წარმატებული დღე ჰქონდა გიორგი შერმადინის “კანტუს”, რომელიც ევროთასის მე-2 ეტაპის საწყის მატჩში საკმაოდ ძლიერ “ხიმკის” დაუხვდა და დამაჯერებლად – 99:88 სძლია. შეხვედრის განმავლობაში, იტალიური კლუბის უპირატესობა ოც ქულასაც კი აჭარბებდა და რუსებმა მხოლოდ ანგარიშის შელამაზებაღა შესძლეს.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო და 7 ქულას 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა.
აღსანიშნავია, რომ 23:29 წუთის განმავლობაში შერმადინს ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.
კანტუელთა მხრიდან 10 და მეტი ქულა ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა ჩააგდო, ყველაზე შედეგიანი კი უნგრელი დამიან ჰოლისი იყო, რომელმაც 19 ქულა მოაგროვა.
შერმადინის კლუბს, რომელიც ევროთასის ჟ ჯგუფში თამაშობს, მე-2 ტურის მატჩი 14 იანვარს საბერძნეთში ელის. “კანტუ” სალონიკის პაოკ-ს ეთამაშება, რომელმაც გუშინ საფრანგეთში “ლიმოჟთან” 59:71 წააგო.