ძიუდო

22:13 | 22.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ადამის ორი რევანში

ბუდაპეშტის გრან პრი საქართველოს ჰიმნით დაიხურა, რომელიც +100 კილოგრამი წონითი კატეგორიის ჩემპიონ ადამ ოქრუაშვილის პატივსაცემად დაუკრეს. ქართველმა მძიმეწონოსანმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე დამაჯერებლად მოიგო და ოქროს მედალთან ერთად 300 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა. პოდიუმზე ოქრუაშვილთან ერთად ლევან მატიაშვილიც ავიდა, რომელმაც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ქართველი ძიუდოისტები წილისყრამ პირველ წრეში დაასვენა და საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთნენ.

ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ადამ ოქრუაშვილს პირველ მეტოქედ ებრაელი ორ სასონი ერგო და მართალია საქმე მეტოქის შებოჭვით მოამთავრა, მაგრამ გადამწყვეტ ილეთამდე ერთი წუთით ადრე გვარიანად აანერვიულა გულშემატკივრები, როდესაც ვაზარით ჩამორჩა. მეოთხედფინალში ოქრუაშვილი ბრიტანელ კრისტოფერ შერინგტონს დაეჭიდა, რომელთანაც ორიოდ კვირის წინ, ჰავანას გრან პრიზე სუფთად წააგო. უნგრულ ტატამზე რევანში ილეთის გარეშე, ოთხი გაფრთხილებით აიღო.

ჰავანას ტურნირზე ადამ ოქრუაშვილი რეპეშაჟის ფინალში უნგრელ ბარნა ბორთან დამარცხდა და ბუდაპეშტში მასაც გადაუხადა სამაგიერო. თან გაცილებით შთამბეჭდავად, ვიდრე შერინგტონს - ნახევარფინალში მესამე წუთის ბოლოს ბორი ვაზარზე დააგდო, მაგრამ ეს უპირატესობა არ იკმარა და სუფთა გდებაც მალევე შეუსრულა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ადამ ოქრუაშვილმა ლიტველი მარიუს პასკევიჩუსი მესამე წუთის ბოლოს შებოჭვაზე დაიჭირა და სუფთად მოსაგებად ოთხი წამი დააკლდა. შესაბამისად, მეტოქეს ვაზარი აართვა და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

ქართველი ჩემპიონისგან ნახევარფინალში გამწარებული მასპინძელი ბარნა ბორი მოგვიანებით მატიაშვილმაც შეარცხვინა - “ბრინჯაოს ფინალში” მეორე წუთის მიწურულს შესრულებული ეფექტური იპონით.

ბორთან დაჭიდებამდე ლევან მატიაშვილმა სამი შეხვედრა ჩაატარა. ძირითად ბადეში მერვედფინალში ავსტრიელი დანიელ ალერშტოფერი მეოთხე წუთზე გააკრა ბეჭებით ტატამს. მეოთხედფინალში რუს ანდრეი ვოლკოვთან იუკოს უპირატესობა მხოლოდ ნახევარი წუთით შეინარჩუნა, ვიდრე მეტოქის ილეთზე არ წამოეგო და სუფთად არ წააგო. ბრინჯაოს ფრონტზე გადართულმა კი გადამწყვეტ ბრძოლამდე სლოვენიელი მატიაზ სერაჟის ვაზარით ჩამოცილება მოასწრო.

დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები 81, 90 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გამოვლინდნენ. საქართველოს დროშის ქვეშ ამ წონებში ოთხმა ძიუდოისტმა იჭიდავა და ოთხივემ დილის პროგრამით დაასრულა გრან პრიზე გამოსვლა.

პირველ ყოვლისა, ტატამზე ლევან წიკლაურის (81 კგ) დაბრუნება უნდა ვახსენოთ. ნაკრების გამოცდილ წევრს ტრავმიანობის გამო თითქმის ორი სეზონი გაუცდა და უკვე სრული დატვირთვითაც ემზადება, მაგრამ ჩვეული ფორმის აღსადგენადვარჯიშთან ერთად ალბათ რამდენიმე ტურნირიც დასჭირდება. ამჯერად წიკლაურმა მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა – ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო, შვედ რობინ პაცეკთან შეხვედრით. მე-4 წუთის ბოლომდე ძიუდოისტებმა მსაჯისგან სამ-სამი შიდო მიიღეს. შემდეგ კი პაცეკმა ვაზარი შეასრულა და გდებას შებოჭვა მიაყოლა.

100 კილოგრამში მოჭიდავე ალექსანდრე მსხალაძემაც ერთადერთხელ მოირგო კიმონო – პირველ წრეში იაპონელ რიუნოსუკე ჰაგას შეხვდა და ვაზარით წააგო.

უშანგი მარგიანმა (81 კგ) ტურნირი მასპინძელთა ერთ-ერთი ჯილას – ატილა უნგვარის ძლევით გახსნა – ქართველმა ძიუდოისტმა უილეთო შეხვედრაში გაფრთხილებებით იმარჯვა (3:1). მერვედფინალში მარგიანმა მომავალ ჩემპიონთან, რუსეთის ნაკრების წევრ ხასან ხალმურზაევთან მტკივნეული ილეთით წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

უმედლოდ დარჩენილ ქართველ სპორტსმენთაგან ყველაზე უკეთ ზვიად გოგოჭურმა (90 კგ) იჭიდავა, რომელმაც საბოლოოდ მე-7 ადგილი დაიკავა. მეორე ნომრად განთესილმა ძიუდოისტმა ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში უნგრელ მეტოქესთან – კრისტიან ტოთთან იპონით წაგებით დაასრულა. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ ხუსენ ხალმურზაევის ვაზარს ვერაფერი დაუპირისპირა. ამ ორ მარცხამდე გოგოჭურმა სერბი ალექსანდარ კუკოლჟის იუკოთი ძლევა მოასწრო.

საქართველოს ნაკრებმა უნგრულ გრან პრიზე სულ 5 მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში 44 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-2 ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, გუშინ ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ) კი ბრინჯაოს დაეუფლა.

 

ძიუდო

ბუდაპეშტის გრან პრი

კაცები

 

21 ივნისი

 

60 კგ

1 ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია)

2 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 სოფიან მილუ (საფრანგეთი)

3 ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი)

 

66 კგ

1 კენგო ტაკაიჩი (იაპონია)

2 დიმიტრი შერშანი (ბელარუსი)

3 ნიჯათ შიხალიზადა (აზერბაიჯანი)

3 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)

5 შალვა ქარდავა (საქართველო)

 

73 კგ

1 ვიქტორ სკვორტოვი (არაბეთის გაერთიანებული საემიროები)

2 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

3 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)

3 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)

 

22 ივნისი

 

81 კგ

1 ხასან ხალმურზაევი (რუსეთი)

2 სირაჟუდინ მაგომედოვი (რუსეთი)

3 რომან მუსტოპულოსი (საბერძნეთი)

3 ალენ შმიტი (საფრანგეთი)

 

90 კგ

1 დაიკი ნიშიამა (იაპონია)

2 კრისტიან ტოთი (უნგრეთი)

3 ნოელ ვან ტენდი (ჰოლანდია)

3 ხუსენ ხალმურზაევი (რუსეთი)

7 ზვიად გოგოჭური (საქართველო)

 

100 კგ

1 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)

2 რიუნოსუკე ჰაგა (იაპონია)

3 მარტინ პაცეკი (შვედეთი)

3 ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)

 

+100 კგ

1 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

2 მარიუს პასკევიჩუსი (ლიტვა)

3 ლევან მატიაშვილი (საქართველო)

3 ანდრეი ვოლკოვი (რუსეთი)

 

გუნდური ჩათვლა. კაცები

                                                 ო          ვ          ბ          V         VII

1 იაპონია                                  3          1          0          0          0

2 საქართველო                        1          2          2          1          1

3 რუსეთი                                  1          1          2          0          0

4 ჰოლანდია                               1          0          1          1          1

5 არაბ. გაერთ. საემირ.              1          0          0          0          0

0.117325