ჭიდაობა

19:14 | 10.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

აბსოლუტურ ჩემპიონატს მეკოკიშვილის სახელი დაერქმევა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონატი 24 მარტს, სავარაუდოდ საგარეჯოში გაიმართება. ინფორმაცია “მსოფლიო სპორტს” ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ მიაწოდა.
“აბსოლუტური ჩემპიონატი ოლიმპიური (1952) და მსოფლიოს (1954) ჩემპიონის, არსენ მეკოკიშვილის სახელობის იქნება. ამ საკითხზე უკვე ვისაუბრეთ და გადაწყვეტილებაც მიღებულია. ისიც თითქმის გადაწყვეტილია, რომ ტურნირი საგარეჯოში ჩატარდება. მონაწილეთა აწონვა კი შეჯიბრის წინა დღეს – 23 მარტს, თბილისში, ფალავანთა კლუბში შედგება. ჯერ ვერ გეტყვით, აბსოლუტური პირველობა ტრადიციული გახდება თუ არა, რადგან მომავალი ჩემპიონატი სულ სხვა დატვირთვის გამო დაიგეგმა. მოგეხსენებათ, მძიმეწონოსან დავით მოძმანაშვილს 2-წლიანი დისკვალიფიკაციის ვადა ეწურება და ნაკრებში დასაბრუნებლად იგი შიდა კონკურენციაში სწორედ ამ ტურნირით უნდა ჩაერთოს, რადგან 13-18 აპრილს, ბაქოში ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატამდე სანაკრებო გეგმაში მხოლოდ შეკრებებიღაა დარჩენილი. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რამდენი მოჭიდავე გავა ხალიჩაზე. თუ რაოდენობა 10-ის ფარგლებში იქნა, არ გამოვრიცხავ, ყველა ყველას შევახვედროთ, საუკეთესოს გამოსავლენად. შესაძლოა ჯგუფებიც შევადგინოთ” – განაცხადა ჯორბენაძემ.
თითქმის გადაწყვეტილია ისიც, რომ აბსოლუტური ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, საკმაოდ დიდი სატურნირო პაუზის შემდეგ, ლუკა კურტანიძეც ჩაერთვება. მსოფლიოს 2-გზისა და ევროპის 5-გზის ჩემპიონი საქართველოს ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადება.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.139337