სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი “ბარსელონასთან” მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ ჟურნალისტებთან გამოცხადდა და აღნიშნულ შეხვედრაზე ესაუბრა.
შოტლანდიელი სპეციალისტი გამარჯვებით ძალიან გახარებული იყო. მისი თქმით, ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებული 3 ქულა მოიპოვეს. თუმცა იქვე დაამატა, რომ “სოსიედადისგან” მომავალში უფრო მეტს ელის და საჭიროა, რომ ძლიერი გუნდების გარდა, სხვების დამარცხებაც მოახერხონ.
“ავტოგოლი ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. ამჯერად ჩვენ გაგვიმართლა და შესანიშნავი სამსახური გაგვიწია.
ჩვენ თავს ძალიან კარგად ვიცავდით, განსაკუთრებით ეს პირველ ნახევარზე ითქმის. “ბარსელონას” უძლიერესი შეტევა ჰყავს და მათთან გამკლავება რთულია, მაგრამ ამის გაკეთება გუნდური სულისკვეთებისა და ბრძოლის ხარჯზე შევძელით.
“სოსიედადი” არის გუნდი, რომელიც ბრწყინვალედ ეთამაშება ძლიერ კლუბებს. ჩვენ ლა ლიგის სამი საუკეთესო გუნდის დამარცხება მოვახერხეთ, მაგრამ საჭიროა ასევე ვეთამაშოთ სხვა კლუბებსაც. ჩვენ ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი ქულა დავკარგეთ. იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო სტაბილურად ვიასპარეზებთ და გულშემატკივრებს უფრო გავახარებთ”, - განაცხადა 51 წლის სპეციალისტმა.
“სოსიედადმა” ლა ლიგაში მე-4 გამარჯვება მოიპოვა და აქედან 3-ჯერ გრანდის დამარცხება მოახერხა (“რეალის”, “ატლეტიკოს” და “ბარსელონას”). “ჩური ურდინი” 18 ქულით მე-13 ადგილზეა.