ფეხბურთი

6:19 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გამოუყენებელი პენალტები იტალიაში, „რეალის“ მორიგი გასეირნება ესპანეთში და რეკორდები გერმანიაში

იტალია

იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშება გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანების სიმრავლით გამოირჩევა. 11 ტურის შემდეგ, ფეხბურთელებმა უკვე 14 პენალტი გააცუდეს. იტალიაში ასეთი რამ ბოლო 10 წლის განმავლობაში არ მომხდარა.

ასეთი სტატისტიკის უმთავრესი მიზეზი მილანის „ინტერის“ კარის დარაჯი სამირ ჰანდანოვიჩია. გასულ ტურში, „ვერონასთან“ გამართულ მატჩში, მის კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ასეთი რამ, მიმდინარე სეზონში, მესამედ მოხდა და სლოვენიელმა მეკარემ სამივე დარტყმა მოიგერია.

აღსანიშნავია, რომ ჰანდანოვიჩის მიერ მოგერიებული თერთეტმეტრიანი „ინტერს“ მოგებაში ვერც ამჯერად დაეხმარა. მილანელები 89-ე წუთამდე 2:1 იგებდნენ, მაგრამ „ვერონამ“ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ცნობისთვის, ვერონელებმა, მიმდინარე გათამაშების იმ მატჩებში, რომლებშიც მდევრის როლში იყვნენ, 7 ქულა დააგროვეს. ამაზე უკეთესი შედეგი არცერთ გუნდს აქვს.

წარუმატებელი ტური ჰქონდა მე-2 მილანურ გუნდსაც, რომელმაც ასევე 2:2 ითამაშა. ფილიპო ინძაგის გუნდის მხრიდან პირველი გოლი სტეფან ელ შაარავიმ გაიტანა. 22 წლის თავდამსხმელმა, სერია A-ში, თავი 622-დღიანი შესვენების შემდეგ გამოიჩინა.

გუნდი კიდევ ერთხელ დააღალატა დანიელე ბონერამ. 33 წლის მცველი, მიმდინარე გათამაშებაში, მოედანზე 5-ჯერ გამოვიდა. 4-ჯერ ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და უკანასკნელი 3 ასეთი თამაშიდან ორში ბონერამ წითელი ბარათი მიიღო.

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, ტურინის „იუვენტუსმა“, გოლი სერია A-ს ზედიზედ 36-ე საშინაო თამაშში გაიტანა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა, ამჯერად, „პარმა“ გამოიჭირა და როგორც „ბებერი ქალბატონისთვის“, ასევე „ჯვაროსნებისთვის“ უჩვეულო ანგარიშით, 7:0 გაანადგურა. „იუვენტუსს“, იტალიის ჩემპიონატში, ასეთი ანგარიშით 1983 წლის შემდეგ არ მოეგო, „პარმამ“ კი, სერია A-ში, 5-ზე მეტი ბურთის სხვაობით ისტორიაში პირველად წააგო.

„პარმასთან“ გამართულ შეხვედრში, დუბლით თავი სამმა ფეხბურთელმა (ლიორენტემ, ტევესმა, მორატამ) გამოიჩინა. „იუვენტუსის“ შეხვედრაში ასეთი რამ ბოლოს 1983 წელს მოხდა, როდესაც მეტოქეს 2-2 გოლი როსიმ, პლატინიმ და პენცომ გაუტანეს. სერია A-ში კი ასეთი შემთხვევა ბოლო 2004 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, როდესაც „მილანმა“ „ფიორენტინა“ 6:0 გაანადგურა, ხოლო დუბლი კრესპომ, ზეედორფმა და შევჩენკომ გაიფორმეს.

როგორც უკვე აღინიშნა, „პარმას“ ორ-ორჯერ გაუტანეს ფერნანდო ლიორენტემ და ალვარო მორატამ. სერია A-ს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ესპანელმა ფეხბურთელებმა ერთ მატჩში 4 გოლი გაიტანეს.

რაც შეეხება კიდევ ერთი დუბლის ავტორს - კარლოს ტევესმა, „იუვენტუსის“ 25 გოლიდან აქტიური მონაწილეობა 12-ში მიიღო. მან 8-ჯერ თავად გაიტანა, ხოლო 4-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

ბოლო დროს ათამაშდა გონსალო იგუაინი, რაც მის გუნდსაც დაეტყო. „ნაპოლიმ“ ფლორენციაში 1:0 იმარჯვა და ერთადერთი გოლი სწორედ არგენტინელმა შემტევმა გაიტანა. იგუაინმა თავი ზედიზედ მე-4 თამაშში გამოიჩინა, რაც მის იტალიურ კარიერაში პირველად მოხდა. ესპანეთში თამაშის დროს, მას ასეთი სერია უკანასკნელად 2011 წლის შემოდგომაზე ჰქონდა.

წარუმატებელი სერია შეწყვიტა ლევან მჭედლიძის „ემპოლიმ“. ტოსკანელებმა, „ლაციოსთან“ 2:1 მოგებულ შეხვედრაში, პირველი გოლი კუთხურიდან გაიტანეს, ხოლო მე-2 ჯარიმის გათამაშებას მოაყოლეს. „ემპოლის“ მიერ მიმდინარე გათამაშებაში გატანილი 12 გოლიდან 8, ანუ 66.7% სტანდარტს მოჰყვა. ეს კი ყველაზე მაღალი პროცენტია.

იტალიაში, ერთ-ერთი ყველაზე ძნელად პროგნოზირებადი ისაა, რომელი ფეხბურთელი გაიტანს გოლს „რომას“ მხრიდან. „ჯალოროსიმ“, მე-11 ტურში, „ტორინო“ 3:0 გაანადგურა. მიმდინარე გათამაშებაში თავიანთი ანგარიში გახსნეს ვასილის ტოროსიდისმა და სეიდუ კეიტამ, რის შემდეგაც, გოლი „რომას“ უკვე 11 ფეხბურთელს აქვს გატანილი, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

ინგლისი

გასული უქმეების ცენტრალურ დაპირისპირებად „ლივერპულისა“ და „ჩელსის“ მატჩი მიიჩნეოდა. „ენფილდი“ ის სტადიონია, რომელზეც „ჩელსის“, სტუმრის სტატუსით, ყველაზე მეტი მატჩი აქვს წაგებული. „არიტოკრატები“, პრემიერლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, ამ არენაზე 13-ჯერ დამარცხდნენ. თუმცა, გუნდების ამჟამინდელი ფორმის გათვლისწინებით, ჟოზე მოურინიოს გუნდის შინ 3 ქულით დაბრუნება გასაკვირი სულაც არ ყოფილა.

„ჩელსისთვის“ საგანგაშო არც ის ყოფილა, რომ შეხვედრის პირველი გოლი „ლივერპულმა“ გაიტანა. ლონდონელებს, პრემიერლიგის ბოლო 3 თამაში, რომელშიც პირველი გოლი თავად გაუშვეს, მოგებული ჰქონდათ. ეს ტრადიცია გაგრძელდა და პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც „ჩელსიმ“, პერმიერლიგაში, „ენფილდზე“, გოლი პირველმა გაუშვა და მაინც მოიგო.

„ჩელსი“ ის გუნდია, რომელსაც, მიმდინარე გათამაშებაში, სწრაფი გოლი ყველაზე ხშირად გააქვს. ემრე ჩანის ზუსტ დარტყმას ლონდონელებმა მე-14 წუთზე, კეჰილის გოლით უპასუხეს. ჟოზე მოურინიოს გუნდმა საწყის 15 წუთში უკვე მე-5 გოლი გაიტანა.

„არისტოკრატებს“ 3 ქულა დიეგო კოსტამ მოუტანა. ესპანელმა თავდამსხმელმა, პრემიერლიგაში ჩატარებულ მე-9 თამაშში, უკვე მე-10 გოლი გაიტანა. ამ ტურნირის ისტორიაში უკეთესი სტარტი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს, მიკი კუინს ჰქონია, რომელმაც 10 გოლი 6 თამაშში გაიტანა.

დიეგო კოსტასგან განსხვავებით, გოლების გატანას ვერაფრით ახერხებს „ლივერპულის“ ახალწვეული, მარიო ბალოტელი. იტალიელმა თავდამსხმელმა, ქვეყნის ჩემპიონატში ზედიზედ მე-13 მშრალი თამაში ჩაატარა, რაც მის კარიერაში ყველაზე წარუმატებელი სერიაა.

„ჩელსიმ“, 11 ტურის შემდეგ, უკვე 29 ქულა მოაგროვა. ამ ეტაპზე ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ 2-ჯერ დაფიქსირდებულა. 2005 წელს, უფრო მეტი ქულა თავად „ჩელსიმ“ მოაგროვა, ხოლო 2011 წელს, უკეთესი სტარტი „მანჩესტერ სიტის“ ჰქონდა. ორივე მათგანმა, იმ სეზონებში, ჩემპიონობა იზეიმა.

ქულები დაკარგა „ჩელსის“ უმთავრესმა კონკურენტმა, „მანჩესტერ სიტიმ“. მანუელ პელეგრინის გუნდი „ქუინს პარკ რეინჯერსს“ ეწვია და პირველი გოლი, რა გასაკვირია, ჩარლი ოსტინისგან გაუშვა. 25 წლის შემტევის ანგარიშზე მისი გუნდის მიერ გატანილი ბურთების 60% მოდის.

„მანჩესტერ სიტის“ გოლების 54% სერხიო აგუეროს ანგარიშზეა. არგენტინელმა თავდამსხმელმა, „ქუინს პარკ რეინჯერსთან“, დუბლი გაიფორმა. აგუერომ, პრემიერლიგის ბოლო 6 მატჩში თავი 9-ჯერ გამოიჩინა. მიმდინარე გათამაშებაში, მის ანგარიშზე უკვე 12 გოლია. პრემიერლიგის 11 ტურის შემდეგ ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ლეს ფერდინანდს ჰქონია, რომელმაც, 1995/96 წლების სეზონში, 11 ტურში მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო.

„ჩელსის“ მსგავსად, გატანილ გოლებში გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს კიდევ ერთ ლონდონურ გუნდს, „არსენალს“. თუმცა, არსენ ვენგერის შეგირდები ახალწვეულის, ალექსის სანჩესის კარგი თამაშის მიუხედავად, ქულებს ხშირად კარგავენ. ჩილელმა თავდამსხმელმა ანგარიში პრემიერლიგის ზედიზედ მე-4 თამაშში გახსნა, მაგრამ მისი გუნდი „სუონსისთან“ მაინც დამარცხდა.

„არსენალის“ კარში ორიდან ერთი გოლი თავური დარტყმის შემდე გავიდა. ლონდონელებს, მიმდინარე გათამაშებაში, სულ 13 გოლი აქვთ გაშვებული და აქედან 6 თავით დარტყმას მოჰყვა. ამაზე ცუდი შედეგი მხოლოდ ბოლოადგილოსან „ბარნლის“ აქვს, რომელსაც თავით 8-ჯერ გაუტანეს.

„არსენალმა“, მიმდინარე გათამაშებაში, უკვე 9 ქულა დაკარგა იმ მატჩებში, რომლებშიც ანგარიშში დაწინაურება მოახერხა. ამაზე ცუდი შედეგი არცერთ სხვა გუნდს არ აქვს. შედარებისთვის, ასეთ შეხვედრებში 9 ქულა „მეთოფეებმა“ პრემიერლიგის მთელს გასულ გათამაშებაში დაკარგეს.

„არსენალს“, არსენ ვენგერის მწვრთნელობის განმავლობაში (1996 წლიდან), ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სტარტი აქვს. ფრანგი სპეციალისტის ინგლისური კარიერის დროს, „მეთოფეებმა“, პრემიერლიგის პირველ 11 ტურში 17 ან ნაკლები ქულის დაგროვება მხოლოდ 2-ჯერ მოახერხეს და ეს ორივეჯერ ბოლო 3 სეზონში მოხდა. 2012/13 წლების სეზონში, 11 ტურის შემდეგ, „არსენალს“ 16 ქულა ჰქონდა, მიმდინარ სეზონში კი, ლონდონელებმა თავი 17 ქულას მოუყარეს.

მიმდინარე გათამაშების მთავარი აღმოჩენის, „საუთჰემპტონის“ მაისურით, პრემიერლიგაში, პირველი გოლები გაიტანა შეინ ლონგმა, რომელმაც „წმინდანებს“ „ლეიკესტერთან“ 2:0 მოაგებინა. 27 წლის თავდამსხმელი პრემიერლიგაში მოთამაშე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც, ბოლო 2 სეზონის განამვლობაში, გოლი 3 გუნდის მაისურით გაიტანა. ლონგმა, 2013/14 წლების სეზონის პირველი ნახევარი „ვესტ ბრომვიჩში“ გაატარა. მიმდინარე წლის იანვარში ის „ჰალ სიტიში“ გადავიდა, ხოლო გასულ ზაფხულში მან „საუთჰემპტონს“ მიაშურა. ირლანდიელმა შემტევმა თავი სამივე ამ გუნდის შემადგენლობაში გამოიჩინა.

ტრადიციული ანგარიშით დასრულდა „ტოტენჰემისა“ და „სტოკ სიტის“ დაპირისპირება. ამ გუნდებს შორის პრემიერლიგაში გამართული ბოლო 9 შეხვედრიდან ოთხში ანგარიში 2:1 იყო დაფიქსირებული. ასე მოხდა ამჯერადაც და მარკ ჰიუზის გუნდი ლონდონიდან შინ 3 ქულით დაბრუნდა.

„ევერტონთან“ მორიგი წარუმატებელი თამაში ჩაატარა „სანდერლენდმა“. ამ გუნდებს შორის პრემიერლიგაში გამართული პირველი 7 შეხვედრიდან ხუთში სწორედ „შავმა კატებმა“ იმარჯვეს, მაგრამ მომდევნო 19 დაპირისპირებიდან მათი გამარჯვებით მხოლოდ 2 დასრულდა.

ნოემბრის თვეში კარგად თამაში ტრადიციად ექცა „ნიუკასლს“. „კაჭკაჭებმა“, 2013 წლის მე-11 თვეში 4 თამაში ჩაატარეს და ყველა მათგანი მოიგეს. მიმდინარე თვეში, „ნიუკასლმა“ 2 შეხვედრა გამართა და შედეგი კვლავ ასპროცენტიანია.

ესპანეთი

ესპანეთის ჩემპიონატში წინააღმდეგობასაც ვერავინ უწევს „რეალს“, რომელმაც ზედიზედ მე-8 თამაში ადვილად მოიგო. კარლო ანჩელოტის გუნდმა „რაიო“ 5:1 გაანადგურა. მადრიდელებს, 11 ტურის შემდეგ, უკვე 42 გოლი აქვთ გატანილი. „სამეფო კლუბს“ ამაზე უკეთესი შედეგი არასდროს ჰქონია, იგივე მაჩვენებლი კი ერთადერთხელ, შორეულ 1950 წელს დაუფიქსირებია.

თავისი გოლი გაიტანა „რეალის“ გამოკვეთილმა ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმაც, რომელმაც თავი მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ ათივე შეხვედრაში გამოიჩინა. რონალდუ „რეალის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ 10 თამაშში გაიტანა.

პორტუგალიელი ვარსკვლავი, ბოლო დროს, არა მხოლოდ გოლების გატანით გამოირჩევა. „რაიოსთან“ გამართულ შეხვედრაში მან 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, პრიმერას ბოლო 2 შეხვედრაში კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა თანაგუნდელებს 4-ჯერ გაატანინა.

„რეალის“ საუკეთესო მეპასე არა კრიშტიანუ რონალდუ, არამედ გუნდის ახალწვეული ტონი კროოსია. „რაიოსთან“ გამართული შეხვედრის შემდეგ, მას 6 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. შედარებისთვის, გასულ სეზონში, ბუნდესლიგაში, კროოსმა მხოლოდ 4 შედეგიანი პასი გააკეთა.

„რეალს“, მიმდინარე გათამაშებაში, სულ 2 წაგება აქვს. პირველ მათგანში მადრიდელები უქოლოდ „სოსიედადთან“ დარჩნენ. სან სებასტიანელებს, არც მანამდე და არც მას შემდეგ, მოგება არ ჰქონდათ, სანამ კიდევ ერთ მადრიდულ გუნდს არ გადაეყარნენ. როგორც გაირკვა, „სოსიედადი“ მოგებას მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებთან ახერხებს. ბასკებმა, „რეალის“ შემდეგ, „ატლეტიკოც“ დაამარცხეს.

„რეალთან“ გამართული შეხვედრის მსგავსად, „სოსიედადმა“ პირველი გოლი „ატლეტიკოსგანაც“ გაუშვა, მაგრამ სან სებასტიანელებისთვის ეს დიდი პრობლემა არაა. ბასკებს სულ 9 ქულა აქვთ აღებული და აქედან 8 იმ თამაშებში მოიპოვეს, რომლებშიც პირველი გოლი თავად გაუშვეს.

მოქმედი ჩემპიონის, „ატლეტიკოს“ წაგებით ისარგებლა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა „ბარსელონამ“, რომელმაც ზედიზედ ორ მატჩში უქულოდ დარჩენის შემდეგ იმარჯვა.

„სელტასთან“ გამართული დაპირისპირების მსგავსად, „ბარსა“ „ალმერიასაც“ ხშირად უტევდა, მაგრამ კატალონიელებს ბურთის კარის ძელისთვის აცილება კვლავ უჭირდათ. მიმდინარე გათამაშებაში, „ბარსას“ ფეხბურთელებმა ბურთი ძელს ყველაზე მეტჯერ, 11-ჯერ მოარტყეს, უკანასკნელ 2 შეხვედრაში კი ეს 7-ჯერ გააკეთეს.

2:1 მოგებულ შეხვედრაში, „ბარსას“ მხრიდან, პირველი გოლი ნეიმარმა გაიტანა. ბრაზილიელ ფეხბურთელს, მიმდინარე გათამაშებაში, 10 გოლი აქვს გატანილი, რაც გასული სეზონის მაჩვენებელს უკვე აღემატება. ნეიმარის ზუსტი დარტყმის შემდეგ, ლა ლიგაში „ბარსას“ 249-წუთიანი მშრალი სერია შეწყდა. კატალონიელტა წინა გოლიც ბრაზილიელის ანგარიშზე იყო და მას მაშინაც ლუის სუარესმა გაატანინა. სწორედ ეს უკანასკნელი მოგვევლინა „ბარსას“ ბოლო 3 გოლის შემთხვევაში ასისტენტად.

როდესაც ნეიმარი აქტივში გოლებს, ხოლო ლუის სუარესი საგოლე გადაცემებს იწერს, ტელმო სარას რეკორდის გამეორებას ვერაფრით ახერხებს ლიონელ მესი. არგენტინელს, პრიმერას ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობამდე 1 ზუსტი დარტყმა აშორებს, მას კი უკვე 3 თამაშია ვერ გააქვს. მესის ასეთი ცუდი სერია მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ არ ჰქონია.

როდესაც ლიონელ მესი ხელსაყრელი მომენტების განიავებითაა დაკავებული, უსახელო „ეიბარის“ საუკეთესო ბომბარდირი, მიკელ არუაბარენა ხელიდან არცერთ შანსს არ უშვებს. 31 წლის თავდამსხმელს ბოლო 3 გოლის გასატანად მხოლოდ 4 დარტყმა დასჭირდა.

არუაბარენამ „მალაგასაც“ გაუტანა, მაგრამ მისი გუნდი 1:2 დამარცხდა. ეს ნიშნავს, რომ „მალაგამ“ ლა ლიგაში ზედიზედ მე-5 თამაში მოიგო, რაც გუნდის ისტორიაში საუკეთესო სერიაა.

შეხვედრის მიწურულს გოლების გატანაში დახელოვნდა „ესპანიოლი“. კატალონიელებმა, 11 ბურთიდან 7 მატჩის ბოლო 10 წუთში გაიტანეს, მათ შორის 4 მსაჯის მიერ დამატებულ დროში. ასე მოხდა მე-11 ტურშიც, როდესაც „ესპანიოლმა“ „ვილიარეალთან“ ქულა 91-ე წუთზე განხორციელებული ზუსტი დარტყმით მოიპოვა. ეს გასაკვირი არც ყოფილა. თუ ესპანიოლი ბოლო წუთებზე გატანითაა გამორჩეული, „ვილირეალი“ პირიქით - თამაშის მიწურულს გაშვებას დასჩემდა. „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა“, ბოლო 10 წუთში გაშვებული გოლების გამო, უკვე 6 ქულა დაკარგა.

„კორდობასა“ და „დეპორტივოს“ შორის უგოლოდ დასრულებული შეხვედრის მე-17 წუთზე, სტუმართა მეკარემ, ფაბრისიომ, თერთმეტმეტრიანი მოიგერია. „დეპორტივო“ პრიმერას ერთადერთი გუნდია, რომლის მხრიდანაც თერთმეტმეტრიანის მოგერიება უკვე ორმა მეკარემ მოახერხა. მე-7 ტურში, მეტოქეს პენალტის ნიშნულიდან გატანის საშუალება ხერმან ლუქსმა არ მისცა.

ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში თავურ დარტყმას მხოლოდ 2 გოლი მოჰყვა. ამის მიუხედავად, ლა ლიგა ამ მაჩვენებლით ევროპაში მაინც ლიდერობს. პრიმერაში, თავით 59 გოლია გასული. მე-2 ადგილზე მყოფ პრემიერლიგაში კი გუნდებმა თავით 55 ბურთი გაიტანეს.

გერმანია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ბუნდესლიგისთვისაც მოიცალა „დორტმუნდმა“. იურგენ კლოპის გუნდმა „გლადბახი“ 1:0 დაამარცხა. დორტმუნდელთა კარის მიმართულებით მეტოქემ მხოლოდ ერთხელ დაარტყა. მას შემდეგ, რაც ბუნდესლიგის მატჩებში დეტალური სტატისტიკა ითვლება (2004 წლიდან), ასეთი რამ პირველად მოხდა.

„დორტმუნდისგან“ განსხვავებით, არაფერი ეშველა „ჰამბურგს“, რომელიც „ვოლფსბურგთან“ დამარცხდა. ჰამბურგელებს, 11 ტურის შემდეგ, მხოლოდ 4 გოლი აქვთ გატანილი. ბუნდესლიგაში ასეთი რამ, აქამდე, მხოლოდ 2-ჯერ მომხდარა და ორივე შემთხვევაში 11 თამაშში 4 ბურთს ფრანკფურტის „აინტრახტი“ დასჯერდა. ეს 1970 და 1988 წლებში მოხდა.

„ჰამბურგთან“ შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა „ვოლფსბურგის“ ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინემ. ბელგიელი ფეხბურთელის აქტივში, 11 ტურის შემდეგ, 9 საგოლე გადაცემაა, რაც ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

მორიგი თამაში მოიგო გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე გათამაშების ლიდერმა. „ბაიერნმა“ „აინტრახტი“ 4:0 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი ტომას მიულერმა შეიტანა. 25 წლის შემტევმა მეტოქეს 3-ჯერ გაუტანა. ბუნდესლიგის ისტორიაში, მიულერის გვარის მქონე ფეხბურთელებმა ჰეთ თრიქი 47-ჯერ გაიფორმეს. რა თქმა უნდა, ლიდერი გერდ მიულერია, რომელმაც ჰეთ თრიქი 32-ჯერ შეასრულა. რაც შეეხება ტომას მიულერს, მან, ბუნდესლიგის მატჩში 3 გოლის გატანა მეორედ მოახერხა.

ბუნდესლიგაში ზედიზედ 50-ე წაუგებელი თამაში ჩაატარა „ბაიერნის“ მცველმა ჯერომ ბოატენგმა, რაც ამ ტურნირის ახალი რეკორდია.

უხვგოლიანი თამაში გაიმართა ზინსჰაიმში, სადაც „ჰოფენჰაიმმა“ „კიოლნთან“ 3:4 წააგო. გუნდებმა 3-3 გოლის გატანა პირველივე ტაიმში მოასწრეს, რაც ბუნდესლიგაში 1999 წლის მაისის შემდეგ პირველად მოხდა. 15 წლის წინათ, შესვენებამდე გოლების გატანით გული „მიუნხენ 1860“-მა და „შალკემ“ იჯერეს.

საფრანგეთი

საფრანგეთის ლიგა ერთში სეზონის ერთ-ერთი ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა, „პარი სენ ჟერმენმა“, ლიდერ „მარსელს“ უმასპინძლა. პარიზში გამართულ მატჩში ბურთს უფრო ხშირად „მარსელი“ ფლობდა და მარსელო ბიელსას გუნდი ერთადერთია, რომელსაც ამ მაჩვენებელში უპირატესობა მიმდინარე გათამაშების ცამეტივე შეხვედრაში ჰქონდა. თუმცა, ბურთის ფლობა რომ მოგებას არ ნიშნავს, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. პსჟ-მ 2 უპასუხო ბურთი გაიტანა და ლიდერთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.

მორიგი გოლი გაიტანა ედინსონ კავანიმ. ურუგვაელმა თავი „პარი სენ ჟერმენის“ ზედიზედ მე-5 თამაშში გამოიჩინა, რაც მის ფრანგულ კარიერაში პირველად მოხდა.

პსჟ, 13 ტურის შემდეგ, კვლავ დაუმარცხებელია. პარიზელებს ასეთი შედეგი უკვე მეოთხედ აქვთ. არცერთ სხვა ფრანგულ კლუბს სეზონის სტარტზე 13 მატჩის წაუგებლად ჩატარება ორზე მეტჯერ არ გამოსვლია.

ტურის პირველ მატჩში ერთმანეთს „რენი“ და „ლორიანი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და გასაკვირი იქნებოდა, ასე რომ არ მომხდარიყო. საქმე ისაა, რომ „რენმა“, 13 თამაშიდან 10-ში, პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ მოახერხა. კიდევ უფრო ცუდი შედეგი აქვს „ლორიანს“, რომელმაც 13 შეხვედრიდან პირველ ტაიმში გოლი მხოლოდ ორში გაიტანა.

ჰოლანდია

მიმდინარე სეზონის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ჰოლანდიურ ფეხბურთს, კარლო დე რეუვერის სახით, ახალი ტალანტი ეზრდება. „ექსელსიორის“ 19 წლის თავდამსხმელი, ერედივიზიონის ბოლო ორ თამაშში, მოედანზე შეცვლაზე შევიდა და მან ორივე შემთხვევაში ქულის მომტანი გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, დე რეუვერი ბურთს მხოლოდ 10-ჯერ შეეხო, მაგრამ მის აქტივში უკვე 2 ბურთია.

მიმდინარე სეზონში სტუმრად კარგად თამაშობს „ალკმაარი“. ჯონ ვან დენ ბრომის გუნდმა, მეტოქის მოედანზე, უკვე მე-4 თამაში მოიგო. გასულ სეზონში, „ალკმაარს“ სტუმრად მხოლოდ 3 თამაში გქონდა მოგებული.

0.137826