ბრაზილია 2014

13:58 | 11.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსის ესპანეთის წინააღმდეგ ტრავმით უთამაშია

ჰოლანდიის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი რობინ ვან პერსი ხამეს როდრიგესთან და ირლანდიელ ქალ სტეფენ როუჩთან და ერთად 2014 წლის საუკეთესო გოლის ავტორობისთვის იბრძვის. 12 იანვარს ციურიხში გასამართ დაჯილდოებაზე ჰოლანდიელს შესაძლოა ფერენც პუშკაშის სახელობის საპატიო პრიზი გადაეცეს.

დაჯილდოებამდე ერთი დღეა დარჩენილი, რობინ ვან პერსის შესახებ კი საინტერესო რამ გაირკვა. თურმე 2014 წლის მუნდიალზე ჰოლანდიელ ფეხბურთელს საზარდულის ტრავმით უთამაშია. ვან პერსი აცხადებს, რომ მუნდიალამდე ტრავმით იმედგაცრუებული იყო, თუმცა ვან გაალთან შეთანხმებით ფეხბურთელის დაზიანება საიდუმლო გახადეს.

“როდესაც რიო დე ჟანეიროში ჩავფრინდი, ტრავმის გამო ძალიან ვწუხდი. გასული სეზონის ბოლოს რამდენიმე კვირა გამიცდა და სარეაბილიტაციო პერიოდი მქონდა. უელსის წინააღმდეგ საზარდულის ტრავმა მივიღე და სერიოზული დაზიანება მქონდა. ამის გამო ლამის აგონიაში ჩავვარდი. ესპანეთთან დაპირისპირებამდე ვან გაალს ვუთხარი, რომ თამაში 90 წუთით მინდოდა, თუმცა ამას ვერ შევძლებდი. მწვრთნელმა გადაწყვიტა, ტრავმა საიდუმლოდ დაგვეტოვებინა, რადგან გუნდში ბევრი გამოუცდელი ფეხბურთელი იყო. მსოფლიოში არავინ იცოდა, რომ ტრავმირებული ვიყავი.

როდესაც ესპანეთს შესანიშნავი გოლი გავუტანე, მაშინ მთელი სტადიონი აღფრთოვანებული იყო, მაგრამ ჩემს თავს რა ხდებოდა, არავინ იცოდა. ასეთ გოლს სხვა დროს ვეღარ გავიტან. სხვა დროს ასეთ ბურთს გავაჩერებდი, მაგრამ მაშინ სათანადო ფორმაში არ ვიყავი, გადავწყვიტე ნახტომში თავით გამეტანა და გამომივიდა კიდეც.” – განაცხადა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა.

იმ დროისთვის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ვან პერსიმ ბლინდის გადაცემის შემდეგ 44-ე წუთზე შესანიშნავი გოლით ანგარიში გაათანაბრა (1:1). “მანჩესტერის” თავდამსხმელი ამით არ დაკმაყოფილდა, რობენის და დე ვრეის გოლების შემდეგ 72-ე წუთზე ანგარიში 4:1 გახადა, საბოლოოდ კი მატჩი “ნარინჯისფერებმა” 5:1 მოიგეს. ვან გაალმა რობინის ტრავმა საიდუმლოდ დატოვა და რისკზე წავიდა, სამაგიეროდ მსოფლიომ კიდევ ერთი ლამაზი გოლი იხილა.

0.113957