საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერის პიკზეა. როგორც უკვე ვიუწყებოდით, ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 1 221 320 დოლარი) ნიკოლოზმა მერვედფინალში გააღწია და კარიერის მორიგი რეკორდი დაამყარა.
საქმეს ის გახლავთ, რომ ბასილაშვილმა Qatar Exxonmobil Open 2015-ის კვალიფიკაციის დაძლევის და ძირითად ბადეში პირველი მოგების წყალობით, 32 ქულა გამოიმუშავა და ე.წ. ლაივ-რეიტინგში 157-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც მისთვის ისტორიული მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ ყატარული ტურნირის საწყის წრეში 22 წლის ბასილაშვილმა რუსი მიხაილ იუჟნი (მსოფლიოს 47-ე ჩოგანი) 7:5, 6:2 დაამარცხა და ეს, ქართველისთვის დოჰაში გამართული მე-4 მატჩი გახლდათ, რომელშიც მას სეტიც კი არ წაუგია.
აღნიშნული მატჩი საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და ქართველმა ჩოგბურთელმა 2 ეისი მოაწოდა, ორმაგი შეცდომა არ დაუშვია, 9-დან 5 ბრეიკ პოინტი გამოიყენა, თავად მოწოდება მხოლოდ 2-ჯერ დათმო, ჯამში მოგებული გათამაშებების მხრივ კი, მეტოქეს საგრძნობლად აჯობა – 67:51.
ნიკოლოზის მომდევნო მეტოქე მე-7 ნომრად განთესილი ხორვატი ივო კარლოვიჩია, რომელმაც პირველ მატჩში ჩეხი ლუკაშ როსოლი 7:6 (7:4), 6:3 დაამარცხა.
კარლოვიჩის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილი კიდევ 25 სარეიტინგო ქულას მიიღებს და რაც მთავარია, დიდი ალბათობით, მსოფლიოს პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩთან თამაშის პატივი ერგება.
ცხადია, ეს უკანასკნელი ყატარულ შეჯიბრზეც პირველ ნომრადაა განთესილი და მერვედფინალში ძალებს უკრაინელ სერგეი სტახოვსკისთან მოსინჯავს.
ისიც ვთქვათ, რომ პირველივე რაუნდში დოჰას ტურნირს სენსაციურად გამოეთიშა რაფაელ ნადალი. მე-2 ნომრად განთესილ ესპანელს გერმანელმა მიხაელ ბერერმა 1:6, 6:3, 6:4 სძლია.
ნადალის გარდა, განთესილთაგან წარუმატებელი დღე ჰქონდათ ფილიპ კოლშრაიბერს (გერმანია, 5) და ლეონარდო მაიერს (არგენტინა, 8).