ინტერვიუები

20:09 | 1.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

7 წლის შემდეგ: “ტორპედო” დღესასწაულისთვის ემზადება

ახლოვდება ევროტურნირბი და ამისთვის, ქუთაისურ კლუბშიც აქტიურ მზადებას განაგრძობენ. სულ ახლახანს “ტორპედომ” ავსტრიული შეკრება დაასრულა და ყაზახურ “აკტობეს“ დასახვედრადაა მიმართული. ცნობილია, რომ იმერულ კლუბს სპორტული კომპანია “ნაიკი” შემოსავს. ამ და სხვა საინტერესო თემებზე ქუთაისელთა ოფიციალურ ვებ-გვერდთან “ტორპედოს” აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი პაპიაშვილმა ისაუბრა.
- ბატონო გიორგი, საუბარი ევროპის ლიგის კენჭისყრისა და ყაზახური “აკტობეს” შეფასებით დავიწყოთ.
- ცხადია, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ჩვენ განუთესავები ვიყავით და მაღალი კოეფიციენტის მქონე გუნდს შევხვდებოდით. ყაზახური ფეხბურთის შესახებ, მცირე ინფორმაცია გვაქვს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ამ ქვეყნის გუნდებთან დადებითი ბალანსი არ გაგვაჩნია და ვეცდებით, ეს მხარე გამოვასწოროთ. “აკტობე” საკმაოდ ძლიერი გუნდია, თუმცა ორი აზრი არ არსებობს, რომ ბიჭები ბოლომდე დაიხარჯებიან, რათა შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოვიპოვოთ.
რაც შეეხება ყაზახებთან საქმიან ურთიერთობას, რომელიც მეტოქის გარკვევის დღიდან დაიწყო და გრძელდება: ჩვენ კენჭისყრის დასრულებისთანავე განვახორციელეთ პირველი ზარი “აკტობეს” პრეზიდენტთან და მათი მხრიდანაც საკმაოდ დადებითი ემოცია გაჩნდა. ამ ეტაპზე მიდის ტექნიკური საკითხების მოგვარება, ინტენსიურად ვსაუბრობთ ყაზახურ მხარესთან. გვაქვს საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება ამ გუნდის ხელმძღვანელობასთან და ანალოგიურ პატივისცემასაც ვიღებთ. ვხედავთ, რომ ქუთაისის “ტორპედოს” სათანადოდ აფასებენ.
ჩემი ინფორმაციით, მეტოქე საფეხბურთო კლუბი საქართველოში 4 ივლისს ჩამოვა და სასტუმრო “იმერში” დაბინავდება. მათ მოჰყვება “აკტობეს” 50-მდე გულშემატკივარი, რომელთა გადანაწილებაზეც ჩვენ ვზრუნავთ და შეიძლება ითქვას, მთლიანად ყაზახური დელეგაციის მასპინძლობასაც საკუთარ თავზე ჩვენ ვიღებთ. ვცდილობთ, რაც შეიძლება კომფორტული პირობები დავახვედროთ. ცხადია, ეს საფეხბურთო მოედანს არ ეხება, მის გარეთ კი, რა მოთხოვნაც ექნებათ, უეფას კანონით მინიჭებული, ყველაფერს შევასრულებთ.
- ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე რა სიახლეებია საევროლიგოდ?
- ჩვენ ფაქტობრივად, გასული სეზონის დასრულებიდან დავიწყეთ მზადება ევროპის ლიგისთვის. უეფას მოთხოვნების მიხედვით, მიმდინარეობს სტადიონზე სამუშაოები. მათი მოთხოვნით საპირფარეშოებში ინდივიდუალური კარებები დამონტაჟდა. მოეწყო დოპინგ-კონტროლის ოთახი. პრაქტიკულად, მთლიანად სტადიონის ტერიტორია უკაბელო ინტერნეტითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით არის აღჭურვილი. ასევე დავსძენ, რომ 2 ივლისს, როდესაც გუნდი ქუთაისში იქნება, პრესკონფერენციას გავმართავთ, სადაც გაკეთდება განცხადება ჟურნალისტთა მიერ აკრედიტაციის გავლის შესახებ.
ამ ეტაპზე, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპის გამართვის უფლება გვაქვს, მოგეხსენებათ, “ტორპედო” ქუთაისი 7 წელი არცერთ საერთაშორისო გათამაშებებში არ მონაწილეობდა და ამიტომაც შეექმნა სტადიონს თავიდანვე უფრო მაღალი კატეგორიის მინიჭების დაბრკოლება, თუმცა არის მეორე ვარიანტიც – თუ იქნება გულშემატკივართა ქცევის წესები დაცული, თუ უსაფრთხოების მხარე მაღალ დონეზე იქნა აყვანილი, იგივე, მოწინააღმდეგე გუნდს არ ექნება გარკვეული პრეტენზიები დახვედრაზე, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ეს ყველაფერი მატჩის დელეგატის მიერ ოქმში აისახება და ყოველი თამაშიდან ორ დღეში ქულები დაგვეწერება. თუ მაღალი შეფასება დავიმსახურეთ, არაა გამორიცხული, რომ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ისევ ქუთაისში ვითამაშოთ. ასე რომ, გულშემატკივრებს მინდა ვთხოვო, ტრიბუნებზე ქცევის ნორმები დაიცვან, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენვე წაგვადგება.
- ფრიად საინტერესოა ბილეთების საკითხი, როდიდან გაიყიდება და რა იქნება მათი ღირებულება?
- ბილეთების გაყიდვას 2 ივლისს, ორშაბათი დღის მეორე ნახევრიდან დავიწყებთ, სალარო კი ყოველდღე დილის 11-დან საღამოს 6 საათამდე იმუშავებს. ბილეთები სხვადასხვა კატეგორიისაა: 4-ლარიანი, 5-ლარიანი და 7-ლარიანი. 4-ლარიანი ბილეთი იქნება სტადიონის წითელი და ლურჯი ფერის ტრიბუნებზე მოსათავსებლად განკუთვნილი. 5-ლარიანი იქნება მწვანე და ყვითელი ფერის ზონისთვის და 7-ლარიანი ბილეთი – იმ ადგილისთვის, სადაც საქართველოს დროშაა გამოსახული.
ორგანიზების მხრივ რომ არ შეგვექმნას პრობლემა, სალაროები თამაშის დაწყებამდე 3 საათით ადრე დაიკეტება. სულ ამ წუთისთვის 10 500 ბილეთია დაბეჭდილი და ვფიქრობ, რომ მოთხოვნა საკმაოდ დიდი იქნება. ვინც რა ფერის ბილეთს იყიდის, იმ სექტორზე უნდა განთავსდეს. დაცვის თანამშრომლები არ დაუშვებენ ამ წესის უგულვებელყოფას. გულშემატკივარი ამას თავიდანვე უნდა შეეგუოს.
ასევე, ავღნიშნავ, რომ დარჩენილია მცირე რაოდენობის აბონემენტები. ამაში შედის თავისთავად ევროპის ლიგის თამაშები და შემდგომი ეროვნული სეზონი – ჩემპიონატისა და თასის მატჩები. იმედია, გულშემატკივარს ბილეთის ეს ფასები არ შეაკავებს. საერთო ჯამში, თუ გიყვარს შენი კლუბი, შენც უნდა შეიტანო რაღაც წვლილი მის კეთილდღეობაში, იმიტომ რომ ის სანახაობა, რასაც უყურებ, დასაფასებელია – ეს არის ქოაგობის კულტურა.
- დღემდე პრობლემა იყო ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე, თამაშზე გულშემატკივართა მიერ სასმელი წყლის ბოთლის შეტანა და სტადიონზე არსებული ყველა შემოსასვლელი კარის გაღება, ამ მატჩისთვის რა შეიცვლება სასიკეთოდ?
- გვაქვს სიახლე. ამიერიდან სტადიონის ეზოში “ვისოლის” შვილობილი კომპანია “სმარტი” გულშემატკივრებს უზრუნველყოფს კვებით, სასმელი წყლითა და სხვა სასურსათო პროდუქტებით. ასევე, მინდა ავღნიშნო, რომ გახსნილი იქნება სტადიონის სამივე კარი და პრაქტიკულად, პიროვნებას, რომელიც მატჩს დაესწრება, ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია მოხვდეს სტადიონზე.
აგრეთვე, მრამდენიმე შეხვედრა მქონდა ქალაქის ხელძღვანელობასთან და რადგანაც, თამაში 21:00 საათზე დაიწყება, გულშემატკივრებს არ ექნებათ არანაირი პრობლემა მატჩის დამთავრების შემდეგ სახლში დაბრუნების, ვინაიდან ამ დღისთვის ტრანსპორტი საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.
გულშემატკივართა საყურადღებოდ მინდა ვთქვა, ვისაც თამაშზე მოსვლა გადაწყვეტილი აქვს, რომ ნუ დაიზარებს თავიდანვე ბილეთის ყიდვას, რადგან ბოლო დღეებში შეიძლება მოხდეს ისე, რომ ბილეთის გარეშე დარჩეს და ეს, როგორც უეფასთვის იქნება მიუღებელი, ასევე ჩვენი კლუბისთვისაც. ავღნიშნავ, რომ გამორიცხულია, ვინმემ კიბეზე ან მოაჯირზე დადგომა შეძლოს. ძალიან ვთხოვ ყველას, რომ დაემორჩილონ წესებს. დაიცვან ის მითითებები, რასაც ჩვენ ვთხოვთ.
თუ ჩვენ გვინდა, რომ ქუთაისის “ტორპედო“ იყოს წარმატებული კლუბი, ჰქონდეს დალაგებული სტრუქტურა და ჩამოყალიბებული გუნდის სახელი, ეს წესები აუცილებლად შესასრულებელია.
- როგორც ცნობილია, გუნდს ახალი სპორტული კომპანია შემოსავს. ასევე, გაყიდვაშია გულშემატკივართათვის განკუთვნილი მაისურებიც, ამათზეც გვითხარით...
-  დიახ, გუნდი შეიმოსება ყველასათვის კარგად ცნობილი “ნაიკის” მიერ დამზადებული მაღალხარისხიანი ფორმით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ ფორმების დამუშავება, ნომრებისა და გვარების დაწერა. 5 ივლისისთვის ყველაფერი მზად იქნება.
ქომაგთა კლუბისა და ნებისმიერი გულშემატკივრისთვის არის ჩამოტანილი “ტორპედოს” ახალი ეკიპირება და შარფები, რომლებიც შესაბამისად, 25 და 15 ლარი ეღირება. მსურველს შეუძლია მობრძანდეს სტადიონის ადმინისტრაციულ შენობაში და შეიძინოს მისი სასურველი ზომისა თუ ფერის ატრიბუტი. ამჟამად მხოლოდ 100 მაისურია, თუმცა გულშემატკივართა მოთხოვნის მიხედვით, ჩვენ მოკლე ხანში შევძლებთ ახალი ნაკადის ჩამოტანას.
- ევროპის ლიგისთვის ჩვენმა გუნდმა ავსტრიაში გაიარა შეკრება, ამ თემასთან დაკავშირებით რას იტყვით?
- ვფიქრობ, გუნდს საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება ჰქონდა და ავსტრიაში გამართული სპარინგებიდან “ტორპედომ“ დიდი სარგებელი მიიღო. იოლი არაა, ისეთ გუნდებთან მიაღწიო შეთანხმებას, როგორებიც დონეცკის “შახტარი“ და ბუქარესტის “სტიაუა“ არიან.
- გასული სეზონის შუაში, თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ  “ტორპედო“ ევროაპარეზზე გავიდოდა და ღირსეულად ითამაშებდა, ერთი დაპირება პირნათლად შესრულდა...
- გუნდს აქვს იმის პოტენციალი, რომ მოვხვდეთ უფრო მაღალ საფეხურებზეც. ეს ყველაფერი დამოკიდებულია როგორც კენჭისყრაზე, ისე ამა თუ იმ თარიღისთვის გუნდის მზადყოფნის დონეზე. თუ წელს წინ ერთი ნაბიჯი გადავდგით, მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ორჯერ მეტი წინსვლა გვექნება. ეტაპობრივი განვითარება უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია.
- ცხადზე ცხადია, გუნდს გულშემატკივართა თანადგომაც განსაკუთრებულად სჭირდება...
- რა თქმა უნდა, გეთანხმებით. ამ თამაშს შესავალი არ სჭირდება, ეს არის ქალაქის 7 წლის ნანატრი და მოწყურებული დღესასწაული. სამწუხაროდ, დღესდღეობით მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული თუ რა მატჩია და რა მნიშვნელობა აქვს ამ თამაშს, ამრიგად ჩვენი მხრიდან ტელევიზიით და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, ამ ყველაფრის გაშუქებას ვუზრუნველყოფთ. ამ დროს ძალიან დიდი როლი ენიჭება თვითონ გულშემატკივრებში ინფორმაციის გავრცელებას.
აქვე, მინდა ევროასპარეზზე მოთამაშე დანარჩენ სამ ქართულ გუნდსაც წარმატებები ვუსურვო. მოგეხსენებათ, 5 ივლისს ქართული გუნდებიდან ევროტურნირზე სამშობლოში მხოლოდ “ტორპედო“ თამაშობს და ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ არა მარტო ქუთაისიდან მოვიდეს მაყურებელი სტადიონზე, არამედ სხვა რეგიონებიდანაც.

0.132414