ჩოგბურთი

18:29 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ძირითად ბადეშია!

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 221 320 დოლარი) ძირითად ბადეში გააღწია.

საქართველოს პირველი ჩოგანი კვალიფიკაციის დასკვნით წრეში უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ ფილიპ კრაინოვიჩს (სერბეთი) გაეჯიბრა და 6:3, 6:3 მოიგო.

ნიკოლოზმა 6 ეისი მოაწოდა, 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, 9-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწდება ერთადერთხელ წააგო, არადა მეტოქეს 9 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. ისიც ვთქვათ, რომ საბოლოო ჯამში ქართველმა 69 გათამაშება მოიგო, სერბმა კი – 51.

საინტერესოა, რომ საკვალიფაკაციო ბადის სამ მატჩში ბასილაშვილმა სეტიც კი არ წააგო და მეტიც, ოთხ გეიმზე მეტი არცერთ სეტში დაუთმია. ამ წარმატების წყალობით, ქართველმა ჩოგბურთელმა 12 სარეიტინგო ქულა შეიმატა და კლასიფიკაციაში წინსვლა ელის.

ამჟამად, ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგში 293 ქულით 171-ე ადგილზეა, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.

თუ ვის ეთამაშება ბასილაშვილი Qatar Exxonmobil Open 2015-ის ძირითად ბადეში, ეს მოგვიანებით გაირკვევა, ის კი ცნობილია, რომ მეტოქე ამ ოთხეულიდან ერთ-ერთი იქნება: რაფაელ ნადალი (ესპანეთი, 2), ხუან მონაკო (არგენტინა), დავიდ ფერერი (ესპანეთი, 4), მიხაილ იუჟნი (რუსეთი).

0.112461