ინგლისის “ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი ამბობს, რომ მზად იყო მერსისაიდელთა რიგებში კიდევ რამდენიმე წელიწადი გაეტარებინა.
34 წლის ფეხბურთელმა უკვე განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს და კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს. გადამწყვეტი როლი გასული წლის ნოემბერში გუნდის მთავარ მწვრთნელ ბრენდან როჯერსთან საუბარი აღმოჩნდა, რომელმაც კაპიტანს სათამაშო დროის შემცირება აუწყა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნოემბერშივე კლუბმა ჯერარდს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა, თუმცა, ფეხბურთელმა ეს წინადადება იუარა. თავად სტივენი ამბობს, რომ მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა 2014 წლის ზაფხულში შეიძლებოდა.
“წინასასეზონო მზადების პერიოდში ახალი კონტრაქტი რომ შემოეთავაზებინათ, მას ხელს აუცილებლად მოვაწერდი” - განუცხადა ჯერარდმა BBC-ის.
ბრიტანული პრესის ცნობით, “ლივერპულის” ლეგენდა “ლოს-ანჯელეს გელექსთან” კონტრაქტს ხელს დღე-დღეზე მოაწერს.