ინტერვიუები

10:20 | 9.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ადამიას აზერბაიჯანიდან წასვლა სურს

აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბ “ბაკის” ნახევარმცველი გიორგი ადამია, რომელიც ბაქოელთა რიგებში გასული სეზონის მეორე ნახევარში ჩაირიცხა, ახალი წლიდან გუნდის გამოცვლას აპირებს.
“წლის ბოლოს, კლუბთან კონტრაქტი მიმთავრდება და მინდა, ძალა სხვა გუნდში მოვსინჯო. უფრო ევროპისკენ წასვლის სურვილი მაქვს. თუმცა ჯერჯერობით, აზერბაიჯანის ჩემპიონატში ჩასატარებელ უახლოეს მატჩებზე ვარ კონცენტრირებული. “ბაკის” ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი არ მქონია. აქ საერთოდ, ახალ პირობებზე მაშინ იწყებენ ლაპარაკს, როდესაც ხელშეკრულების ვადა საბოლოოდ ამოიწურება”, - განუცხადა ადამიამ “მსოფლიო სპორტს”, როდესაც ბაქოში დავუკავშირდით.
- მიმდინარე სეზონში საკუთარი თამაშით, რამდენად კმაყოფილი ხართ?
- ჩემპიონატში ყველა მატჩი ჩავატარე და ვფიქრობ, საკმაოდ ნორმალურადაც. ზაფხულში, როდესაც გუნდი ევროტურნირებზე გამოდიოდა, არ ვიყავი სათანადო ფორმაში.
- ამირან მუჯირი, რომელმაც “ბაკის” გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა და გასული სეზონის შემდეგ, როგორც აზერბაიჯანულმა ჟურნალისტებმა, ასევე, სპეციალისტებმა საუკეთესოდ აღიარეს, მიმდინარე ჩემპიონატში ადრინდელი წარმატებით რატომ ვერ თამაშობს?
- მუჯირი ჩვეულებრივად ვარჯიშობს და კარგ ფორმაშია. რამდენიმე თამაშიც ჩაატარა. თუმცა, წინა სეზონისგან განსხვავებით, მოედანზე გასვლა ისე ხშირად არ უწევს. როგორც იცით, მწვრთნელის გადასაწყვეტია - ვის ათამაშებს და ვის არა.
- რით ახსნით, რომ მოქმედი ჩემპიონი “ბაკი”, მიმდინარე სეზონში არასტაბილურად გამოდის?
- ჩემპიონები რომ გავხდით, ზაფხულში 9 ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ და შემადგენლობა რადიკალურად შეიცვალა. ვიდრე შევთამაშდით, საკმაოდ გაგვიჭირდა და მთავარი მწვრთნელი ჯოკიჩა ხაჯიევსკიც შეცვალეს. გუნდის არასტაბილურ თამაშს, სწორედ ამით ავხსნი. სხვათა შორის, ახალი მწვრთნელის, ბიულენტ კორკმაზის ხელში, გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს.
- საინტერესოა, თქვენ და მუჯირმა, აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს ინტერვიუს მიცემაზე უარი რატომ უთხარით?
- აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ ინტერვიუს მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ მივცემ. ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ხშირად ზოგიერთი ჟურნალისტი ინტერვიუს, ლამის, ჩემს მაგივრად წერდა. მუჯირმაც იგივე გააკეთა.
- რით ახსნით, რომ აზერბაიჯანში ამდენი ქართველი ფეხბურთელი გამოდის?
- პირობები რომ უკეთესია, ვიდრე საქართველოში, ამას საუბარიც არ უნდა. გარდა ამისა, მაინც კავკასიაა და მენტალიტეტი მსგავსი გვაქვს. თან, ქართველები აზერბაიჯანში საკმაოდ კარგად თამაშობენ. აქაური მწვრთნელებისთვისაც ადვილია მოთამაშის შერჩევა, ვინაიდან საშუალება აქვთ მათ ადგილზე დააკვირდენ, როგორც ზაქათალის “სიმურგის” ხელმძღვანელობა იქცევა, რომელთაც გუნდი შეკრებაზე საქართველოში ხშირად ჩამოჰყავთ. იგივე, ბაქოს “ოლიმპიკი” და “ინტერი” სტუმრობენ ხოლმე თბილისში.
- ჩემპიონატის ლიდერი ბაქოს “ინტერი”, რომლის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, ოქროს მედლების მოპოვებას შეძლებს?
- “ინტერი” საკმაოდ კარგი გუნდია, მაგრამ ჩემპიონობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ვინაიდან, ნახევარი სეზონი წინაა. მითუმეტეს, რომ რეგულარული ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ, გუნდებს ექვსეულებში მოუწევთ გარკვევა - ვინ გახდება ჩემპიონი და საპრიზო ადგილის მფლობელი, აგრეთვე, ვინ დატოვებს პრემიერლიგას.

ლაშა თაბაგარი     


 

0.133607