წლის მიწურულს საქართველოს რაგბის კავშირმა საუკეთესოები გამოავლინა და 2014 წლის რჩეული მორაგბე მერაბ შარიქაძე გახდა. 21 წლის ახალგაზრდა, რომელმაც მოკლე დროში ბევრს შეაყვარა თავი თავდაუზოგავი თამაშით, ამ აღიარებას ალალად იმსახურებდა და გარჯამაც უკვალოდ არ ჩაიარა.
“მსოფლიო სპორტი” “ბუკას” დაჯილდოების მეორე დღეს, 30 დეკემბერს შეხვდა. შარიქაძე იმ დილით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებს შეხვდა და იქიდან გამოსული აღფრთოვანებას ვერ მალავდა - “ძალიან მაგარი შეხვედრა იყო. ამ ბიჭებისგან უამრავი რამ ვისწავლე.” - ესაა სიტყვები 2014 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბისა, რომელიც ახალგაზრდული ნაკრების წევრებს დაჯილდოვების მეორე დღეს შეხვდა! აი ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ქართველი “ბორჯღალოსნები” ასე განსაკუთრებულად გვიყვარს, დანარჩენი მიზეზების გასაგებად კი დიდი დრო არ დაგჭირდებათ.
- გილოცავთ საქართველოს საუკეთესო მორაგბედ აღიარებას. რა შეგრძნებაა, როდესაც 21 წლის ასაკში, ისეთი სარაგბო ტრადიციების მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, საუკეთესო მორაგბედ გასახელებენ?
- ეს უდიდესი პატივია. რამდენიმე დღის წინ ასეთ აღიარებას ვერც კი წარმოვიდგენდი. ახლა, როდესაც ეს ყველაფერი რეალობაა, უდიდესი პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი და სხვები, ვისაც ეს ტიტული აქამდე მიუღია, უდიდესი მორაგბეები, მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან. ყველა მათგანი ამ ტიტულის მიღების შემდეგ კიდევ უფრო მაგარი გახდა და რადგან 2014 წელს მე გამომარჩიეს, იგივე მომეთხოვება. ახლა გორგოძისა და ზირაქაშვილის დარად უნდა ვითამაშო, რაც ძალიან რთულია. უდიდესი შრომა მომიწევს.
- თუ ელოდი ასეთ აღიარებს?
- საქართველოს ნაკრებში ისეთი მორაგბეების მხარდამხარ მიწევს თამაში, ძალზედ თამამი და თავზეხელაღებული უნდა ვყოფილიყავი, მსგავსი რამ რომ მეფიქრა. მადლობა ყველას, ვინც ჩემს ზრდაში და აქამდე მოსვლაში მონაწილეობდა. რაგბის თამაში “აკადემიაში” დავიწყე და მინდა სათითაოდ ყველა მწვრთნელს, რომელმაც ჩემს აღზრდაში მიიღო მონაწილეობა, უდიდესი მადლობა გადავუხადო. ასევე, ასაკობრივი ნაკრებების თავკაცებს, რომლებმაც დიდი სამუშაო გაწიეს და ფაქტობრივად მთელი ცოდნა გამიზიარეს. არავინ იფიქროს, რომ ამით ყველაფერი დასრულდა. პირიქით, კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი და ამ ჯილდოთი მხოლოდ სტანდარტი ამაღლდა.
- ფაქტია, რომ ქართველ გულშემატკივარს ძალიან უყვარხარ. რითი მოახერხე ქომაგის მოხიბვლა?
- ძალიან ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. აბსოლუტურად ყველასგან ვგრძნობ სითბოსა და სიყვარულს, თუმცა, მაინც მგონია, რომ გულშემატკივარს ყველა “ბორჯღალოსანი” სწორედ ასე უყვარს და მე გამორჩეული არა ვარ. ისევე, როგორც ნაკრების ყველა წევრს, ჩემი ქვეყანა და ქართველი ხალხი ყველაზე მეტად მიყვარს, მასზე წინ მთელს მსოფლიოში არავის და არაფერს ვაყენებ და თუ გულშემატკივარის სიყვარული დავიმსახურე, ალბათ, ამის ბრალი უნდა იყოს. ჩემი გაჭირვებული საქართველო ნებისმიერ აშენებულ ქვეყანას მირჩევნია და როცა კი შანსი მეძლევა, თუნდაც მცირე დროით, ეგრევე საქართველოში მოვდივარ. ამჯერად ყველა ლეგიონერის სახელით ვსაუბრობ. იმიტომ ვხვეწთ უცხოეთში სათამაშო კლასს, რომ ეს ყველაფერი ნაკრებში გამოვიყენოთ და თუნდაც ორი საათით გავახაროთ ის ადამიანები, რომლებიც მუდამ გვერდში გვიდგანან.
- ახალ წელს ყოველთვის საქართველოში ხვდებით?
- აქამდე ყველა ახალ წელს სამშობლოში შევხვდი. ბევრს უკვირს ჩემი ასეთი საქციელი და მეუბნებიან - აქ რატომ ჩამოდიხარ, როდესაც შეგიძლია ეს დღე პარიზში გაატაროო, მაგრამ აი ზუსტადაც იქ არაფერი მესაქმება. მე საქართველოში მინდა, სადაც მეგობრები და ოჯახის წევრები არიან. საყვარელ ადამიანებთან ერთად, საყვარელ ქვეყანასა და ქალაქში ყოფნა ყველაფერს მირჩევნია! საფრანგეთში და გნებავთ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, არავინ ვარ, არავის ვუყვარვარ და აუცილებლად, როდესაც კი შანსი მომეცემა, საქართველოში ჩამოვალ. პირობას ვდებ, რომ კარიერის დასრულების შემდეგაც სწორედ აქ დავბრუნდები და ჩემი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს გავაკეთებ.
- როგორ მოვიდა მერაბ შარიქაძე საუკეთესოობამდე?
- ვაჟა-ფშავალაზე ვცხოვრობდი და რაგბის თამაში ჯერ კიდევ ეზოში დავიწყე. ტელევიზორში ვუყურებდით თამაშებს, ჩემი მეგობრის ბიძა მორაგბე იყო და ჩვენც გასართობად ვთამაშობდით. ერთ დღესაც ეს ჩემი მეგობარი ნიკოლოზ გამყრელიძე მორაგბე გახდა და მეც მასთან ერთად დავიწყე სიარული. “აკადემიაში” სულ მთლად გადამრიეს, შვილივით მიმიღეს, საოცრად ოჯახური სიტუაცია დამხვდა და მეც მეტი რა მინდოდა. სამწუხაროდ, ამ მშობლიური, ჩემთვის უსაყვარლესი გუნდის სახელი უმაღლეს ლიგაში სათანადოდ ვერ დავიცავი - ხშირად მიწევდა ახალგაზრდულ თუ 7-კაცა ნაკრებში გამგზავრება, პარალელურად ჭაბუკთა “ა” ლიგას ვთამაშობდი და იმ ერთი წლის განმავლობაში, როდესაც შეიძლებოდა უმაღლეს ლიგაში მეთამაშა, კლუბს ვერ მოვახმარე. მერე წავედი ინგლისში, სადაც ორი წელიწადი სწავლის პარალელურად ვთამაშობდი, წელიწადნახევრის წინ კი საფრანგეთში გადავედი და ახლაც იქა ვარ.
- ინგლისში როგორ მოხვდით? რომ არა იქ გატარებული 2 წელიწადი, გვეყოლებოდა დღეს ისეთი მერაბ შარიქაძე, როგორიც ახლა გვყავს?
- საქართველოს რაგბის კავშირმა ჰართპულის კოლეჯთან ხელშეკრულება გააფორმა და სამი მორაგბე - მე, გიორგი ტყეშელიაძე და სანდრო ნიჟარაძე ინგლისში სასწავლებლად და სათამაშოდ გაგვიშვა. ერთი წლის შემდეგ ივა დავითაშვილიც შემოგვიერთდა. ვფიქრობ, იქ ყოფნამ ჩემზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. იქ აბსოლუტურად სხვა სურათი დამხვდა. პირველი რამდენიმე თამაში რომ ჩავატარე, იმხელა ტემპი იყო, რომ ენაგადმოგდებული დავრბოდი, ძალიან გამიჭირდა ფეხის აწყობა. ადაპტაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, რამდენიმე კარგი თამაში ჩავატარე. მეორე წელიწადი რომ დაიწყო, უკვე ვხვდებოდი, რომ იქ დარჩენა აღარ შეიძლებოდა, რადგან განვითარების ტემპი სხვა საფეხურზე გადასვლას ითხოვდა. პირველ წელიწადს კოლეჯის გუნდში ვთამაშობდი, სადაც ინგლისის 7, ორი უელსისა და ერთი შოტლანდიის ახალგაზრდული ნაკრების წევრი თამაშობდა. ყველა შეხვედრა, ფინალის ჩათვლით ისე მოვიგეთ, რომ მეტოქეებს შანსი არ ჰქონიათ და 20-ქულიანზე ნაკლები სხვაობა არცერთ მატჩში არ დაფიქსირებულა. ფინალი ინგლისის მთავარ სტადიონზე, “თვიქჰემზე” ჩატარდა და იქ გავხდი ინგლისის ჩემპიონი. ამ ასაკში ასეთ დონეზე თამაში ძალიან დამეხმარა. მეორე წელი უნივერსიტეტის გუნდში გავატარე, სადაც უკვე სიტუაცია აღარ მომეწონა. პირდაპირ ვიტყვი, რომ იქ თამაში ჩემთვის სარგებლის მომტანი აღარ იყო. პარალელურად “გლოსტერის” “ა” გუნდშიც ვთამაშობდი, მაგრამ მათ არ მოინდომეს ჩემი დატოვება. პროფესიულ კონტრაქტს არ მთავაზობდნენ და წამოსვლის წინ აბსურდული წინადადებით მომმართეს - კიდევ 1 წელი დარჩი და დაგაკვირდებითო. კარიერა ისედაც მოკლეა და ამ 1 წელიწადს ნამდვილად ვერ დავკარგვდი. ასე აღმოვჩნდი საფრანგეთში და ვფიქრობ, ეს გამართლებული ნაბიჯი იყო.
- რადგან თქვენთვის ინგლისში გატარებულმა პერიოდმა ამდენი სიკეთე მოიტანა, ალბათ, კარგი იქნება მსგავსი პროგრამებით იქ ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები კიდევ თუ გაემგზავრებიან.
- კარგი იქნება, მაგრამ მათ, ვისაც გააგზავნიან, კარგად უნდა ჰქონდეთ გათვითცნობიერებული ის სირთულეები, რისი გადალახვაც მოუწევთ. ძალიან რთულია უცხო ქვეყანაში უხელფასოდ ყოფნა. პირველ პერიოდში თავი საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გამოყოფილი თანხებით გამქონდა, მერე გამიმართლა ეროვნულ გუნდში რომ დამიძახეს და ამით შემოსავალი გამიჩნდა. სახლიდანაც მიგზავნიდნენ ყოველდღიურ თანხას და ეს ჩემი ოჯახისთვის ურთულესი იყო, რადგან არ ვარ მდიდარი ოჯახიდან. მოკლედ, ეს ყველაფერი რთულია, მაგრამ ძალიან მომგებიანი ნაბიჯია, რადგან იზრდები როგორც პიროვნულად, ასევე სპორტული თვალსაზრისით. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყანაში ისე წავა საქმე, რომ ახალგაზრდების სხვაგან გაგზავნა კი არ დაგვიჭირდება, სხვა ქვეყნებიდან ჩვენთან ჩამოვლენ რაგბის თამაშის სასწავლებლად. ამისათვის ახალი ბაზების სახით წინაპირობა უკვე არსებობს და მადლობა ყველას, ვინც ამ არსებული ბაზების, სტადიონების აშენებაში თავისი წვლილი შეიტანა. მთელი ნაკრები მათი უზომოდ მადლიერია.
- ინგლისის შემდეგ იყო საფრანგეთის “ელიტა 2” და “ბურგ-ან-ბრესი”, რომელიც 1 წელიწადში დატოვეთ და “ორიაკს” მიაშურეთ.
- “ბურგ-ან-ბრესში” საკმაოდ გვიან ჩავედი. მანმადე იყო “მონპელიეში” გადასვლის ვარიანტი, რომელიც ჩემთვის და სხვა ბევრისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ჩაიშალა. მინდა ვთქვა, რომ პრო დ2-ი მსოფლიოს საუკეთესო ლიგებს შორის ხუთეულში შედის და იქ თამაში იოლი არაა. ზე-15-ის, ტოპ 14-ისა და ინგლისის პრემიერშიპის შემდეგ, ის საუკეთესო ჩემპიონატია და ჩემი ამ დივიზიონის გუნდში მოხვედრა უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი იყო. იქ მრავლად თამაშობენ სახელოვანი მორაგბეები, ასევე ახალგაზრდები, რომლებიც შემდგომში ტოპ 14-ში იხვეჭენ სახელს. სამწუხაროდ, “ბურგ-ან-ბრესი” იმ წელიწადს ფედერალ 1-ში დაქვეითდა და მე “ორიაკში” გადავბარგდი, სადაც საქმეები კიდევ უფრო უკეთ მიმდის და გუნდიც საპლეიოფო ზონის სიახლოვესაა.
- “ორიაკში” თავს როგორ გრძნობთ?
- ძალიან კარგად. იქ ლევან დათუნაშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი და როლანდ კვაჭაძე არიან. გუნდში ჩასვლამდე მათგან მხოლოდ ლევანს ვიცნობდი, მაგრამ ნიკოლოზთან და როლანდთან ისეთი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, მათთან თავს ისე კომფორტულად ვგრძნობ, რომ მათ გარეშე ძალიან მიჭირს.
- და მაინც, გუნდში დამკვიდრებაში განსაკუთრებულ როლს ალბათ მაინც დათუნაშვილი ითამაშებდა
- ლევანი მარტო მე კი არა, სამივეს ძალიან მაგრად გვეხმარება. ბევრი რამაა ისეთი, რაც არ ვიცით და ის რჩევებს გვაძლევს, უცხო ქვეყანაში მამობას გვიწევს. მას გუნდშიც უდიდესი ავტორიტეტი აქვს. უნდა ნახოთ, როდესაც ლევანს და ნიკოლოზს ვარჯიშისას შერკინებაში ერთ მხარეს უწევთ დადგომა, ვარჯიში იქვე სრულდება, რადგან ყველამ იცის, რომ მათ წინააღმდეგ ვერაფერს გახდებიან. სხვათა შორის, ამ ნახევარ წელიწადში ნიკოლოზი ძალიან გაიზარდა, თამაშს მაგრად მოუმატა და ამაში ლევანს უდიდესი წვლილი მიუძღვის.
- პირადად თქვენ თუ გაიზარდეთ “ორიაკში” გადასვლის შემდეგ?
- ვფიქრობ, “ორიაკს” ჩემთვის უკეთესი სათამაშო სტილი აქვს, ვიდრე “ბურგ-ან-ბრესს” ჰქონდა. ეს უკანასკნელი ფედერალ 1-იდან ახალი ამოსული იყო და უმეტესად ყურადღება დაცვას ეთმობოდა, აქ კი, შეტევაზეც ვმუშაობთ და კონტრშეტევებზე მეტს ვთამაშობთ, რაც ძალიან მეხმარება. ელემენტარულად, ბურთთან მეტი შეხება მაქვს. საფრანგეთში წელიწადნახევარია ვთამაშობ და სულ 1 ლელო გავიტანე, ისიც ახლახანს, რაზეც მაგრად მწყდება გული, მაგრამ თითქმის ყოველ თამაშში რამდენჯერმე ვახერხებ ხაზის გაჭრას და მერე სხვები დებენ ლელოებს. იმედია, ამ მაჩვენებელს მალე გამოვასწორებ. თუ დააკვირდებით, პრო დ2-ში ლელოებს უმეტესად შერკინების მოთამაშეები დებენ, რაც ლიგის სათამაშო სტილიდან გამომდინარეობს და მეც ამის “მსხვერპლი” ვარ.
- რატომაა, რომ ფრანგული კლუბები ქართველი უკანახაზელებით ნაკლებად ინტერესდებიან?
- რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მათ ჩვენს უკანახაზელებზე არასწორი შეხედულება აქვთ. რაღაც კარგს რომ გავაკეთებთ უკვირთ, რადგან ქართველი უკანახაზელებისგან მსგავსის გაკეთებას არ ელოდებიან. პირადად მე სულ იმას ვცდილობ, რომ მათი ეს შეხედულება შევცვალო. ჩემი გუნდის მწვრთნელები უკვე სხვაგვარად ფიქრობენ. მჯერა, რომ ქართველი უკანახაზელები არავისზე ნაკლებები არ ვართ და მალე მთელს მსოფლიოში სულ სხვა სახელს დავიმკვიდრებთ.
- ტოპ 14-ის გუნდიდან ხომ არ გაქვთ შეთავაზება?
- “ორიაკთან” კონტრაქტი 3 წლით გავაფორმე და ჯერჯერობით არანაირი სხვა წინადადება არ მაქვს. ზაფხულში “გრენობლზე” იყო საუბარი, მაგრამ საბუთებთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა. “ბურგ-ან-ბრესთან” ნახევრად პროფესიონალური კონტრაქტი მქონდა, “გრენობლს” კი ესპუარების კონტრაქტის გაფორმება სურდა, თუმცა, მპირდებოდნენ, რომ გარანტირებულად პირველ გუნდში ვითამაშებდი, მაგრამ ნახევარდპროფესიული კონტრაქტის შემდეგ, ახალგაზრდულ კონტრაქტზე დაბრუნება აკრძალულია და ეს ვარიანტი ჩაიშალა. ამით არაფერი დასრულებულა და ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანი მსოფლიო თასზე კარგი თამაშია, დანარჩენი კი, აუცილებლად მოვა. მჯერა, რომ ჩვენს ნაკრებს ინგლისში დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია. მთავარია, იღბალმა არ გვაქციოს ზურგი. გუნდი, რომელმაც სამოა და იაპონია დაამარცხა, ნებისმიერთან მოსაგებად ითამაშებს.
- შეძლებს წელს “ორიაკი” ტოპ 14-ის საგზურისთვის ბრძოლას?
- “ორიაკის” ბიუჯეტი ძალიან დაბალია, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პრო დ2-ში და მიზნად ტოპ 14-ში ასვლას არა, მაგრამ პლეი ოფში გასვლას ნამდვილად ისახავს. ჯერჯერობით ყველაფერი ისე მიდის, რომ აღზევებას ამ ბიუჯეტითაც ვიმსახურებთ. მთავარია პლეი ოფში გავიდეთ და მერე იქ რა მოხდება, არავინ იცის.
- ეროვნულ გუნდში თქვენი დებიუტი 2012 წელს, ესპანეთთან მატჩში შედგა. როგორ გაიხსენებთ “ბორჯღალოსნებში” გატარებულ ამ 3 წელიწადს?
- სამწუხაროდ, ჩემს პირველ სანაკრებო შეხვედრაში ესპანეთთან დავმარცხდით. ამას ლოგიკური ახსნაც ჰქონდა - იმ დღეს ჩემს გარდა კიდევ რამდენიმე მორაგბის დებიუტი შედგა, მაგრამ მერე პორტუგალიას მოვუგეთ, ყველაფერი კარგად აეწყო და 2012 წელსაც და მომდევნო წლებშიც ერთა თასი არავის დავუთმეთ. განვლილ 3 წელიწადში რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვე. რუმინეთთან იმავე 2012 წელს სტუმრად მოვიგეთ და მომდევნო წელს ფრედ ვითამაშეთ, მერე იყო დიდი გამარჯვებები სამოასთან, იაპონიასთან და კანადასთან. ვფიქრობ, ეს სამი თამაში საუკეთესოები იყო ნაკრების შესრულებით. 2014 წლის ნოემბრის ტესტებზე სამივე უმნიშვნელოვანესი თამაში ჩავატარეთ და იაპონია ისე დავამარცხეთ, მეტოქეს არცერთ კომპონენტში არცერთი წამით არ უჯობნია. იაპონელებთან ორჯერ მოვდუნდით და 14 ქულა მივიღეთ, რაც ამ გუნდის მაღალ დონეზე მეტყველებს. არ უნდა დაგვავიწყდეს რა ბიუჯეტი და პირობები აქვს ამ გუნდს და ამ დროს ჩვენ უშანსოდ დავამრცხეთ.
- “ბორჯღალოსანთა” მაისურით აქამდე გატანილი ლელოებიდან რომელს გამოარჩევდით?
- ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სამოასთან გატანილი ლელო იყო. დროა მონაგარი გავზარდო და მაყურებელი ლელოებით კიდევ გავახარო. იაპონაისთან კარგი ლელო გავიტანე, მაგრამ ვიდეოგამეორებაზე გამოჩნდა, რომ მართლა თამაშგარე მდგომარეობაში ვიყავი და ის სამართლიანად გაუქმდა.
- სამოასთან და განსაკუთრებით იაპონიასთან გატანილ ლელოებს თუ გავიხსენებთ, რამდენიმე მოწინააღმდეგესაც კი, ძალიან უჭირს შენი შეჩერება.
- ზებუნებრივი ძალით არ გამოვირჩევი და ამ დროს ალბათ უფრო გამარჯვების ჟინი მამოძრავებს. სხვათა შორის, იმაზე, რომ შებოჭვის შემდეგ რაც შეიძლება დიდხანს არ წავიქცე, ინგლისში, მწვრთნელის მითითებით დავიწყე მიშაობა. როგორც ჩანს ეს გამოვიმუშავე, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი მაქვს.
- 21 წლის ასაკში, მხოლოდ 3 წელიწადში 28 კეპი მოგიგროვდათ და შეძლებთ 100-მდე ასვლას?
- იმედია, ღვთის წყალობით ამას მოვახერხებ. მთავარია გუნდში მოხვედრა დავიმსახურო და ყოველთვის კარგად მოვემზადო.
- ირლანდიასთან და იაპონიასთან თამაშებს თუ გავიხსენებთ, 2 თამაშში ბოჭვისას 3 ჩვენი მორაგბე, მათ შორის შენც, გაითიშე.
- ეს ბოჭვის არასწორი ტექნიკის შედეგია, რის გამოსწორებაზეც ვმუშაობ. სულ ვცდილობ ასეთი შეცდომა არ დავუშვა, მაგრამ ერთხელ მოვდუნდი და ეს შეცდომა არ მეპატია. იაპონიასთან გონზე მალევე მოვედი და თამაშში დაბრუნებაც შემეძლო, მაგრამ მწვრთნელებმა არ გარისკეს და რადგან შეცვლაც გვყავდა, მოედანი დავტოვე.
- რას უნდა ველოდოთ 2015 წლის მსოფლიო თასიდან?
- აქამდე თავში მხოლოდ ნოემბრის ტესტები მიტრიალებდა და იაპონიასთან მატჩის დასრულების დღიდან სრულად მსოფლიო თასზე ვარ გადართული. ინგლისში ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. ახალ ზელანდიასთან თამაში უდიდესი გამოცდა და გაკვეთილი იქნება ყველა ჩვენთაგანისთვის. იქ რეალურად დავინახავთ, რა დონეზე ვართ და რა სამუშაო გვაქვს გრძელვადიან პერსპექტივაში. სეიძლება ცოტა თამამი განცხადებაა, მაგრამ მაინც ვიტყვი - მომავალში ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ხუთეულში ყოფნა! რატომაც არა?! ოღონდ ამისათვის სწორი განვითარებაა საჭირო და ეს გზა სწორედ ზელანდიასთან თამაშში უნდა დავინახოთ. ინგლისში უმთავრესი მიზანი 2 თამაშის მოგებაა, მაგრამ ეს რთულად შესასრულებელი ამოცანაა და უშუალოდ ადგილზე გამოჩნდება ყველაფერი. ტონგასთან არცერთი წამით არ უნდა მოვდუნდეთ და შანსი გვექნება. მოსაგებად ვიბრძოლებთ, მაგრამ იმავე შემართებით იქნება მეტოქეც, რომელსაც უფრო მაღალი მიზნები აქვს დასახული, ვიდრე ორი თამაშის მოგებაა. მათ რომ მოვუგოთ, ნაკლებად უნდა მივცეთ ბურთი და ნაკლებად დავჯარიმდეთ. დისციპლინა უნდა გვქონდეს და ყველაფერი გამოვა. ტონგა რეალურად სამოაზე სუსტია, რომელთანაც 2013 წელს 6-ჯერ დავჯარიმდით და მოვიგეთ, ხოლო ტონგასთან 18-ჯერ დავჯარიმდით და წავაგეთ. იაპონიასთანაც ნაკლები ჯარიმის ფონზე გავიმარჯვეთ. მოკლედ, ჩვენ მოსამზადებელი პერიოდიდან დაწყებული, მაქსიმუმს ჩავდებთ ამ საქმეში და იმედია, ღვთის წყალობით ყველაფერი გამოგვივა.