, მეფის ამალის მებრძოლებთანაც კი გაბედავდა შერკინებას.
ფრანჩესკო ტოტი და ჯენარო გატუზო ასე, 15 საუკუნის წინ რომ დაბადებულიყვნენ, ალბათ გლადიატორები იქნებოდნენ. ფრანჩესკოს საყვარელი იარაღი მოკაუჭებული პართიული მახვილი იქნებოდა, ჯენარო გატუზო კი მოკლე შუბით მოუღებდა ბოლოს მოწინააღმდეგეებს. გლადიატორთა არენაზე მათი შერკინება თუ შედგებოდა, ამ ბრძოლის სანახავად მთელი რომი მოიყრიდა კოლიზეუმის ტრიბუნაზე თავს. მაგრამ, სეირის მაყურებლებს ის კი არ ეცოდინებოდათ, რომ ფრანჩესკოსა და ჯენაროს ყველაფერი წინასწარ ექნებოდათ ჩაწყობილი და ერთმანეთის მსუბუქად დაჭრით დაკმაყოფილდებოდნენ.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ლეგენდარულ “აბრეშუმის გზაზე” სადღაც უფლისციხესთან გაძარცვული მეჯორეები იქნებოდნენ. დახვდებოდა ამ მეჯორეებს კარგად შეიარაღებული ბანდა, გადმოაბრძანებდნენ თავანთი მჭლე, ჩამომხმარი ჯორებიდან, წაართმევდნენ რაც ექნებოდათ და შიშველ-ტიტვლებს გაუშვებდნენ დედაქალაქში. მეჯორეთა წინამძღოლი კი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ იტყოდა, რომ მათი გაძარცვა სულაც არ იყო გასაკვირი. ყაჩაღები ხომ სხვა მგზავრებსაც ძარცვავდნენ...