კალათბურთი

17:12 | 6.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანდერსს კალათბურთის თამაში მოსწყინდა
ფაჩულია “მილუოკის” ძირითადი ცენტრი ხდება

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი”, შესაძლოა, ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს. გუნდის ფორვარდმა ჯაბარი პარკერმა, რომელიც ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ახალბედა გახლდათ, მუხლის მყესები გაიწყვიტა და სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს, ახლა კი, უქმად დარჩენა მილუოკელთა კიდევ ერთ ლიდერ ლარი სანდერსს ემუქრება.

ამ უკანასკელის შემთხვევაში, ძალიან უცნაური ვითარება შეიქმნა. სანდერსი “ბაქსს” იმიტომ ვერ ეხმარება, რომ... კალათბურთის თამაში აღარ სურს. ლარიმ მილუოკელთა უკანასკნელი 6 მატჩი უკვე გამოტოვა და ამ დროის განმავლობაში, მისი არყოფნის მიზეზად ტრავმა სახელდებოდა, ორიოდ დღის წინ კი, გუნდის მთავარ მწვთნელ ჯეისონ კიდს “წამოსცდა”, რომ სანდერსი “პირადი მიზეზების“ გამო ვერ თამაშობდა.

საინტერესოა, რომ უკანასკნელ პერიოდში “ბაქსი” ჭირვეული კალათბურთელის გაცვლას აქტიურად ცდილობდა, თუმცა, სანდერსის არსებული კონტრაქტი ყველას აფრთხობდა. ლარიმ მილუოკელებთან 4-წლიანი კონტრაქტი, რომლის თანახმადაც 44 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს, სწორედ მიმდინარე სეზონის წინ გააფორმა...

სანდერსის უცნაური ქცევა ასახვას აუცილებლად ჰპოვებს ფაჩულიას მდგომარეობაზეც. მოგეხსენებათ, ლარის არყოფნაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანი გუნდის ძირითად ცენტრად იქცა, ახლა კი, ზაზას როლი კიდევ უფრო გაიზრდება.

ისიც ვთქვათ, რომ სასტარტო ხუთეულში გადასვლამ ფაჩულიაზე აშკარად პოზიტიურად იმოქმედა. უკანასკნელ ხუთ მატჩში ქართველი კალათბურთელის საშუალო მონაგარი 12.6 ქულა და 11.0 მოხსნაა.

შეგახსენებთ, რომ “ბაქსს” 18 მოგება და 17 მარცხი აქვს და ცენტრალურ დივიზიონში – მე-3, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა.

მილუოკელებს მომდევნო მატჩი, ხვალ დილით, შინ, თბილისის დროით 05:00 საათიდან “ფინიქს სანზთან” ელით და პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა Viasat sport-ის ეთერით იქნება შესაძლებელი.

0.114266