ესპანური გამოცემის “მუნდო დეპორტივოს” ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” შესაძლოა სულ მალე მთავარი მწვრთნელი შეეცვალოს. ლუის ენრიკემ “სოსიედადთან” გამართული მატჩისას (0:1) თადარიგში დატოვა ლიონელ მესი, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
გამოცემა “ბარსას” კიდევ ერთი ვარსკვლავის ნეიმარის მცირე კომენტარსაც ავრცელებს, რომელშიც ბრაზილიელი მწვრთნელის გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას გამოხატავს.
“არ მომეწონა, რომ შემცვალეს. მე თამაში მინდა” – განაცხადა ნეიმარმა.
შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკემ გავრცელებული ხმები უარყო.
“პოლემიკაში შემოსვლის სურვილი არ მაქვს. თავში მხოლოდ მოახლოებული თამაშები მიტრიალებს. მესისა და კლუბს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს” – თქვა ენრიკემ.
თავის მხრივ, “მუნდო დეპორტივო” უკვე წერს ლუის ენრიკეს შესაძლო შემცვლელების შესახებ. სიაში ჩილელი მანუელ პელეგრინის, არგენტინელი მარსელო ბიელსასა და ჰოლანდიელი ფრანკ რაიკაარდის გვარები ფიგურირებს. რაიკაარდი “ბლაუგრანას” ერთხელ უკვე წვრთნიდა (2003-2008 წლებში).
“ბარსელონას” პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუს ლუის ენრიკეს თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა კლუბსა და ლიონელ მესის შორის უთანხმოება მანაც კატეგორიულად უარყო.