კატალონიის “ბარსელონას” მარცხენა მცველი ერიკ აბიდალი, დაახლოებით ერთწლიანი შესვენების შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა. 33 წლის ფრანგმა უკანახაზელმა “ბარსა ბ”-ს ამხანაგურ მატჩში ითამაშა.
იმ დროს, როდესაც “ბარსელონას” პირველი გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელი ნაკრებშია გამოძახებული, ერიკ აბიდალი, ჯონათან დოს სანტოსი და ხოსე მანუელ პინტო კატალონიელთა მე-2 გუნდთან ერთად ვარჯიშობენ. დღეს, “ბარსა ბ” საფრანგეთის ლიგა ორში მოთამაშე “ისტრს” ამხანაგურად გაეჯიბრა. შეხვედრაში მონაწილეობა აბიდალმაც მიიღო, რომელმაც მოედანზე 65 წუთი დაჰყო. ეს იყო ფრანგი მცველის პირველი თამაში 2012 წლის თებერვლის შემდეგ. როგორც იცით, მან სიმსივნით დაავადებულ ღვიძლზე ოპერაცია გაიკეთა.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის ითამაშებს აბიდალი ოფიციალურ მატჩში. მან ექიმებისგან თამაშის ნებართვა 21 თებერვალს მიიღო, მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ ფეხბურთელი სათანადო ფიზიკურ ფორმაში ჯერ არაა. ცოტა ხნის წინათ “ბარსას” ექიმების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, შორს არაა ის დრო, როდესაც აბიდალი ოფიციალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.