სხვა

20:10 | 13.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

6 ოლიმპიური ჩემპიონი “ლიდერ-ბეთში”

გასული საუკუნის 90-იან წლებამდე, ვიდრე არენაზე კახი კახიაშვილი გამოჩნდებოდა, რაფაელ ჩიმიშკიანი ერთადერთი ჩვენი თანამემამულე გახლდათ, რომელსაც ძალოსნობაში ოლიმპიური თამაშებსა და მსოფლიოს პირველობაზე ოქროს მედალი ჰქონდა მოგებული. გარდა ამისა, ბატონმა რაფომ ექვსჯერ გაიმარჯვა ევროპის, ხოლო ათჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში. ხანგრძლივი და ნაყოფიერი კარიერის განმავლობაში ჩიმიშკიანმა 14 მსოფლიო და 13 საკავშირო რეკორდი დაამყარა. მან ორჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე "ვერცხლი" დაისაკუთრა, ხოლო ერთხელ იგივე შედეგის ჩვენება ევროპის უძლიერეს ათლეტთა დაპირისპირებისას შეძლო. საკავშირო მასშტაბით ბატონი რაფოს ყულაბაში ხუთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალიცაა. ჩიმიშკიანი თბილისის საპატიო მოქალაქე გახლავთ და მას "ღირსების ორდენთან" ერთად, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი აქვს მიღებული. ამასთან, რაფაელ ჩიმიშკიანი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ძალოსნადაა დასახელებული.

თავად ბატონი რაფო ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლას ასე იხსენებს: “ნებისმიერი სპორტსმენისთვის სხვა შეჯიბრებებთან შედარებით ოლიმპიური თამაშები გამორჩეული ასპარეზობაა. იმისათვის რომ თბილისელი სპორტსმენი, თან წარმოშობით სომეხი, საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში აეყვანათ, იგი სხვებზე ერთი თავით მაღლა უნდა მდგარიყო. ძალიან გამაწვალეს ათასგვარი გამოსაცდელი შეჯიბრებებით და საბოლოოდ ოლიმპიადაზე ფილტვების ანთებით წავედი. ფინეთში მატარებლით გავეგზავრეთ და რამდენიმე შეუძლოდ მყოფ სპორტსმენთან ერთად ბოლო ვაგონში მომათავსეს. ჩემთან კუპეში მოჭიდავე არსენ მეკოკიშვილი იყო, რომელმაც მითხრა – არა უშავს, ოლიმპიადაზე გავიმარჯვებთ და უკანა გზაზე პირველ ვაგონში ჩაგვსვამენო. ტურნირზე ძირითად კონკურენტებად სვერდლოვსკელი აქსიონოვი და ტრინიდადელი უილკინსი მყავდნენ. მახსოვს, აჭიმვაში უილკინსთან 5 კილოგრამს რომ ვაგებდი, გივი კარტოზიამ თავისი მარჯვენა იდაყვი ჩემ იდაყვს დაადო და მითხრა – ჩემი ძალა შენ რაფოჯან, აუცილებლად უნდა მოიგოო. საბოლოოდ, ტრინიდადელი ატაცში და აკვრაში დავამარცხე, აქსიონოვსაც ვაჯობე და ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე. სხვათა შორის, ამ ოლიმპიადაზე გუნდის ხელმძღვანელობის მიერ ჩემს მიმართ გულგრილმა დამოკიდებულებამ გული საკმაოდ გამიტეხა. საქმე ისაა, რომ მწვრთნელებმა, ექიმებმა, მასაჟისტებმა მიმატოვეს და ყველა ყურადღებას ნიკოლაი აქსიონოვს აქცევდა, რათა იგი ჩემპიონი გამხდარიყო. მათ ამისთვის ყველაფერი გააკეთეს და რამდენიმეჯერ ჩემთვის წონაც კი არასწორად შეუკვეთეს. ამან კინაღამ ხელი შემიშალა, რომ აკვრაში მსოფლიო რეკორდი დამემყარებინა. ძალიან ვინერვიულე და პირველივე ცდით 135 კილოგრამი ვერ ავწიე. მეორე ცდის წინ, რომელიც გადამწყვეტი გახლდათ, თავი მოვთოკე, ხმამაღლა შევიგინე და წონაც დავძლიე. ჯამში 337,5 კილოგრამი დამიგროვდა და 5 კილოგრამით გავაუმჯობესე ეგვიპტელი ფაიადის როგორც ოლიმპიური, აგრეთვე მსოფლიო რეკორდი, რომელიც მან ოთხი წლის წინ ლონდონის თამაშებზე დაამყარა. დარბაზიდან ოლიმპიურ სოფელში რომ ვბრუნდებოდით დილის 5 საათი იყო და დანიშნულების ადგილს როდესაც მივუახლოვდით გივი კარტოზია შევნიშნე, რომელიც მოუთმენლად გველოდა. მან ჩემი პირველობის ამბავი რომ გაიგო, ზურგზე შემისვა და სასტუმროში ისე შემიყვანა. კარტოზიამ მთელი საბჭოთა გუნდი გააღვიძა, ხმამაღლა იძახდა – რაფო ჩემპიონი გახდაო”.

23 მარტს ბატონ რაფოს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით და მისი გავლილი სპორტული გზის კიდევ ერთხელ გასახსენებლად და დასაფასებლად ტოტალიზატორ “ლიდერ-ბეთში” საღამო მოეწყო.

რაფაელ ჩიმიშკიანის სპორტულ მიღწევებზე, მის კეთილშობილებაზე ოლიმპიურმა ჩემპიონებმა რომან რურუამ, ქეთევან ლოსაბერიძემ, ვახტანგ ბლაგიძემ, ვაჟა კაჭარავამ, ნიო სალუქვაძემ, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა ბუაძემ, გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ, სპორტულმა ჟურნალისტებმა ჯამლეთ ხუხაშვილმა, დავით ქლიბაძემ, თენგიზ გაჩეჩილაძემ, დავით ჭელიძემ, გოჩა კაჭარავამ, ბიძინა ბარათაშვილმა, როლანდ ლაბუჩიძემ ისაუბრეს. მათ ბატონი რაფოს ცხოვრებისა და სპორტულ ასპარეზზე გამოსვლის მრავალი საინტერესო ეპიზოდი გაიხსენეს, კვლავაც ჯანისა და სულის სიმრთელე უსურვეს.

0.122669