ქართულ ჭიდაობაში 2011 წლის ფალავანი ადამ ოქრუაშვილი გახდა. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში გამართული ტურნირი ანალოგიური ფინალით და შედეგით დასრულდა, როგორც ახლახანს, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატის მძიმე წონითი კატეგორიის ჭიდაობა. ოქრუაშვილმა ზვიად ხანჯალიაშვილს სუფთა გდებით მოუგო და ფალავნის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა. მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში მირიან გონჯილაშვილმა უშანგი კოკაურს სძლია.
სულ ტურნირში 22 მოჭიდავე ჩაერთო. უმედლოდ დარჩენილთაგან ყველაზე შთამბეჭდავად ონისე ბუღაძემ იჭიდავა. იგი ტურნირს მომავალმა ჩემპიონმა დაძაბულ ორთაბრძოლაში გამოთიშა. ასევე ოქრუაშვილთან მარცხით დაკარგა ფალავნობისთვის ჭიდაობის გაგრძელების შანსი პაატა ღვინიაშვილმაც.
ადამ ოქრუაშვილმა ორგანიზატორებისგან 3 ათასი ლარი მიიღო. ხანჯალიაშვილს 2 ათასი ერგო, ხოლო გონჯილაშვილს – ათასი.
ოთარ მაღლაკელიძე