“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ლუის ვან გაალის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ “წითელმა ეშმაკებმა” რამდენიმე თამაში ზედიზედ მოიგეს და გულშემატკივრები გაახარეს, შედეგი მაინც არასახარბიელოა. წარუმატებელ თამაშზე პასუხისმგებლობას კი ჰოლანდიელი ლოგიკურად საკუთარ თავზე იღებს.
“თავიდან რთული პერიოდი გვქონდა, 11 მატჩში 13 ქულა გვქონდა და როდესაც სტადიონზე შევედი, ვიფიქრე, ხალხი დამისტვენდა, თუმცა გულშემატკივრები ტაშით შემხვდნენ. ბედნიერი არ ვარ, რადგან პასუხისმგებელი და ამგვარი შედეგის გამო დამნაშავე გახლავართ. რამდენიმე მატჩის ზედიზედ მოგების შემდეგ კი სიამოვნების გრძნობა დამეუფლა. ჯერ კიდევ ანალიზს ვაკეთებთ, ბევრს ვმუშაობთ, რათა შედეგი გავაუმჯობესოთ. “მანჩესტერი” ჯერ კიდევ ცუდად გამოიყურება, მაგრამ ვიმედოვნებ, გაუმჯობესება შეგვიძლია”, – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში “მანჩესტერმა” 20 თამაშში 37 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერებს “მანჩესტერ სიტის” და ლონდონის “ჩელსის” 9 ქულით ჩამორჩება.