ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტური “სიუდად დე ვალენსიაზე” გაიხსნა, სადაც “ლევანტემ” ლა კორუნიის “დეპორტივოს” უმასპინძლა და უგოლო ფრეს დასჯერდა.
შეხვედრამ სტუმართა სრული უპირატესობით ჩაიარა. პირველ ნახევარში ვიქტორ ფერნანდესის შეგირდებს რამდენიმე რეალური საგოლე შანსი ჰქონდათ, მაგრამ ივან კავალიერომ და ისააკ კუენკამ მომენტები ვერ გამოიყენეს, ხოლო ლოპოს გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. გარდა ამისა, გალისიელები ორ ეპიზოდში მეტოქეზე ხელით თამაშის დაფიქსირებას და პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა პედრო პერეს მონტეროს სასტვენი დუმდა.
მეორე ტაიმიც “დეპორტივოს” უპირატესობით დაიწყო და ორჯერ მარინიოს მოუწია თავისი ოსტატობის გამოვლენა. “ლევანტეს” კიპერმა ჯერ ტოჩეს აუღო ახლო მანძილიდან დარტყმული, ხოლო შემდეგ კავალიეროს არ გაატანინა. სტუმრები ზეწოლას აგრძელებდნენ, მაგრამ მასპინძელთა კარის დარაჯს ვერ სჯობნიდნენ, რომელმაც ისააკ კუენკასა და კავალიეროს კიდევ ერთხელ აჯობა. ერთ ეპიზოდში მსაჯმა მასპინძლები აშკარად დაინდო, დავიდ ნავარომ ივან კავალიეროს სახეში განზრახ ჩაარტყა ხელო, მაგრამ მონტეროს ეს ეპიზოდიც გამორჩა. ბოლო მომენტი კვლავ ისააკ კუენკას შეექმნა, თუმცა “ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელს კვლავ მიზანმა უმტყუნა – 0:0. “ლევანტემ” ქულა დაუმსახურებლად მოიპოვა. ვალენსიურ კლუბს 90 წუთის განმალობაში სახიფათო მომენტი არ შეუქმნია, ხოლო სტუმრებს არაერთი საგოლე მომენტი გქონდათ, მაგრამ ან არ უმართებდათ, ანაც მარინიო თამაშობდა შესანიშნავად. კლუბები სატურნირო ცხრილში მეზობლად იმყოფებიან, “დეპორტივოს” 17 ქულა აქვს, ხოლო “ლევანტეს” 16.
ლევანტე – დეპორტივო 0:0
ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”
ლევანტე (4-4-2): მარინიო, დ.ნავარო, ვინტრა, ივანი (ელ ჟარი 68), კარაბელასი, სიმაო, სისოკო, მორალესი, ივანშიცი (ხუმეტრა 80), ბარალი (რ.გარსია 68), კასადედუსი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, სიდნეი, ლოპო, ლუისინიო, ხუანფრანი, ხ.დომინგესი, ბერგენტინოსი, ხ.როდრიგესი (ლაურე 86), კუენკა (მედუნჯანინი 80), კავალიერო, ტოჩე (ო.რიერა 58).
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი
გაფრთხილებები: კასადედუსი, კარაბელასი, ბარალი, დ.ნავარო – ბერგენტინოსი, ლოპო, სიდნეი
მსაჯი: პედრო პერეს მონტერო
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 9(0)-13(6), ჯარიმა: 22-17, კუთხური: 4-3, თამაშგარე: 3-2, სეივი: 6-0
ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 26. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 15. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 11. კარლოს ბაკა (“სევილია”) -10. ქარიმ ბენზემა ("რეალი") - 8.