ამბობენ თავდასხმა საუკეთესო თავდაცვა არისო... მოედანზეც ამინდს ძირითადად შემტევი სტილის მოთამაშეები ჰქმნიან და გულშემატკივრებიც მათგან ყოველ თამაშზე გოლს, საგოლე პასსა თუ რაიმე განსაკუთრებულს ელიან.
დღეს გადავწყვიტეთ, რამდენიმე ევროპული კლუბის შეტევის ხაზი გამოგვერჩია, რომლებიც თავიანთ ჩემპიონატებსა თუ ევროტურნირებზე ფეხბურთის მოყვარულებს თავს ადვილად ამახსოვრებენ.
სტატიაში შეყვანილი იქნება ჩვენეული ხედვით დღესდღეობით ათი ყველაზე საინტერესო შემტევი ტრიო. შემტევ სამეულებში შეყვანილი არ გვყავს მხოლოდ ფორვარდები, ვინაიდან არიან ნახევარმცველებიც, რომლებიც ხსენებულ ფორვარდებს საგოლე გადაცემებით ხშირად ამარაგებენ. დანარჩენს უფრო დაწვრილებით ქვემოთ გაეცნობით.
“პორტუ” (პორტუგალია): ხუან კუინტერო-ადრიან ლოპესი-ჯექსონ მარტინესი
პორტუგალიური გუნდი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებულად საინტერესო შეტევის ხაზით. გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონია. “დრაკონების” მთავარი ბომბარდირი კოლუმბიელი ჯექსონ მარტინესია, რომელზეც ევროპულ გრანდებს ტაციაობა უკვე კარგა ხანია გაჩაღებული აქვთ. მარტინესს კარგად ეხმარებიან მის უკან მდგომი ორი ფეხბურთელი, თანამემამულე ხუან კუინტერო და ესპანელი ადრიან ლოპესი. “პორტუ” მათი თაოსნობით ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში დაუბრკოლებლად გავიდა და შიდა ჩემპიონატშიც ოქროს მედლებისთვის იბრძვის.
“არსენალი” (ინგლისი): ალექსის სანჩესი-დენი უელბეკი-ოლივიე ჟირუ
ლონდონური კლუბის შემტევი ტრიოს აქ მოხვედრა დიდწილად ჩილელი ალექსის სანჩესის დამსახურებაა. ალექსისმა “მეთოფეებს” ახალი სისხლი გადაუსხა და მათი შეტევა გაცილებით კარგი საყურებელი გახადა. ურიგოდ არც მეორე ახალწვეული დენი უელბეკი გამოიყურება. ყოფილმა მანჩესტერელმა ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეძლო. მათ გვერდით ფრანგი ოლიე ჟირუცაა, რომელიც ცენტრფორვარიდსთვის დამახასიათებელი გოლეადორობით წლეულს თავს ვერ გვაწონებს, მაგრამ თავის მეწყვილეებს თავისუფალ ზონებს ხშირად უტოვებს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია.
“ატლეტიკო” (ესპანეთი): არდა თურანი-მარიო მანჯუკიჩი-ანტუან გრიზმანი
წინა წელთან შედარებით “ატლეტიკოს” შეტევა შემსრულებლების მხრივ განსხვავებულია, მაგრამ ძირეულად არაფერი შეცვლილა. ფრანგი ანტუან გრიზმანი გუნდს კარგად შეერწყა, ისევე როგორც ხორვატი მარიო მანჯუკიჩი. გრიზმანმა წლეულს “ლა ლიგაში” უკვე რვაჯერ დაამწუხრა მეტოქეები, რაც ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელისთვის საკმაოდ კარგი შედეგია. “როხიბლანკოს” შეტევების მთავარი სულისჩამდგმელი კი ისევ და ისევ თურქი არდა თურანია. არდა ძირითადად თანაგუნდლების პასებით მომარაგებაზეა კონცენტრირებული და ეს საქმე კარგადაც გამოსდის. მადრიდული გუნდი მათი დიდი დამსახურებით წარმატებით ასპარეზობს, როგორც პრიმერაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე.
“მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი): ანხელ დი მარია-უენი რუნი-რობინ ვან პერსი
ინგლისურმა გრანდმა შესანიშნავი თავდასხმის ხაზი შეკრიბა. იმდენად კარგი, რომ მასში რადამელ ფალკაოს ადგილი ვერ მოვუძებნეთ. ანხელ დი მარია ჯერჯერობით ამართლებს მასში გადახდილ კოლოსარულ თანხას და “წითელი ეშმაკების” ლიდერად გვევლინება. ლუის ვან გაალის გუნდის წარმატება ბევრადაა დამოკიდებული გუნდის კაპიტან უეინ რუნიზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამთამაშებლობასაც არ თაკილობს. პრემიერლიგაში საკუთარ თანაგუნდელებში ყველაზე მეტჯერ სწორედ “შრეკმა” იხეირა, ჰოლამდიელ რობინ ვან პერსისთან ერთად. ვან პერსი კი კვლავაც “მანკუნიანელთა” მთავარ ფორვარდად გვევლინება და კოლუმბიელი ფალკაო ჯერჯერობით მის ჩრდილშია მოქცეული.
“მანჩესტერ სიტი” (ინგლისი): დავიდ სილვა-სერხიო აგუერო-ედინ ჯეკო
ათეულში უდაოდ იმსახურებს ყოფნას მეორე მანჩესტერული კლუბის შემტევი სამეული. დავიდ სილვას ჭკვიანურ და დაფიქრებულ თამაშზე, რომ “სიტის” თამაშის წარმართვა დიდაა დამოკიდებული არახალი ამბავია. ესპანელი ამ ფუნქციებს თავს კარგად ართმევს. ბოსნიელი თავდამსხმელი ინგლისში ისეთი შედეგიანობით ვერ გამოირჩევა, როგორც ბუნდესლიგაში იყო, მაგრამ ჯეკოს გუნდისთვის მნიშვნელოვანი როლის თამაში ჯერ კიდევ ხელეწიფება. და მაინც, “სიტის” მთავარი დამრტყმელი ძალა არგენტინელი სერხიო აგუეროა. აგუეროს პრემიერლიგაში 14 გოლი აქვს გატანილი, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლასაც მანუელ პელეგრინის გუნდი მას უნდა უმადლოდეს. მიუნხენის “ბაიერნს” ერთ თამაშში სამჯერ გაუტანა. როდესაც მოედანზე “კუნია” “ქალაქელთა” თამაშისგან გულშემატკივრებს სხვა მოლოდინი აქვთ.
“პარი სენ ჟერმენი” (საფრანგეთი): ეზეკიელ ლავეცი-ზლატან იბრაჰიმოვიჩი-ედინსონ კავანი
ამბიციურ პსჟ-ს შეტევაში საოცარი ფეხბურთელები ჰყავს. საკმარისია თუნდაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის გვარის გაგება, ამათ დამატებული ედინსონ კავანი და ეზეკიელ ლავეცი ნებისმიერ გუნდს შიშის ზარს დასცემს. ამის ფონზე უცნაურია, რომ პარიზული გრანდი ლიგა 1-ში წარუმატებლად თამაშობს. გაცილებით კარგად გამოვიდა ლორან ბლანის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მერვედფინალის საგზური უპრობლემოდ მოიპოვა. გუნდის მთავარი ფიგურები კი იბრაჰიმოვიჩი და კავანი არიან. ორივეს ერთად წლეულს საფრანგეთის ჩემპიონატში 15 გოლი აქვთ შეგდებული. წესითა და რიგით პსჟ-მ თავისი თავდასხმის ხაზის მეშვეობით შედეგები ნელ-ნელა უნდა გააუმჯობესოს.
“ბაიერნი” (გერმანია): არიენ რობენი-ტომას მიულერი-რობერტ ლევანდოვსკი
გერმანულ გიგანტს იმდენი კარგი შემტევი ჰყავს, დიდხანს ვფიქრობდით ვინ უნდა დარჩენილიყო სამეულს მიღმა. თუმცა ჩვენი მოსაზრებით, არიენ რობენი, ტომას მიულერი და რობერტ ლევანდოვსკი სხვებზე უკეთ გამოიყურებიან. ლევანდოვსკი ისეთი შედეგიანობით ჯერჯერობით ვერ გამოირჩევა, როგორც “დორტმუნდში”, მაგრამ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ნამდვილადაა. ტომას მიულერს გარდა იმისა, რომ გოლებს იტანს, არც სხვა ფუნქციების შეთავსება უძნელდება და არც შავი სამუშაოს შესრულებას თაკილობს. ამ თვისებებით მიულერი ყოველთვის გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ გარემარბის პოზიციაზე თამაშობს, გუნდის მთავარი მეგოლე ბუნდესლიგაში ჰოლანდიელი არიენ რობენია. რობენი მარჯვენა ფლანგზე მეტოქე მცველებისთვის ნამდვილი ქარბობალასავითაა. 30 წლის არიენმა გერმანიის ჩემპიონატში 10-ჯერ იხეირა.
“ჩელსი” (ინგლისი): ედენ აზარი-სესკ ფაბრეგასი-დიეგო კოშტა
ჟოზე მოურინიოს გუნდის ნამდვილ მგეზავად ესპანელი სესკ ფაბრეგასი იქცა. “ბარსელონას” ვერ შერწყმული მსოფლიოს ჩემპიონი “ჩელსის” საოცრად კარგად და ადვილად მოერგო. პრემიერლიგაში იგი საუკეთესო ასისტმენია. სესკმა თანაგუნდელებს გადამწყვეტ ეპიზოდში 14-ჯერ უპასა, ამას თუ ჩემპიონთა ლიგის 4 ასისტსაც დავუმატებთ, მივხდებით თუ რამდენად დიდი ძალაა ლონდონური გუნდისთვის ფაბრეგასი. არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბელგიელი ედენ აზარი. აზარმა პრემიერლგაში 8 გოლი გაიტანა და 4-ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა. გუნდის მთავარი ბომბარდირი ნატურალიზებული ესპანელი დიეგო კოშტაა. “ატლეტიკოს” ყოფილმა ლიდერმა ინგლისურ ლიგაში 15 გზის გაიტანა. დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს ციფრი უფრო დიდი ყოფილიყო, რომ არა ტრავმა, რის გამოც დიეგო კოშტას რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუხდა. ასეთი ტრიოს ხარჯზე ჟოზე მოურინიოს გუნდს თავისუფლად შეუძლია იფიქროს, როგორც პრემიერლიგურ ოქროს მედალზე, ისე ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე.
“ბარსელონა” (ესპანეთი): ლუის სუარესი-ლიონელ მესი-ნეიმარი
კატალონიის “ბარსელონას” შემტევი ტრიო განსაკუთრებულად შთამბეჭადავად მათი სახელბის გაგონებაზე გამოიყურება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათგან ბევრი გულშემატკივარი გაცილებით მეტს ელოდა. განსაკუთრებით ეს ლუის სუარესზე ითქმის, რომელიც ჯერჯერობით თავის აჩრდილს ჩამოჰგავს. თუ ნეიმარსა და მესის “ლა ლიგაში” ჯამში 26 გოლი აქვთ გატანილი, ურუგვაელმა მხოლოდ ერთხელ იხეირა. ლიონელ მესი ბევრის მოსაზრებით, ძველებურად ვერ ბრწყინავს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, - მან წლეულს დაამხო ტელმო ზარასა და რაულის რეკორდები. საქმე ეხება პრიმერადივიზიონისა და ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის მეგოლეობას. სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და შესაბამისად მათგან კიდევ ბევრის მოლოდინში უნდა ვიყოთ.
“რეალი” (ესპანეთი): კრიშტიანუ რონალდუ-ქარიმ ბენზემა-გარეთ ბეილი
მადრიდის “რეალის” თავდასხმის ხაზი დღეს შეუდარებელად ბრწყინავს. პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუსთვის იშვიათობა გახდა ისეთი მატჩი, რომელსაც იგი უგოლოდ დატოვებს. რონალდუს მარტო პრიმერაში უკევ 26 გოლი აქვს გატანილი. შედეგიანად თამაშობენ ფრანგი ქარიმ ბენზემაც და უელსელი გარეთ ბეილიც. სამივე ფეხბურთელის ჯამური გოლების რაოდენობა ესპანეთის ჩემპიონატში 42-ს უტოლდება! აქ ვგონებთ, სხვა რამის დამატება ზედმეტიც კი იქნება.
ბოლოსკენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ დღეს ბევრი ჩვენგანი ამ ფეხბურთელების გამო უყურებს ფეხბურთს, რადგან მათგან რაიმე არაორდინალურს, განსაკუთრებულს და რაც მთავარია – გოლს ველოდებით.