როგორც “ბიბისი” იუწყება, “ბარსელონას” ყოფილი მეკარე ვიქტორ ვალდესი “მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებს. ამ ეტაპზე “მანჩესტერის” ოფიციალურ საიტს ვალდესის დამატება ოფიციალურად არ დაუდასტურებია. თუმცა, როგორც ზემოთქმული წყაროდან ვიგებთ, ესპანელმა ინგლისურ გრანდთან 18 თვიანი კონტრაქტი გააფორმა.
ვალდესი გასული სეზონის შემდეგ უკლუბოდ იმყოფებოდა, თუმცა ოქტომბრის თვიდან “მანჩესტერის” ძირითად და სარეზერვო გუნდებთან ერთად დაიწყო ვარჯიში. ვალდესს გარკვეული პერიოდი ტრავმაც აწუხებდა და ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.
ლუის ვან გაალი და ვიქტორ ვალდესი წლების წინ “ბარსელონაში” ერთად მუშაობდნენ. კატალონიური გრანდის ძირითად გუნდში დაწინაურება სწორედ ჰოლანდიელი მწვრთნელის სახელს უკავშირდება.
ვალდესმა უკანასკნელი ოფიციალური მატჩი ვიგოს “სელტას” წინააღმდეგ 2014 წლის 26 მარტს გამართა. ტრავმის გამო მატჩის ბოლომდე ჩამთავრება ვერ შეძლო და მის ნაცვლად “ბარსელონას” კარში ხოსე მანუელ პინტო ჩადგა.