ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე მედლები ერთ წონით კატეგორიაშიღა დარჩა გასათამაშებელი. ქართული შვიდეულის ექვსმა წევრმა უშედეგოდ იჭიდავა. ბოლო იმედად კი, გუნდის ლიდერი მანუჩარ კვირკველიაღა (74 კგ) რჩება, რომელიც საქმეში დღეს ჩაერთვება.
გუშინ ჩემპიონ-პრიზიორები 60, 84 და 120 კილოგრამებში გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით რევაზ ლაშხმა, ვლადიმერ გეგეშიძემ და გურამ ფერსელიძემ იჭიდავეს. კვარცხლბეკზე ასვლის ყველაზე რეალური შანსი ლაშხს მიეცა მაგრამ მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.
60 კილოგრამში მოჭიდავე ქართველმა, პირველ წრეში, თურქ აბდულსამეტ უგურლისთან შეხვედრა, წაგებული პირველი სეტის შემდეგ შეატრიალა სათავისოდ. ლიტველ ედგარას ვენსკაიტისს შედარებით იოლად გასცდა. მეოთხედფინალში კი იაპონელ რიუტარო მაცუმოტოსთან მე-3 სეტში დამარცხდა და ოქრო-ვერცხლზე ფიქრიც დაასრულა. ცოტა ხანში, მაცუმოტო ფინალში გავიდა და ლაშხი რეპეშაჟში გაიყოლა. უკრაინის სახელით მოჭიდავე ლენურ ტემიროვის ძლევით, საქართველოს ნაკრების წევრმა “ბრინჯაოს ფინალში” ჭიდაობის უფლება მოიპოვა, იქ კი სამხრეთკორეელ ჯი-იუნ იუნგთან ვეღარას გახდა და საბოლოოდ, მე-5 ადგილი დაიკავა.
ვლადიმერ გეგეშიძემაც წაგებული სეტით გახსნა ჩემპიონატი, სომხეთის სახელით მოჭიდავე დენის ფოროვთან, მაგრამ მაინც იმარჯვა. იაპონელი ნორიკაცუ საიკავა უპრობლემოდ ჩამოიცილა და მერვედფინალში გავიდა, სადაც კუბელ პაბლო ენრიკე შორეი ჰერნანდესთან დაძაბულ სამსეტიან ბრძოლაში წააგო. ამ უკანასკნელის ფინალში გასვლის შემდეგ, დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, მაგრამ უმალ წაიფორხილა, ყაზახ ალხაზურ ოზდიევთან.
გურამ ფერსელიძესთვის ამერიკელი დრემიელ დეშონ ბაიერსი აღმოჩნდა დაუძლეველი ბარიერი და რადგან ეს ამერიკელი ნახევარფინალს ვერ გასცდა, ქართველი მძიმეწონოსანი ჩემპიონატს დაემშვიდობა. პირველ-მეორე წრეში ფერსელიძემ სერბი მილოშ სპასიჩი და ყირგიზი მურატ რამონოვი ჩამოიშორა.
გუშინ საღამოს 74 კილოგრამის წილისყრა შედგა. კვირკველია შეჯიბრში მე-2 წრიდან ჩაერთვება, კუბელ მაილი რაულ კონსეგრა პანფესთან შეხვედრით. გამარჯვების შემთხვევაში კი, მერვედფინალში, ხორვატ ნევენ ზუგაჟსა და ებრაელ ილია შაფრანს შორის საუკეთესოს დაეჭიდება. სატურნირო ბადეში ქართველის მხარეს მოხვდა მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი, თურქი სელჩუკ ჩები. მისი და კვირკველიას გზები მეოთხედფინალში იკვეთება.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
მსოფლიოს ჩემპიონატი
მოსკოვი. 7 სექტემბერი
60 კგ
1 ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი)
2 რიუტარო მაცუმოტო (იაპონია)
3 ჯი-იუნ იუნგი (სამხრეთ კორეა)
3 ალმატ კეპისპაიევი (ყაზახეთი)
84 კგ
1 ხრისტო მარინოვი (ბულგარეთი)
2 პაბლო ენრიკე ჰერნანდესი (კუბა)
3 ნანედ ზუგაჟი (ხორვატია)
3 ალექსეი მიშინი (რუსეთი)
120 კგ
1 მიხაინ ნუნეს ლოპესი (კუბა)
2 იური პატრიკეევი (სომხეთი)
3 რიზა კაიაალპი (თურქეთი)
3 ნურმუხან ტინალიევი (ყაზახეთი)
ოთარ მაღლაკელიძე