ესპანური “ლაბორალ კუტხას” ფორვარდი ადამ ჰანგა (200 სმ.) უნგრეთის ნაკრების უმთავრეს ვარსკვლავად ითვლება, ეს გუნდი კი, როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ქართველ კალათბურთელთა ერთ-ერთი მეტოქე იქნება.
ჰანგასთან ვრცელი ინტერვიუ ფიბა-ევროპას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ქართველი ქომაგისთვის კი ის ნაწილი იქნება, სადაც უნგრელი მომავალი ევრობასკეტის საკვალიფიკაციო რაუნდზე საუბრობს.
“ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ციკლში ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დავეხმარე, თუმცა, ძნელი სათქმელია, ჩემი გუნდში ყოფნის შემთხვევაში, რამე შეიცვლებოდა თუ არა.
მუხლში ტკივილს ახლაც ვგრძნობ, მაგრამ მოედანზე გავდივარ და იმედია, სეზონის დასრულების შემდეგაც მწყობრში ვიქნები. ეროვნული გუნდის მაისურით თამაში ძალიან მსიამოვნებს და მინდა, სამშობლოს დახმარება გავუწიო.
ხშირად გაიგონებთ, რომ იოლი შესარჩევი ჯგუფი შეგვხვდა, თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ. ჩეხეთს, საქართველოს და პორტუგალიას უნდა ვეთამაშოთ, რაც ძალიან ძნელი იქნება.
თუკი სახელების მხრივ ავიღებთ, საქართველო და ჩეხეთი უდავო ფავორიტები არიან, თუმცა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. როდესაც შინ ვთამაშობთ, ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია.
გასულ წლებში შესაძლებლობებზე სუსტად ვითამაშეთ და მცირედით იღბალიც არ გვწყალობდა. ახლა, რამდენიმე ახალგაზრდა კალათბურთელი შეგვემატა და თუკი თავისი სიტყვა ვეტერანებმაც თქვეს, იქნებ, მიზანს მივაღწიოთ”.
ცნობისთვის, ჰანგას მიერ აღნიშნულ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრელებმა გასული წლის აგვისტოში ითამაშეს.
მაშინ უნგრეთის ნაკრებმა ბელარუსთან ორჯერ წააგო (სტუმრად – 75:79, შინ – 61:63), სლოვაკეთთან გასვლითი შეხვედრა 67:79 დათმო, ერთადერთი გამარჯვება კი იმავე სლოვაკეთთან შინ იზეიმა – 75:43.
როგორც აღინიშნა, 2015 წლის მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდში, უნგრეთის და საქართველოს გარდა, E ჯგუფში ჩეხეთი და პორტუგალიაც ითამაშებენ. 13 აგვისტოს უნგრეთი საქართველოს შინ მიიღებს, განმეორებითი მატჩი კი 24 აგვისტოს თბილისში შედგება.