ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 221 320 დოლარი) საკვალიფიკაციო ბადეში მე-2 მატჩი მოიგო და 6 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
ბასილაშვილი ავსტრიელ ფილიპ ოსვალდს გაეჯიბრა და დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრია – 6:3, 6:3. საქართველოს პირველმა ჩოგანმა 6 ეისი მოაწოდა, 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, საკუთარ მოწიდებაზე მხოლოდ 12 გათამაშება წააგო და 8-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
კვალიფიკაციის დასკვნით წრეში ნიკოლოზი პირველ ნომრად განთესილ სერბ ფილიპ კრაინოვიჩს ეთამაშება და თუკი იმარჯვა, 12 სარეიტონგო ქულას მიიღებს.
ისიც ცნობილია, რომ წარმატების შემთხვევაში, ძირითად ბადეში, ბასილაშვილის მეტოქე ამ ოთხეულიდან ერთ-ერთი იქნება: რაფაელ ნადალი (ესპანეთი, 2), ხუან მონაკო (არგენტინა), დავიდ ფერერი (ესპანეთი, 4), მიხაილ იუჟნი (რუსეთი).