მადრიდის “რეალის” წარმომადგენლებმა ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი მეკარის, დავიდ დე ხეას გარემოცვასთან დიალოგი დაიწყეს.
ესპანეთის ეროვნული გუნდის კარის დარაჯის მომავალი ჯერაც გაურკვეველია. “წითელ ეშმაკებთან” მის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2016 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა, მის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება ჯერ არც დაწყებულა.
AS-ის მტკიცებით, თავად 24 წლის ფეხბურთელს პრემიერლიგაში ყოფნა უკვე მობეზრდა და მზადაა პრიმერა დივიზიონში დაბრუნდეს, სადაც მისით მადრიდის “რეალია” დაინტერესებული. ამასთან, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი რამდენიმე კვირის წინ დამყარდა.
მანჩესტერში, შექმნილი სიტუაციის სირთულე კარგად აქვთ გათვითცნობიერებული და ამიტომ, შესაძლოა უახლოეს ზაფხულში დე ხეას გასხვისებას დათანხმდნენ, რათა მეკარის წასვლით გარკვეული ფინანსური სარგებელი მიიღონ.
ესპანელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრა ჩაატარა.