ფეხბურთი

4:01 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” ნავსი გატეხა, “ბარსელონამ” – ვერა
მადრიდელთა წაფორთხილებით კატალონიელებმა ვერ ისარგებლეს

ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის ცენტრალური მატჩი “მესტალიაზე” გაიმართა, სადაც “ვალენსიამ” მადრიდის “რეალს” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

მადრიდელები აღნიშნულ შეხვედრას ყველა ტურნირზე 22 მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდნენ და ყველა დროის რეკორდის დამხობასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა ამის გაკეთების საშუალება “ღამურებმა” არ მისცეს. შეხვედრის დასაწყისი თანაბარი იყო და არცერთ გუნდს სახიფათო მომენტი არ ჰქონია. სტუმართა სასარგებლოდ მოვლენები უცბად განვითარდა, როდესაც ხესუს ხილ მანსანომ ალვარო ნეგრედოზე ხელით თამაში დააფიქსირა და პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. 11-მეტრიანი კრიშტიანო რონალდუმ გოლად აქცია და მე-14 წუთზე ანგარიში გახსნა. მალევე პორტუგალიელს მეორეს გატანა მართებდა, მაგრამ ცარიელ კარში ააცილა. “ღამურებს” გაშვებული გოლის შემდგომ, პაბლო პიატის ტრავმაც დაემატა, რომელიც შესაცვლელი გახდა და მის ნაცვლად ხოსე ლუის გაია გამოვიდა, რომელიც ძალიან აქტიურად ჩაერთო შეხვედრაში. “ვალენსიას” “რეალთან” შინ ზედიზედ 5 შეხვედრა ჰქონდა წაგებული ლა ლიგაში და გაშვებული ბურთის შემდეგ ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიდა, თუმცა ნელ-ნელა თამაშის დალაგება მოახერხეს, რასაც ტაიმის დამატებულ წუთზე კინაღამ ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. ანდრე გომეშის დარტყმული კარვახალს მოხვდა და კასილასი ვერაფერს იზამდა რომ არა ძელი...

მეორე ნახევარი “ღამურებმა” ძალიან კარგად დაიწყეს და 47-ე წუთზე ანდრე გომეშს სულ ცოტა დააკლდა გატანამდე. აქედან 5 წუთში ლუკას ორბანმა მოედნის ცენტრში გარეტ ბეილს აჯობა და თავისი გუნდის შეტევა დაიწყო. არგენტინელმა გაიას გადააწოდა ბურთი, რომელმაც კარვახალი ჩამოიშორა და ანტონიო ბარაგანს დასარტყმელ პოზიციაზე დაუგორა ბურთი, რომლის გასროლილიც პეპეს მოხვდა და იკერის კარში აღმოჩნდა. გატანილმა ბურთმა “ვალენსიაზე” კარგად იმოქმედა და 65-ე წუთზე ნიკოლას ოტამენდიმ თავური დარტყმით წინ გაიყვანა თავისი გუნდი. მალე ბარაგანს დუბლი შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ერთ-ერთზე ააცილა. შეხვედრის ბოლო 15 წუთი სტუმრების იყო, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ, რომ უქულოდ არ გარჩენილიყვნენ. “ბლანკოსს” გათანაბრება ნამდვილად შეეძლო, 78-ე წუთზე სერხიო რამოსის თავური ოდნავ ასცდა დიეგო ალვეშის კარს, ხოლო 84-ე წუთზე ბრაზილიელმა კიპერმა ისკო აჯობა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ნიკოლას ოტამენდისა და განსაკუთრებით ლუკას ორბანის შესანიშნავი თამაში, რომელიც ძირითადის მცველად არ ითვლებოდა “ვალენსიაში”. ორბანმა პირწმინდად დაჯაბნა გარეტ ბეილი, ხოლო შემდეგ შეცვლაზე შემოსული ხესე. ოტამენდის არანაირი შეცდომა არ დაუშვა, ტრადიციულად სტაბილური იყო და გამარჯვების გოლიც გაიტანა. ასევე ძალიან კარგი იყო შკოდრან მუსტაფი, რომელსაც ძირითადად რონალდუსთან გამკლავება უწევდა. დებიუტი ჰქონდა ენცო პერესს, რომელიც “ლოს ჩემ” რამდენიმე დღის წინ გაიფორმა “ბენფიკადან”. საბოლოოდ 2:1, “ვალენსიამ” “რეალთან” საშინაო წაგებათა სერია შეწყვიტა, ხოლო “ბლანკოსმა” მიჯრით 22 მატჩიანი მოგებათა სერია. მიუხედავად წაგებისა, “რეალი” 39 ქულით პირველ ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს”. ამასთან, მადრიდულ გრანდს კონკურტებზე ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს გამართული. რაც შეეხება “ვალენსიას”, კლუბი 34 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

“რეალის” წაგების შემდგომ “ბარსელონას” გულშემატკივრებს იმედი მიეცათ, რომ საყვარელი კლუბი გაიმარჯვებდა და მოსისხლე მტერს დაეწეოდა, თუმცა ქომაგებს სანერვიულო მატჩის დაწყებამდე მიეცათ. ამის მიზეზი კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს უცნაური გადაწყვეტილებებია, რომელმაც ორი ლიდერი: ლიონელ მესი და ნეიმარი სათადარიგოთა სკამზე გაამწესა. შეხვედრის დებიუტიც “ბარსასთვის” საშინელი გამოდგა, მასპინძელთა კუთხურს ხორდი ალბას ავტოგოლი მოჰყვა, ესპანელმა მცველმა თავური დარტყმით დალაშქრა საკუთარი კარი და არანაირი შანსი არ დაუტოვა კლაუდიო ბრავოს. ჩილელი კიპერი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ “ანოეტაზე” თამაშობდა, რომელიც რამდენიმე წელი ითვლებოდა მის სახლად. გაშვებული გოლის შემდეგ “ბარსელონა” გააქტიურდა, მასპინძელთა კარს პედრომ შეუტია, მაგრამ ააცილა. ერთ ეპიზოდში კი, კატალონიელები ხელით თამაშის გამო პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ დელ სერო გრანდეს სასტვენი დუმდა. ბასკები გატანილი გოლის შემდგომ დაცვაში გადაეწყვნენ და კონტრშეტევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას. ერთ-ერთი მწვავე კონტრშეტევისას, სერხიო კანალესი შესანიშნავი მოძრაობით გასცდა მარტინ მონტოიას, მაგრამ ახალგაზრდა ესპანელს ბრავომ აუღო.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ლუის ენრიკემ მოედანზე ლიონელ მესი შეუშვა მუნირ ელ ჰადადის ნაცვლად, ხოლო 58-ე წუთზე ნეიმარიც გამოჩნდა პედროს მაგივრად. “ბლაუგრანას” ლიდერებმა თამაში გაამწვავეს, თუმცა მომენტების შექმნა მაინც ჭირდა. რეალური საგოლე მომენტები მხოლოდ ლუის სუარესს შეექმნა მატჩის ბოლოს, მაგრამ ურუგვაელმა ხერონიმო რულის ვერცერთხელ აჯობა. არგენტინელმა კიპერმა პირველად ერთი-ერთზე გასულ სუარესს სუფთად აართვა ბურთი, ხოლო მეორედ მისი თავური დარტყმული უკუაგდო. ამრიგად, დევიდ მოიესმა დანაპირები შეასრულა და “ბარსელონა” დაამარცხა. კატალონიელებმა ნავსი ვერ გატეხეს და “ანოეტაზე” 2007 წლის შემდეგ ვერ ახერხებენ მოგებას. მას შემდეგ გამართულ 6 შეხვედრაში, “ბარსა” 4-ჯერ დამარცხდა, ხოლო 2-ჯერ ფრეს დასჯერდა. “ბლაუგრანა” 38 ქულით მე-2 ადგილზე დარჩა, თუმცა ქულებით მადრიდის “ატლეტიკო” გაუთანაბრდა. “სოსიედადი” 18 ქულით მე-13 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ “ჩური ურდინს” მიმდინარე სეზონში 4 გამარჯვება აქვს სულ და აქედან 3-ჯერ გრანდები დაამარცხა შინ: “რეალი”, “ატლეტიკო” და “ბარსელონა”.

რაც შეეხება დანარჩენ ორ შეხვედრას, “რაიო ვალეკანომ” და “ეიბარმა” როგორც ხშირად სჩვევიათ, კვლავ გასვლაზე მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. მადრიდელებმა თანაქალაქელი “ხეტაფე” დაამარცხეს, ხოლო ბასკებმა “ესპანიოლს” სძლიეს.

ხეტაფე – რაიო ვალეკანო 1:2 (1:1)


მადრიდი, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”

ხეტაფე (4-1-4-1): გუაიტა, ნალდო, ალექსისი, ვალერა, ესკუდერო (ლაგო 30), ლასენი, სარაბია, სამირი, იოდა (ლეონი 55), დ.კასტრო (ხ.როდრიგესი 55), ვაზკესი.
მწვრთნელი: კოსმინ კონტრა

რაიო ვალეკანო (3-1-4-2): ტონიო, ბა, ტიტო, ინსუა, ბაენა, ხოზაბედი, ტრაშორასი, ა.მორენო (აკინო 64), კაკუტა, ბუენო (ქუინი 67), ბაპტიშტაო (მანუჩო 80).
მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლები: 1:0 ვაზკესი (3), 1:1 ხოზაბედი (39), 1:2 ბაენა (64).
გაფრთხილებები: ვალერა, ესკუდერო, სარაბია, ლასენი – ინსუა, ტრაშორასი
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
ბურთის ფლობა: 35%-65%, დარტყმა: 12(4)-16(7), ჯარიმა: 23-12, კუთხური: 7-3, თამაშგარე: 1-1, სეივი: 5-3

ვალენსია – რეალი 2:1 (0:1)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (3-4-1-2): ალვეში, მუსტაფი, ორბანი, ოტამენდი, გაია (პიატი 23), პერესი, გომეში, პარეხო, ბარაგანი (ფეგული 73), ნეგრედო (როდრიგო 80), ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

რეალი (4-3-3): კასილასი, რამოსი, პეპე, კარვახალი, მარსელო, კროოსი, ხამეს როდრიგესი (ხედირა 71), ისკო, ბეილი (ხესე 71), ბენზემა (ჩიჩარიტო 80).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 რონალდუ (14 პენ.), 1:1 ბარაგანი (52), 2:1 ოტამენდი (65).
გაფრთხილებები: გაია, პერესი, მუსტაფი, პაკო, პარეხო, ორბანი – რამოსი, ისკო, კარვახალი
მსაჯი: კარლეს ხილ მანსანო
ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 11(3)-19(8), ჯარიმა: 24-17, კუთხური: 3-11, თამაშგარე: 1-0, სეივი: 7-1

ესპანიოლი – ეიბარი 1:2 (0:2)

ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-4-2):
კასილია, კოლოტო, ალვარო, ხ.ლოპესი (მორილია 46), ფუენტესი, კანიასი, ვ.სანჩესი, მონტანესი (მატიონი 84), არბილია, კაისედო, ს.გარსია.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, ეკიზა, ნავასი, ბოვედა, კასტელიანო, ერასტი, დ.გარსია, დელ მორალი (ლეკიჩი 88), ბერხონი (აბრაჰამი 72), კაპა, პიოვაკარი (ანხელი 85).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

გოლები: 0:1 დელ მორალი (34), 0:2 პიოვაკარი (37), 1:2 კაისედო (80).
გაფრთხილებები: არბილია – ეკიზა
მსაჯი: მატეუ ლაოსი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 15(6)-12(6), ჯარიმა: 9-15, კუთხური: 6-3, თამაშგარე: 1-2, სეივი: 4-5

სოსიედადი – ბარსელონა 1:0 (1:0)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-2-3-1): რული, ანსოტეგი, კ.მარტინესი, ი.მარტინესი, დე ლა ბელა, ბერგარა, გრანერო, ჩ.კასტრო (ფინბოგასონი 66), კანალესი (ბერჩიჩი 93), პრიეტო, ველა (პარდო 90).
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მასკერანო, მატიე (ალვეში 70), მონტოია, ალბა, ბუსკეტსი, ხავი, ინიესტა, სუარესი, ელ ჰადადი (მესი 46), პედრო (ნეიმარი 58).
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლი: ალბა (2 ს.კ.).
გაფრთხილებები: ველა, კ.მარტინესი, გრანერო, ფინბოგასონი, ბერგარა – მატიე, ალვეში, ალბა, ნეიმარი
მსაჯი: კარლოს დელ სერო გრანდე
ბურთის ფლობა: 27%-73%, დარტყმა: 7(2)-17(4), ჯარიმა: 21-14, კუთხური: 6-8, თამაშგარე: 2-2, სეივი: 4-1

ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 26. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 15. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 11. კარლოს ბაკა (“სევილია”) -10. ქარიმ ბენზემა ("რეალი") - 8.

თეგებილა ლიგა
0.256631