ჭიდაობა

9:44 | 26.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

აბსოლუტური ლიდერი საგარეჯოში გამოიკვეთება

დღეს საგარეჯო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს აბსოლუტურ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, ტურნირი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის, არსენ მეკოკიშვილის სახელობის იქნება და სავარაუდოდ ტრადიციულიც გახდება. აქედანვე ცნობილია, რომ პირველი აბსოლუტური ჩემპიონი ნაკრების მძიმე წონითი კატეგორიის ლიდერი გახდება და ბაქოში 13-14 აპრილს ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატის საგზურსაც ავტომატურად გაინაღდებს.
მომავალი ტურნირის უმთავრესი ინტრიგა ხალიჩაზე დავით მოძმანაშვილისა და ლუკა კურტანიძის დაბრუნება იქნება. მოძმანაშვილი 2008 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, მაგრამ რამდენიმე კვირაში სისხლში აკრძალული პრეპარატის აღმოჩენის გამო საერთაშორისო ფედერაციამ ტიტული ჩამოართვა და 2-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ევროპის 5-გზისა და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი კურტანიძე კი დაახლოებით ერთი წელი ტურნირებზე გამოსვლისგან თავს იკავებდა, მაგრამ ვარჯიში არ შეუწყვეტია. აქტიურ სპორტულ კარიერას სავარაუდოდ ზაფხულში დაასრულებს, ვახტანგ ბალავაძის სახელობის თბილისის საერთაშორისო ტურნირზე, მაგრამ თუ ნაკრების ლიდერობა დაიბრუნა, ეგებ შემოდგომაზე გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზეც გავიდეს ხალიჩაზე საქართველოს დროშის ქვეშ.
გუშინ ვაკის ფალავანთა კლუბში აბსოლუტური ჩემპიონატის მონაწილეთა აწონვა და კენჭისყრა გაიმართა. სულ 14 მოჭიდავე შეიკრიბა და ორგანიზატორებმა ტურნირის ოლიმპიური სისტემით ჩატარება გადაწყვიტეს. 12 მოჭიდავე მერვედფინალით დაიწყებს, 2 იღბლოანი კი პირველ წრეში დაისვენებს და შეჯიბრში მეოთხედფინალიდან ჩაერთვება.
დავით მოძმანაშვილი და ლუკა კურტანიძე ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ და თუ ორ-ორ მეტოქეს ჩამოიშორებენ, ნახევარფინალში ერთმანეთს დაეჭიდებიან. მოძმანაშვილი ჩემპიონატს ზვიად მეტრეველთან შეხვედრით გახსნის, კურტანიძე – ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატ ლევან ბერიანიძეს დაუპირისპირდება. იმავე ბადეშია საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი კობა კერესელიძე. ასევე ფრიდონ ბეჟიტაშვილი, მიხეილ ჩიქოვანი და ვალერი გზირიშვილი.
ფინალის მეორე საგზურისთვის 6 მძიმეწონოსანი იბრძოლებს. ნაკრების ყოფილი წევრი ალექსი მოდებაძე და გიორგი ქართველიშვილი კენჭისყრამ პირდაპირ მეოთხედფინალში განთესა და ერთმანეთს შეახვედრა. ამ წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში გიორგი ნიკურაძეს, გიორგი მარტიაშვილს, ჯემალ ტყეშელაშვილსა და ლევან სეთურიძეს შორის საუკეთესოს დაეჭიდება.
აბსოლუტურ პირველობას საქართველოს შარშანდელი ჩემპიონი დავით ოთიაშვილი და პერსპექტიული ახალგაზრდა, წლევანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი კვირჭიშვილი დააკლდებიან. ხელი ორივეს ტრავმამ შეუშალა. არადა წინასატურნირო მოსამზადებელი შეკრება დუშეთში ორივემ თითქმის სრულყოფილად გაიარა. საგარეჯოს ხალიჩაზე ვერც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი საკანდელიძე გავა, რომელიც ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად რიგაში გაემგზავრა, საერთაშორისო ტურნირზე.
აბსოლუტური პირველობის წინასწარი შეხვედრები საგარეჯოს სპორტის სასახლეში 12 საათიდან დაიწყება. ჩემპიონ-პრიზიორები კი 15 საათისთვის გამოვლინდებიან.

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.116714