ფეხბურთი

22:14 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთთან მარცხის შემთხვევაში ქეცბაია ნაკრებიდან წავა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ “დინამო არენაზე” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა რომ ევრო-2016 ის შესარჩევში პოლონეთის ეროვნულ გუნდთან საშინაო მარცხის შემთხვევაში თანამდებობას დატოვებს.

თემურ ქეცბაია: “რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თამაშია. მითუმეტეს თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ ჯგუფში სიტუაცია როგორ დატრიალდა. ბევრს გვეგონა გერმანია ნომერ პირველი ფავორიტი იქნებოდა, მაგრამ 3 მატჩის შემდეგ ჩვენზე ერთი ქულით წინაა. ის გუნდები კი, რომლებიც თიითქოს ასეთ შედეგს არ იმსახურებდნენ, მოწინავე ადგილებზე არიან. პოლონეთი ძალიან კარგი ნაკრებია. ამას მის მიერ ნაჩვენები შედეგიც მეტყველებს.

- ირლანდიასთან მატჩის შემდეგ თქვით, რომ შოტლანდიასთან და გიბრალტართან შეხვედრებში დადებით შედეგს თუ ვერ აჩვენებდით, წასვლაზე დაფიქრდებოდით. ამ შეხვედრების შედეგები დადებითი იყო? ცოტა ხნის წინ ბერძნულ პრესაში დაიწერა, რომ პოლონეთთან მატჩის მერე გადაწყვეტთ დარჩებით თუ წახვალთ...

- ამ თემაზე ყოველთვის ვფიქრობ. ჩვენ გვაქვს ძალიან ძნელი და ამბიციური ამოცანა დასახული. შესარჩევის დაწყებამდე ვთქვით, რომ ფინალურ ეტაპზე გასვლა გვინდა. ეს გადასაჭრელად მეტად რთულია. წასვლას რაც შეეხება, თუ მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსი აღარ გვექნება, ჩემს მთავარმწვრთნელად ყოფნას აზრი არ აქვს. თუ პოლონეთთან დადებითი შედეგი არ გვექნება, ნაკრების დამრიგებლობიდან წავალ.

- შედეგში რას გულისხმობთ? ცხადია გამარჯვებაც კარგია, მაგრამ ფრე თუ ჩაითვლება დადებით შედეგად?

- წაგების შემთხვევაში ნაკრებში აღარ დავრჩები.

- თავის დროზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პოლონეთთან გითამაშიათ, პოლონეთის იმ ნაკრებს ამჟამინდელს თუ შეადარებთ?

- არ ვიტყოდი, რომ პოლონეთს მაშინ ცუდი გუნდი ჰყავდა, თუმცა როგორც თავად ამბობენ, ამჟამინდელი ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს გერმანიასთან მატჩშიც გამოჩნდა. მართალია, იღბალი პოლონელების მხარეს იყო, მაგრამ ჩვენც რომ გვქონოდა ბედი, ირლანდიასთან მოვიგებდით.

-ნაკრებში ბევრი ფეხბურთელი უთამაშებელია, ზოგი სპორტული და ზოგი არასპორტული მიზეზით...

-ეს პირველი შემთხვევა არაა და არ მგონია, ბოლო იყოს. სამწუხაროდ სათამაშო პრაქტიკის არმქონენი მათზე უკეთ გამოიყურებიან, რომლებიც თავიანთ გუნდებში ასპარეზობენ. ჩვენ ფეხბურთელებს პოზიციების მიხედვით ვარჩევთ. გვჭირდება მცველი და გამოძახებულზე უკეთესო არ მეგულება.

-ოქრიაშვილს თუ ესაუბრეთ?

-ბევრი ვეძებე, მაგრამ ისევე როგორც თქვენ, ვერც მე ვიპოვე. უფრო მის ახლობლებს ვესაუბრებოდი. ოქრიაშვილს სარეზერვო გუნდში თამაში აქვს და ხვალ ჩამოვა.

-ოქრიაშვილის საქციელს როგორ შეაფასებდით?

5 წელიწადია პრობლემა ისაა, რომ ყველა იძახის, ქეცბაია გიჟიაო. იმ უცხოურ კლუბებშიც ქეცბაიაა?

ამის შემდეგ ჟურნალისტ მაგდა კლდიაშვილსა და თემურ ქეცბაიას შორის მწვავე პოლემიკა გაიმართა. კერძოდ ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ იძახებს ქეცბაია ნაკრებში უგუნდო აკაკი ხუბუტიას, რატომ უხმო ლევან კაკუბავას. ეს უკანასკნელი ზაფხულში კვიპროსზე გაყიდა და ახლა ხუბუტიას გაყიდვას ხომ არ გეგმავს. ამასთან, ხომ არ წაახალისა თორნიკე ოქრიაშვილი, რომელმაც ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ქეცბაიას ასისტენტს სიგარეტი სახეში შეაბოლა. ამ დროს ნაკრებში ჯაბა დვალი არაა გამოძახებული. ნაკრების მთავარი მწვრთნელის პასუხი ასეთი იყო: “ნაკრებში სადღეისოდ საუკეთესოებს ვიძახებ, თქვენ კი პრესკონფერენციაზე იმისთვის დადიხართ, რომ ინტრიგა დახლართოთ. ამიტომაცაა ასეთ დღეში ქართული ფეხბურთი. თქვენნაირ ინტრიგანებთან საუბრის საშუალებას ვაძლევ ჩემს თავს. ფეხბურთი არ გესმით, რა გავყიდე, ვინ გავყიდე, ფეხბურთელს როცა უჭირს, უნდა დაეხმარო. ოქრიაშვილიჩვენი ფეხბურთის ნათელი წერტილია. ერთი თვე რომ არ ივარჯიშოს, მოედანზე გავა და გარკვეულ დონეზე მაინც ითამაშებს. უცხოელები დაუდგნენ გვერდით და ჩვენ ხელი ვკრათ? მე მეუბნებით მაგას? ვინმეში ხომ არ გეშლებით? ვინ გავყიდე, დვალი ჭანტურიას ჯობია, გელაშვილს თუ მჭედლიძეს? სადაც წავიდა, უკან გამოუშვეს. მინახიხართ სტადიონზე და ვიცი, როგორც იქცეოდით - ამოდენა შეტენეო, რომ ყვიროდით.

-ნიკა ჭანტურიას, თევზაძეს და ტაბიძეს თუ ექნებათ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი?

- პრობლემა იცით რაა? თუ ვერ ხვდებით, რომ ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელი საქართველოში მოასპარეზეს სჯობს, მაშინ ფეხბურთის აზრზე არ ხართ. ქართული ფეხბურთი მოკვდა, გიბრალტარზე უკეთესები რით ვართ? ხალხს 5 თვეა ხელფასი არ აუღია. მალე ისე იქნება, რომ ფეხბურთელები სხვა სამსახურს თამაშს შეუთავსებენ. ხუბუტიას საქართველოს ჩემპიონატში თამაში რომ სურდეს, საუკეთესო იქნება.

-თქვენი აზრით პოლონეთს უპირველესად რა უნდა დავუპირისპიროთ?

-როგორც დავგეგმავ, ყველაფერი ისე ასე ნამდვილად არ გამოდის. ნაკრების ბიჭები კლუბში რომ მყავდეს, ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებდით. თქვენ ნუ გგონიათ, რომ გამარჯვება ჩვენზე უფრო მეტად გინდათ. მინდორზე გასულები მოგებისთვის უფრო მოწადინებულები არიან.

პრესკონფერენციის შემდეგ ნაკრებმა “დინამო არენაზე” ივარჯიშა. ოქრიაშვილის გარდა, გუნდს ნიკა ძალამიძე, როინ კვასხვაძე, ჯაბა კანკავა და ლევან მჭედლიძე აკლდნენ, რომლებიც ქეცბაიას განკარგულებაში სამშაბათს იქნებიან.

0.335989