საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ლიცენზირების პროცესის გავლასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის “ა” ჯგუფის ლიდერი “საბურთალო” მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში ასპარეზობას გეგმავს და შესაბამისი ლიცენზიაც სჭირდება.
ლიცენზიის მისაღებად ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ კლუბმა ფეხბურთის თამაშის წესებთან დაკავშირებით სემინარი უნდა გაიაროს.
პარასკევს, სემინარი საბურთალოელთა საშინაო არენა “ბენდელაზე” შედგა, რომელსაც სფფ-ს მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ფანიაშვილი და ინსტრუქტორი ავთო შალამბერიძე ეწვივნენ.
“საბურთალოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრებმა “საბურთალოს” სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს თავისი ცოდნა გაუზიარეს, მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.