საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ოთხი მედლით დაასრულა. გუშინწინდელ მონაგარს - ჯონი ხეცურიანისა (50 კგ) და ზვიად პატარიძის (100 კგ) ოქროებს და ნიკოლოზ ჭიკაიძის (63 კგ) ბრინჯაოს გუშინ ლერი აბულაძემ (46 კგ) ვერცხლი მიამატა.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამდე ქართველ ჭაბუკს რუსეთის ნაკრების წევრ ვიქტორ ვედერნიკოვის ძლევა დააკლდა. ფინალამდე აბულაძე ისე მივიდა, არც ერთი მეტოქისთვის უმცირესი შანსიც კი არ მიუცია: ინდოელ რავინ რავინს 8:0 მოუგო, ხოლო ირანელ ნასერპურ პუიასა და მოლდოველ მიხაილ პეტიჩს – 9:0. გადამწყვეტ შეხვედრაში კი დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
გუშინვე, მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები კიდევ ოთხ წონით კატეგორიაში: 42, 69, 76 და 85 კილოგრამებში გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრებს მონაწილე ოთხივე წონაში ჰყავდა, მაგრამ... ირაკლი ძიმისტარაშვილმა (42 კგ), დემურ ქავთარაძემ (69 კგ), გურამ ხეცურიანმა (76 კგ) და დავით გოგიძემ (85 კგ) მსოფლიოს პირველობაზე გამოსვლა დილის პროგრამაში დაასრულეს.
ირაკლი ძიმისტარაშვილი პირველსავე წრეში დამარცხდა რუსეთის ნაკრების წევრ ატმირ კოცევთან (2:9). ეს უკანასკნელი ფინალამდე მივიდა და ქართველ მსუბუქწონოსანს ბრინჯაოს გზა გაეხსნა, მაგრამ იქაც უმალ წააგო, უნგრელ იშტვან ვანზასთან (0:8).
დემურ ქავთარაძისთვის დაუძლეველი ბარიერი თურქი მურატ ოზქანი აღმოჩნდა (1:10). გურამ ხეცურიანისთვის – ყაზახი იელდოს მაგზუმოვი (0:8), ხოლო დავით გოგიძისთვის – ყირგიზი კალიდინ ასიკეევი (4:10).
ქავთარაძე და ხეცურიანი სლოვაკურ ხალიჩაზე მხოლოდ თითოჯერ გავიდნენ. გოგიძემ კი ასიკეევთან წაგებამდე ეგვიპტელი აჰმედ ასან ალის ძლევა მოასწრო.
დღეს და ხვალ მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორებს გოგონები გამოავლენენ. შეჯიბრების ბოლო ორ დღეს – 19-20 ივლისს კი ხალიჩა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკებს დაეთმობათ.
აქვე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სლოვაკური განაცხადიც:
42 კგ - გიორგი ხაჩიძე
46 კგ - თეიმურაზ ვანიშვილი
50 კგ - ალექსანდრე კილაძე
54 კგ - შმაგი თოდუა
58 კგ - მამუკა ჩაჩუა
63 კგ - ივერი ჯულაყიძე
69 კგ - ნიკა კენჩაძე
76 კგ - მექი სიმონია
85 კგ - მოგელი მეზვრიშვილი
100 კგ - გივი მაჭარაშვილი