ფეხბურთი

21:32 | 9.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოთო გოშაძე: “18 წლის რომ გავხდები, თურქები სავარაუდოდ ამის შემდეგ გადაწყვეტენ, კლუბში დავრჩები თუ არა”

“საბურთალოს” ყოფილმა მეკარემ ოთო გოშაძემ, რომელიც ნახევარი წელია შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილი “ქასიმფაშას” დუბლშემადგენლობაში თამაშობს, თბილისური კლუბისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქები მის ბედს 18 წლის რომ გახდება მაშინ გადაწყვეტენ.

ოთო გოშაძე: “18 წლის რომ გავხდები, თურქები სავარაუდოდ ამის შემდეგ გადაწყვეტენ, კლუბში დავრჩები თუ არა. თავის გამოჩენის საშუალება ხშირად მეძლევა ამხანაგურ მატჩებში, ასევე, საწვრთნელი პროცესის დროს ორმხრივ შეხვედრებში. შაბათს თურქეთში მივემგზავრები, პირველ გუნდს შეკრებაზე მივყვები. იმედი მაქვს, ეს შეკრება ძალიან წამადგება და ჩემს სპორტულ სათამაშო ფორმაზე დადებითად იმოქმედებს”.

- ადგილობრივებს რომ არ მოსწონდეთ, სავარაუდოდ ამდენი ხანი არც გაგაჩერებდნენ...

- მეც ასე ვფიქრობ. ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები, ვცდილობ ყოველდღიურად მოვუმატო, პროგრესი მემჩნეოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით კლუბთან კონტრაქტი არ გამიფორმებია, თავს “ქასიმფაშას” ფეხბურთელად ვგრძნობ.

- როგორ ატყობთ, ფიზიკურად თუ მოუმატეთ?

- ამ კომპონენტში პროგრესს ვგრძნობ. კლუბის ფიზმომზადების მწვრთნელი, ისევე როგორც სხვა სპეციალისტები, ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ლაზლო, რომელიც შოთა არველაძის “აიაქსში” თამაშის დროს ჰოლანდიური გრანდის ფიზმომზადების სპეციალისტი იყო, კარგა ხანია უკვე ჩვენთან მუშაობს. შოთიმ მისი შესაძლებლობები კარგად იცის და ძალიან ეიმედება. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა მიჭირდა ლაზლოს ვარჯიშებთან შეგუება, მაგრამ მერე ნელ-ნელა მივეჩვიე. ახლა არანაირი პრობლემა არა მაქვს. ვგრძნობ, რომ უფრო ათლეტური გავხდი, ფეხებშიც ძალა მომემატა.

- "ქასიმფაშას" ქართველ მწვრთნელს ჰოლანდიურ გრანდში უთამაშია, იქ კი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ მეკარეების ფეხით თამაშს, ბურთის ამოტანას და ა.შ. ამ მხრივ თურქულ კლუბში რა მდგომარეობაა?

- მეკარეების მწვრთნელებიც კვალიფიციურები არიან. არველაძე ამ მიმართულებას უდიდეს ყურადღებას აქცევს. მეკარეების ვარჯიშებზე აქცენტი კეთდება პოზიციის შერჩევაზე, ტექნიკაზე, ფეხით სწორ თამაშზე. აგრეთვე, დიდი დრო ეთმობა ბურთის თამაშში სწრაფად “შეყვანას”, რადგან ფეხბურთელმა ბურთის მიღებისას დრო არ დაკარგოს.

- “საბურთალოზე” გკითხავთ, სადაც თქვენი მეგობრები თამაშობენ. რამდენიმე თვეა გუნდის ვარჯიშებს, ასევე თამაშებს არ დასწრებიხართ. ახლა, როდესაც ერთ-ერთ ვარჯიშს თვალი ადევნეთ, რას ატყობთ როგორც გუნდი გაზრდილია?

- მართალია “ქასიმფაშაში” ვვარჯიშობ, მაგრამ ისევ საბურთალოელი ვარ! ამ კლუბს, ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს და ყველა მომუშავე პერსონალს, ჩემთვის ძალიან ბევრი რამ გაუკეთებია. აქ ჩამოვყალიბდი და გავიზარდე როგორც ადამიანი, როგორც ფეხბურთელი. რა თქმა უნდა, “საბურთალოს” ყველა წარმატება გულით გამეხარდება, რადგანაც ამ კლუბს ჩემს გულში უდიდესი ადგილი უკავია.

“საბურთალოს” ვებგვერდის საშუალებით სისტემატურად ვეცნობი კლუბის თუ სკოლის სიახლეებს, ასევე ვნახულობ ჩემპიონატის მატჩების ვიდეოკოლაჟს. ყველაფერს შედეგი მოწმობს. გუნდი დამაჯერებლად ლიდერობს პირველი ლიგის გათამაშებას და მჯერა, მომავალ ჩამოსვლაზე, სავარაუდოდ ზაფხულში, გუნდი უკვე უმაღლესი ლიგის ოფიციალური წევრი იქნება. წინასწარ ადრეა ლაპარაკი, მაგრამ ღვთის წყალობით თუ ყველაფერი კარგად იქნება ძალიან მინდა სეზონის მიწურულს თბილისში ვიყო და ჩემს მეგობრებთან, მწვრთნელებთან და ხელმძღვანელებთან ერთად ავღნიშნოთ დიდი გამარჯვება.

ძალიან გამეხარდა, რომ დავით ჯიქია “საბურთალოში” ჩაირიცხა. “პელე”, წარმატებული და საინტერესო ფეხბურთელია. მჯერა, რომ კლუბს გამოადგება და ქომაგებს გაახარებს.

- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებზე და შანსებზე გკითხავთ. მომავალ მეტოქეებს როგორ შეაფასებთ?

- ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან ჩვენი ძალა სრულად უნდა გამოვავლინოთ, რომ ფინალურ ეტაპზე მოვხვდეთ. რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ჩვენ ზურგს გვიმაგრებს დიდ გუნდებთან მინიმუმ თანაბრად თამაშის გამოცდილება. ეს გასულმა წლებმაც დაგვანახა, როდესაც ვასილ მაისურაძისა და გია ცეცაძის ხელმძღვანელობით ნაკრებებმა წარმატებებს მიაღწიეს.

გვყავს კარგი ფეხბურთელები, როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში. მწვრთნელები მაღალკვალიფიციურნი არიან. ამის გათვალისწინებით, წარმატებით ასპარეზობა რატომ არ შეიძლება?

- ერთ-ერთი მეტოქე თურქეთის ნაკრებია. “ქასიმფაშაში” ნაკრების კანდიდატები თუ არიან?

- დაახლოებით ერთი წლის წინ, თურქეთის 19-წლამდელთა ნაკრების მატჩს დავესწარი. მაშინ, ასაკობრივ ნაკრებში “ქასიმფაშას” რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობდა. კენჭისყრის შემდეგ, ბუნებრივია თურქ გუნდელებთან უფრო ხშირად ვსაუბრობ მომავალ დაპირისპირებაზე. წინასწარ რთულია თქმა “ქასიმფაშას” რამდენი ფეხბურთელი მოხვდება ნაკრებში, მაგრამ სავარაუდოდ 2-3 მაინც იქნება.

fcsaburtalo.ge

თეგებიოთო გოშაძე
0.140122