ამ ერთი თვის წინ, პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე, კრიაშტიანუ რონალდუს ძეგლი დაუდგეს და ეს ამბავი მსწრაფლივ გახდა დიდი მითქმა–მოთქმისა და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი.
ყველაფრის თავიდათავი ისაა, რომ ლეო მესის ქომაგებს გულს ტკენს და სისხლს უმღვრევს პორტუგალიელი ვარსკვლავის ყოველი აღიარება და პირიქით – რონალდუს მოტრფიალეებს ანაწყენებთ არგენტინელის გამორჩევა და განსაკუთრებულობა. ამ მხრივ ყველაფერი ძველებურადაა.
თუკი ყოველგვარ შირმასა და კლიშეებს ჩამოვაშორებთ, ძეგლი მხოლოდ ძეგლია და მეტი არაფერი. ეგრე თუ გავყვებით, საქართველოში და მთელს ყოფილ საბჭოთა კავშირში ლენინის იმდენი ძეგლი იდგა, მათი დათვლაც კი ურთულესი ამბავია, მაგრამ მხოლოდ თითო-ოროლას თუ უღირდა რაიმედ ვლადიმერ ილიჩის სახელი. მეტიც – საბჭოთა კავშირის დანგრევამდე უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ლენინი უკვე სახალხო ქილიკისა და ხითხითის საგნად იყო ქცეული. ჰოდა, თუ ასე დავწვრილმანდებით და ლენინის ძეგლებსაც გავიელვებთ ფიქრში, რონალდუს ძეგლიც ოდენ მეტალის კონსტრუქციად მოგვეჩვენება და მეტი არაფერი, რომ არა ერთი, მთავარი რამ...
კრიშიანუ რონალდუ ჭეშმარიტად უდიდესი ფეხბურთელია (შეგნებულად არ ვამბობ სიტყვებს “ჩვენი ეპოქის უდიდესი ფეხბურთელი“). უკვე მიდის საკმაოდ არგუმენტირებული საუბარი იმაზე, რომ რონალდუმ, ისევე როგორც ლეო მესიმ, გაარღვია პელესა და მარადონას სიკაშკაშით განათებული უხილავი ზღვარი და უკვე დაიმკვიდრა ადგილი ყველა დროის დიდთა შორის. თან არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ კრიშტიანუ მოქმედი ფეხბურთელია და იმდენი გახარება და ფოჩიანი კანფეტები ჩვენ, რამდენჯერაც ეს კუნთმაგარი ჯეელი მომავალშიც არაერთხელ გაამწარებს მოწინააღმდეგე გუნდების მცველებსა და მეკარეებს.
რატომ მიყვარს კრიშტიანუს თითქმის მოგვარე ბრაზილიელი რონალდო? პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო, მერე კი იმიტომ, რომ ბევრი მისი კოლეგისაგან განსხვავებით, არასოდეს კარგავს ობიექტურობის გრძნობას და ყოველთვის იმას ამბობს, რაც სიმართლედ მიაჩნია და არა იმას, რაც უნდა რომ იყოს.
ჰოდა, ლუის ნაზარიო დე ლიმა, რონალდო, ამბობს, რომ დღევანდელ კრიშტიანუსთან შედარებით არც ის, არც ზინედინ ზიდანი და არც ლუიშ ფიგუ არაფერი არ არიან და პორტუგალიელი ფეხბურთელი დღევანდელი სათამაშო ფორმითა და შესაძლებლობებით ყველას ჯიბეში ჩაისვამს. ამას ამბობს კაცი, რომელმაც ბრაზილიის ნაკრების ლეგენდარულ ფორვარდთა შორის დაიმკვიდრა ადგილი და ფეხბურთი არავისზე ნაკლებად ნამდვილად არ ესმის.
კუნძული მადეირა ის ადგილია, სადაც ისტორიის არაერთ ქარიშხალს გადაუქროლია და სადაც მავანთა ფეხბურთის კოხტად თამაშის გარდა, არაერთი დიდი ლიტერატურული თუ მუსიკალური ნაწარმოები შექმნილა. მადეირას ერთ–ერთი მწერალი “მუზების კუნძულსაც“ კი უწოდებს და ალბათ ასეცაა, რადგან ატლანტის ოკეანეში მოლივლივე ამ ულამაზეს ადგილზე შეუძლებელია ცუდი და მჭახე ფიქრები გიტრიალებდეს კაცს თავში.
ჰოდა, დგას ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მობურთალის, კრიშტიანუ რონალდუს ძეგლი ამ დიდებულ კუნძულზე და ჩვენ, ჩვენს შვილებსა და საერთოდ ყველას, ვისაც ფეხბურთი უყვარს და ეყვარება, ახსენებებს იმას, რომ დიდი ფეხბურთელები ჩვენს დროში უძეგლოდ აღარ იკარგებიან.
მათ ანაგარიშებზე დარიცხული მილიონებიც ალალი და უსაყვედუროა. რონალდუმ ეს ყველაფერი ნამდვილად დაიმსახურა!