სადღეისოდ რეიტინგსიის მეათე ნომერმა დავიდ ფერერმა ესპანურ გამოცემა El Pais-ს მისცა ინტერვიუ. 32 წლის ჩოგბურთელმა ავტორიტეტული გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გასული სეზონი შეაჯამა და სამომავლო პერსპექტივაზეც ისაუბრა.
- სეზონის მიწურულს ნამდვილი საჩოგბურთო ომი გქონდათ ენდი მარეისთან ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირის საგზურის მოსაპოვებლად. საბოლოოდ შოტლანდიელმა გაჯობათ. იმ მომენტში რა გრძნობა დაგეუფლათ?
- სეზონის მსვლელობისას პრობლემები ფსიქოლოგიის მხრივ შემექმნა. ნერვიულობა დამჩემდა, რაც კარგი მოკავშირე არაა. გასული სეზონის მიმდინარეობისას ხშირად ემოციას ვყვებოდი. გარკვეულ მომენტებში გაუმართლებელ რისკზე მივდიოდი. ისე კი, 2014 წელს ბევრი აღმასვლა და დაღმასვლა მქონდა.
- 2015-ში მდგომარეობის გამოსწორებას როგორ აპირებთ?
- მხოლოდ და მხოლოდ მიზანმიმართული, ინტენსიური წვრთნის შედეგად. ძალიან კარგი სამწვრთნელო შტაბი მყავს, რომელიც სირთულეების გადალახვაში დამეხმარება. ამასთან ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო გამოცდილი სპორტსმენი ვხდები. კარგად მესმის ყველა საჩოგბურთო ნიუანსი და ვიცი, როგორ გადავიტანო მარცხი. მოტივაციის პრობლემა არ მაქვს. 2015 წელს ტოპათეულში ადგილი უნდა დავიმკვიდრო და შემაჯამებელი ტურნირის საგზური მოვიპოვო. გასული სეზონი მთლიანობაში ცუდი არ იყი, თუმცა, სამწუხაროდ, კლასიფიკაციის მოწინავე 8 მოთამაშეს შორის ადგილი ვერ შევინარჩუნე.
- საკუთარ თამაშში რის შეცვლას ფიქრობთ?
- 32 წლის ვარ. წლეულს დავრწმუნდი, რომ მეტოქეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოუმატა, ამიტომ მეც ადგილზე ვერ გავჩერდები. ახალგაზრდები ფიზიკურად უფრო მძლავრად გამოიყურებიან. საერთოდ, ჩოგბურთი უფრო მომთხოვნი გახდა ამ კუთხით. მეც ამ მიმართულებით მმართებს აქცენტის გაკეთება.
- წვრთნების ინტენსივობას და ხასიათს შეცვლით?
- სხვადასხვა ხასიათის ვარჯიშებს ვატარებ. წლეულს ბევრი ვიმუშავე პლაჟზე. ეს კორტზე გადაადგილების გაუმჯობესებაში მეხმარება, უკეთ გამომდის აჩქარება და მეტად კოორდინირებული ვარ. მომიწევს ტექნიკური კომპონენტების დახვეწაც.
- დევისის თასზე 2012 წლიდან აღარ გამოდიხართ. ესპანეთის ნაკრებში დაბრუნებას გეგმავთ? როგორ შეხვდით ეროვნული გუნდის კაპიტნად ლეონ გარსიას დანიშვნას?
- ნაკრებში ჩემი გამოსვლა გარსიას დანიშვნასთან კავშირში არაა. ამავე პოსტზე შეიძლებოდა ხუან კარლოს ფერერო გვეხილა ან კიდევ სხვა ადამიანი. ამჟამად თქვენ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. თუკი ვიგრძნობ, რომ ნაკრებისთვის საჭირო ვარ, კარგ ფორმაში ვიქნები და ფედერაციიდან გამოძახების წერილიც მომივა, დევისის თასზე აუცილებლად გამოვალ.