ამ უქმეებზე, ერევანმა სერჟ სარგისიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სომხურ ხალიჩაზე გაფართოებული შემადგენლობით – 23 სპორტსმენით გავიდა და 9 მათგანმა მედლის მოპოვება შეძლო.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მალხაზ ზარქუა ჩემპიონი გახდა. გელა საღირაშვილს (74 კგ) უმაღლეს ჯილდომდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა და ვერცხლი აიღო, გიორგი ედიშერაშვილი (55 კგ), მალხაზ ქურდიანი (60 კგ), კობა კაკალაძე (66 კგ), ბექა ჭელიძე, არჩილ ქიტიაშვილი (ორივე 84 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (96 კგ) და ლევან სეთურიძე (120 კგ) კი ბრინჯაოებს დაეუფლნენ.