კალათბურთი

14:37 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანდერსმა ფსიქოლოგიურ პრობლემებს ვებრძვიო

ამერიკელმა ცენტრმა ლარი სანდერსმა, რომელიც “მილუოკი ბაქსში” საქართველოს ნაკრების ცენტრ ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელია, მორიგი ორაზროვანი განცხადებები გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ცნობის თანახმად, სანდერსს კალათბურთის თამაში მობეზრებოდა და კარიერის დასრულებას აპირებდა. ლარიმ ESPN-თან საუბარში მთლად იგივე არ დაადასტურა, თუმცა, აღნიშნა, რომ პრობლემები ნამდვილად აქვს.

“არ მითქვამს, რომ კალათბურთის თამაში აღარ მინდა. მესმის, რომ ჩემი უქმობის გამო მსგავსი ხმები ვრცელდება, თუმცა, აღნიშნული სიმართლე არ გახლავთ. უბრალოდ, იმ პროცესს გავდივარ, რომელიც ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში უნდა დამეხმაროს.

ვცდილობ, რამდენიმე პრობლემის საფუძველს ჩავწვდე და სანამ ეს არ მოხდება, კალათბურთზე კონცენტრაციას ვერ მოვახდენ. ამ ეტაპზე იმის თქმა, მოედანს როდის დავუბრუნდები, არ შემიძლია. ამისთვის გუნდისგან რეკომენდაციებიც მჭირდება”.

26 წლის კალათბურთელის ამ განცხადებამ მისი მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა. ცხადია, რომ სანდერსის თავში მთლად ჯანსაღი აზრები არ უნდა ტრიალებდეს. არადა, ამერიკელმა ცენტრმა “ბაქსთან” ახალი კონტრაქტი სწორედ მიმდინარე სეზონის წინ გააფორმა და 4 წელში 44 მილიონი დოლარი უნდა მიეღო.

შეგახსენებთ, რომ სანდერსის არყოფნაში, მილუოკელთა ქართველი ლეგიონერი ზაზა ფაჩულია სასტარტო ცენტრად იქცა და ჯერჯერობით, მოვალეობებს თავს ჩინებულად ართმევს. უკანასკნელი 5 მატჩია ჩვენებურის საშუალო მონაგარი 11.0 ქულა, 11.2 მოხსნა, 2.8 პასი და 1.2 ჩაჭრაა.

0.117845