“სახიფათო თამაში იყო. მეტოქეს ქომაგი აქტიურად უჭერდა მხარს და მცირე უპირატესობა არაფერს ნიშნავდა. აღნიშნულის შესახებ მოედანზე გასვლამდეც გვქონდა საუბარი. არ აქვს მნიშვნელობა ვის ეთამაშები. ყველა მატჩში ბოლომდე უნდა დაიხარჯო”, - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ “ნიუ იორკ ნიქსთან” მოგებული მატჩის შემდეგ, რომელშიც მან სეზონში მე-5 ორმაგი დუბლი შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ გასულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სეზონისთვის პირადსარეკორდო 16 ქულა ჩააგდო, რასაც 14 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრაც წაამატა და სტუმართა მხრიდან თამაშის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.
თავად მატჩი მილუოკელებმა 95:82 მოიგეს და საშინელ დღეში მყოფ “ნიქსს” მიჯრით მე-11 მარცხი აგემეს. სახელოვან გუნდს კარგი დროება ნამდვილად არ უდგას. ნიუ იორკელებს 5 მოგების წილ ერთბაშად 31 წაგება გააჩნიათ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მხოლოდ “ფილადელფია სიქსერზს” უსწრებენ.
რაც შეეხება ფაჩულიას, ბოლო მატჩებია, იგი ჩინებულ ფორმაში იმყოფება. დასკვნით ათ მატჩში ქართველი ცენტრის საშუალო მონაგარი 9.7 ქულა, 8.7 მოხსნა და 2.0 პასია, მთლიანად სეზონში კი ზაზას საშუალო მაჩვენებლები ასეთია: 7.6 ქულა, 6.1 მოხსნა და 2.0 პასი.
“მილუოკი ბაქსი” მომდევნო მატჩს 6 იანვარს, შინ, “ფინიქს სანზის” წინააღმდეგ ჩაატარებს.