კატალონიის “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წელს გაიმართება. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, არჩევნები 2016 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტის ბართომეუს აზრით კლუბში არსებული ვითარების დასაბალანსებლად ნაადრევი არჩევნების ჩატარება სწორი გადაწყვეტილება იქნება.
კატალონიურ კლუბში საპრეზიდენტო არჩევნები გასულ ზაფხულში გაიმართა, სანდრო როსელი ბართომეუმ ჩაანაცვლა.
ერთ-ერთი ვერსიით “ბარსელონას” პრეზიდენტობის რეალური შანსი ხუან ლაპორტას აქვს. ამის შესახებ ესპანური ფეხბურთის ექსპერტმა გილემ ბალაგიმ “სკაი სპორტთან” ისაუბრა. მან კლუბში არსებულ ვითარებაზეც გააკეთა კომენტარი.
“კონფლიქტი არ არსებობს მხოლოდ ლუის ენრიკესა და მესის შორის. მთავარი მწვრთნელისადმი ნდობა სხვა ფეხბურთელებმაც დაკარგეს, რაც გუნდის შედეგზეც ახდენს გავლენას, თუმცა იმის თქმაც არ იქნება სწორი, რომ “ბარსელონა” წარუმატებელ სეზონს ატარებს. პრიმერა დივიზიონში კატალონიელები ამ ეტაპზე ლიდერ “რეალს” მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან”, - აღნიშნა ბალაგიმ.