ჭადრაკი

15:52 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

5 ქართველი ჯერმუკში

სომხეთის ქალაქ ჯერმუკში სტარტი აიღო კარენ ასრიანის სახელობის ტრადიციულმა მემორიალმა, რომელიც უკვე მეექვსედ იმართება. ტურნირში 5 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს: დავიდ არუთინიანი (2543), ნატო იმნაძე (2059), ანა შამათავა (2111), ნოე თუთისანი (2037) და ნინო ხომერიკი (2066).

4 ტურის თავზე ქართველთაგან საუკეთესო შედეგი შარშანდელი შეჯიბრის ჩემპიონ არუთინიანს გააჩნია, რომელიც 3.0 ქულით მე-5 ადგილზეა. იმნაძეს, შამათავას, თუთისანს და ხომერიკს 2-2 ქულა აქვთ და შესაბამისად, 27-ე, 28-ე, 30-ე და 33-ე პოზიციებზე იმყოფებიან.

ასრიანის მემორიალში სულ 55 მოჭადრაკეა ჩართული, ლიდერი კი მასპინძელი რობერტ ჰოვანისიანი (2610) გახლავთ, რომელსაც ქულათა მაქსიმუმი გააჩნია.

სომხური ტურნირი 9 ტურად შვეიცარიული სისტემით მიმდინარეობს და 25 ივნისს დასრულდება. საპრიზო ფონდი 22 ათასი დოლარია, საიდანაც გამარჯვებული 5 ათასს მიიღებს, ქალთა შორის საუკეთესოს კი 800 დოლარი ერგება.

შეგახსენებთ, რომ კარენ ასრიანი 2008 წლის ივნისში 28 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი სომხეთის იმ ნაკრების წევრი გახლდათ, რომელმაც 2006 წლის ტურინის ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვა. 

0.11921