“ლივერპულის” იტალიელ თავდამსხმელს, მარიო ბალოტელის, სეზონის ბოლომდე, “ნაპოლიში” თამაში სურს. ამ ინფორმაციას Il Messaggero ავრცელებს.
ბალოტელი “ლივერპულში” გასულ ზაფხულში გადავიდა და მან მერსისაიდელთა მაისურით ათამაშება ვერაფრით მოახერხა. 24 წლის იტალიელს პრემიერლიგაში ჩატარებულ 11 თამაშში გოლი არ გაუტანია.
იტალიელი ფეხბურთელის ცუდ ფორმაში ყოფნა “ლივერპულის” დამრიგებელს, ბრენდან როჯერსს რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია და შედეგად, ბალოტელი სასტარტო შემადგენლობაში 8 ნოემბრის შემდეგ აღარ გვინახავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბალოტელი შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა. იტალიელმა თავის აგენტს, მინო რაიოლას მდგომარეობის გამოსწორება დაავალა და აგენტიც “ლივერპულთან” მოლაპარაკებებს შეუდგა. ივარაუდება, რომ მხარეები ბალოტელის “ნაპოლიში” სეზონის ბოლომდე განათხოვრების საკითხს განიხილავენ.
თუ ბალოტელი იტალიაში მართლაც დაბრუნდა, “ლივერპული” მისი ეზეკიელ ლავესით შეცვლას შეეცდება. როგორც ცნობილია, არგენტინელი შემტევი პსჟ-დან წასვლის სურვილს გამოთქვამს.