ფეხბურთი

17:56 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო გათავისუფლებული

რუსული გამოცემა “სოვეტსკი სპორტი” შეეცადა გაერკვია, რატომ ვერ ხვდება გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მეპასე “სპარტაკის” სასტარტო შემადგენლობაში.

უკვე 5 წელია ანანიძე მათ რიცხვშია, ვისაც საფეხბურთო ექსპერტები პერსპექტიულ სპარტაკელ ახალგაზრდებს ეძახიან. თუმცა, დრო გადის, პრაქტიკულად ყოველ სეზონში მწვრთნელები იცვლებიან, მაგრამ ჯანო ის ვერ გახდა, ვისაც შეუძლია “სპარტაკს” დიდი ხნის ნანატრი ტიტული მოაგებინოს.

“როსტოვში” გაგზავნა

განვლილი სეზონის დაწყებამდე, გუნდის მაშინდელმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა ჯანო იჯარით “როსტოვში” გაუშვა. ალბათ, იმის გამო, რომ ქართველი მოთამაშე მომძლავრებულიყო, უფრო თავდაჯერებული გამხდარიყო და ბოლოს და ბოლოს სათანადო დონეზე გასულიყო. დონის ნაპირებზე ანანიძე თავის მეგობარ არტიომ ძიუბასთან ერთად გაემართა. ვოიაჟი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან “როსტოვმა” რუსეთის თასი მოიგო.

როსტოვში ჯანო გუნდის მთავარ მწვრთნელ მიოდრაგ ბოჟოვიჩს მოეწონა და მისი თამაში დონისპირა გუნდის გულშემატკივრებსაც შეუყვარდათ. შემოქმედ და ტექნიკურ ფეხბურთელს ერთი პასით ან დარტყმით ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლო. პრაქტიკულად ყოველი ვარჯიშის მერე, “ფანები” ანანიძესთან მიდიოდნენ და “პატარა პირლოს” კიდევ ნახევარი წელი დონის ნაპირებზე დარჩენას თხოვდნენ.

ხასიათი

“როსტოვში” ყოფნის პერიოდში ჯანო ხმაურიან წვეულებებში არ მონაწილეობდა და ღამის კლუბებში არ დადიოდა. მეუღლე ენატრებოდა, პრაქტიკულად მხოლოდ ძიუბასთან და პლეტიკოსასთან ურთიერთობდა. თუმცა, გარეგანი მორიდებულობის მიუხედავად, ანანიძემ თავისი ფასი ყოველთვის იცოდა. შეეძლო თანაგუნდელებს გახუმრებოდა, ხოლო ზოგჯერ ამას ძალიან ხისტად აკეთებდა. ხანდახან ზღვარსც გადადიოდა. თუნდაც ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ხურადოს მისამართით დაწერილი შეურაცხმყოფელი წერილის გახსენება რად ღირს. მაშინ, ჯანომ ემოციურ სტილში, ისე რომ გინებას არ მორიდებია, გარშემო მყოფთ შეახსენა, რომ მას “გოლი პლუს პასის” სისტემით მეტი ქულა აქვს.

შინ დაბრუნება

ისე სჩანდა, რომ “როსტოვში” წარმატებული მივლინების შემდეგ, ჯანო “სპარტაკის” ერთ-ერთი ლიდერი უნდა გამხდარიყო. ფეხბურთელმა მურატ იაკინის ხელმძღვანელობით შეკრება წარმატებით გაიარა და საწყის სამ ტურში სასტარტო შემადგენლობაშიც მოხვდა. თუმცა, მისი კრეატიულობა და სისხარტე სადღაც გაქრა და თანდათან ანანიძე შეცვლაზეც აღარ შედიოდა. საინტერესოა, რომ სასტარტო შემადგენლობიდან ის ხურადომ “ამოაგდო”. სახლში დაბრუნების შემდეგ ჭირვეულობის აპოფეოზი სექტემბრის მიწურულს სათასო მატჩზე კომსომოლსკ ნა ამურეზე არწასვლა იყო. მასმედიის ცნობით, ფეხბურთელმა თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ ის სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეა, ხოლო შორეულ აღმოსავლეთში დუბლიორები მიფრინავდნენ. სწორედ ამის გამო, ჯანო საწვრთნელ ბაზაზე დაიმალა, ტელეფონი გამორთო და აეროპორტში არ გამოცხადდა.

დემარშის შემდეგ იაკინმა ფეხბურთელი გამოსასწორებლად დუბლშემადგენლობაში გაუშვა. ვლადიმირ ბესჩასტნიხის მიერ გაწვრთნილ გუნდში ნახევარმცველმა 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ზამთრის შესვენებამდე იაკინმა როგორც იქნა ფეხბურთელი შეიწყალა და პირველ გუნდში დააბრუნა. თუმცა, ჯანო მოედანზე არ გამოჩენილა.

პერსპექტივა

ამჟამად, ჯანო “სპარტაკის” იმ 14-15 მოთამაშეს შორის ვერ ხვდება, რომლებიც მოედანზე რეგულარულად გადიან. იმის შესაძლებლობა, რომ სეზონის მეორე ნახევარში “პატარა პირლო” მოედანზე რეგულარულად გავა, მცირეა. “წითელ-თეთრებს” ხომ ისედაც ბევრი კვალიფიციური ნახევარმცველი ჰყავთ. ანანიძეს ტინო კოსტას წასვლა და რომან შიროკოვის შესაძლო იჯარაც ვერ დაეხმარება. ერთი სიტყვით, “სპარტაკში” ჯანოს პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია. ერთადერთი გამოსავალი იჯარა ან გაყიდვაა. თავად ფეხბურთელიც ოცნებობს, რომ ძალა უცხოეთში სცადოს.

0.132472