ლიეჟის საერთაშორისო ტურნირის პირველ მატჩში ქართველი 16-წლამდელები ბოლო მეოთხედამდე უგებდნენ მასპინძელ ბელგიელებს, მაგრამ გადამწყვეტ პერიოდში ვეღარ იყოჩაღეს და 6 ქულით – 61:67 დამარცხდნენ.
გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ქართველმა კალათბურთელებმა პირველი პერიოდი 19:13 მოიგეს. ჩვენს გუნდს დაუბრუნდნენ ტრავმირებულები – გიგი გოგობერიშვილი, გიორგი ცირეკიძე, ბილი ალიევი და ზურა კერესელიძე, თუმცა ამ ბოლო ორმა მცირე ხნით ითამაშა.
საქართველოს ნაკრებში 2 მოთამაშე გამოირჩეოდა – ლევან გოგალაძე და ვილი ისიანი. ამ უკანასკნელმა 12 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა, თუმცა ისიანმა ბევრი სროლა ააცილა: 10-დან მხოლოდ 2 ორქულიანი ჩააგდო.
ბელგია ტურნირის სხვა მონაწილეთაგან განსხვავებით A დივიზიონის წევრია და შესაბამისად, ძლიერ გუნდად ითვლება. მეორე პერიოდში მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს, თუმცა დიდი შესვენებისთვის ქართველები მაინც ინარჩუნებდნენ ლიდერობას – 37:35.
მესამე პერიოდში კაზანჯიანის გუნდმა 17:12 იმარჯვა და ბოლო ათწუთეულის წინ 7 ქულით დაწინაურდა. გადამწყვეტ მეოთხედში კი მასპინძლებმა მაინც თავისი გაიტანეს, რაშიც, რა გასაკვირია და, ნაწილობრივ ბელგიელი მსაჯები დაეხმარნენ.
უკანასკნელ პერიოდში 5 პერსონალურის გამო მოედანი დატოვა გოგალაძემ, რაც დიდი დანაკლისი იყო. საქართველომ პერიოდი 7:20 დათმო და ამასთან ერთად შეხვედაც წააგო.
2 აგვისტოს ქართველი 16-წლამდელები შვეიცარიას შეხვდებიან.
16-წლამდელები. საერთაშორისო ტურნირი. ბელგია. ლიეჟი. 1 აგვისტო
ბელგია – საქართველო 67:61 (13:19, 22:18, 12:17, 20:7)
საქართველო: გოგალაძე (14 ქ, 6 მ), გოგობერიშვილი (6), ლომიძე, (9), გიორგაძე (4 ქ, 11 მ), ისიანი (12 ქ, 15 მ, 6 დ); ალიევი, კერესელიძე (3), ცქიფურიშვილი (2), თვალაბეიშვილი (2), ცირეკიძე (5), სხირტლაძე (2), აფხაზავა (2).
www.gbf.ge