ჭიდაობა

14:07 | 21.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

7 მედალი ევროხალიჩიდან

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ კრემაში გამართული ევროპის ჩემპიონატი ოქროს გარეშე, მაგრამ შვიდი მედლით ჩაამთავრა. ტიტულოვანი ვეტერანი სამბისტის, ჯონდო მუზაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სამ-სამი ვერცხლი და ბრინჯაო გამოიმუშავა. ერთი ბრინჯაო კი ქალთა ნაკრების წევრ შორენა შარაძის ანგარიშზეა, რომელიც 64 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის მესამე პრიზიორი.

მუზაშვილის შეგირდთაგან კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე თითო გადამწყვეტი გამარჯვება ვახტანგ ჩიდრაშვილს (57 კგ), ნიკოლოზ კუციასა (82 კგ) და ნოდარ მეტრეველს (+100 კგ) დააკლდათ. ჩიდრაშვილმა ფინალში ბელარუს არიფ ბაგიროვთან წააგო, კუციამ – რუს მიხაილ პოლიანსკოვთან, ხოლო მეტრეველმა – ბულგარელ ივან ილიევთან.

ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ უშანგი კუზანაშვილი (62 კგ), კახა მამულაშვილი (74 კგ) და ლაშა გურული (100 კგ). საერთო გუნდურ ჩათვლაში კი საქართველოს ნაკრებმა 27 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და 5 ქულით ჩამორჩა მეორეადგილოსან ბელარუსს. საუკეთესო შედეგით – 49 ქულით ევროპირველობა რუსეთმა დაასრულა.

 

0.122847