ფეხბურთი

11:54 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბუცები ლურსმანზე – 2014 წელი

ცხოვრებაში ყოველთვის დგება მომენტი, როცა წერტილის დასმა გიწევს, ასეა ფეხბურთშიც. ფეხბურთელები, რომლებიც გულშემატკივართა გახარებას მწვანე მოედნიდან ახერხებდნენ, ერთ დღესაც ბუცებს ლურსმანზე ჰკიდებენ.

ორი დღეც და ახალი, 2015 წლის ათვლა დაიწყება. 2014 წელი კი მხოლოდ წარსულის მოგონებად იქცევა. წლის დასასრულს წარმოგიდგენთ 20 გამორჩეულ ფეხბურთელს, რომლებმაც პროფესიონალური კარიერა სწორედ 2014 წელს დაასრულეს. მათ შორის ბევრი ისეთი ლეგენდაა, ვის გამოც ბევრმა ჩვენგანმა დაიწყო კიდეც ფეხბურთის ყურება. დანარჩენს კი უფრო დაწვრილებით ქვემოთ წაიკითხავთ და გაეცნობით.

ლევან კობიაშვილი (საქართველო)

პროფესიონალური ფეხბურთელის კარიერაში 2014 წელი ბოლო გამოდგა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და გამორჩეული ფეხბურთელისთვის. ლევან კობიაშვილმა კარიერა ბერლინის “ჰერტაში” დაასრულა. მას გერმანულმა კლუბმა და გულშემატკივრებმა შესანიშნავი გაცილება მოუწყვეს. კობიმ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 1996-2011 წლებში 100 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი გაიტანა. მასზე მეტჯერ ეროვნული ნაკრების მაისური არავის ჩაუცვამს. მთლიანად პროფესიონალურ კარიერაში 772 მატჩი ჩაატარა და 82 გოლი გაიტანა. აქედან ევროპის ერთ-ერთ წამყვან ჩემპიონატში, გერმანიის ბუნდესლიგაში 351 შეხვედრაში 32 გოლი მიითვალა.

ლევან კობიაშვილმა კარიერა რუსთავის “გორდაში” დაიწყო, შემდეგ იყო თბილისის “დინამო” და ვლადიკავკაზის “ალანია”. ამის შემდეგ კი მის კარიერაში გერმანული აფეთქების დრო დადგა. კობიმ 16 წელი დაჰყო ალემანიაში და იქაურ ქომაგებს თავი წარმატებულად დაამახსოვრა. 1998-2003 წლებში კობიაშვილი “ფრაიბურგს” ლიდერობდა, 2003 წელს კი გელზენკირხენის “შალკეს” მიაშურა, სადაც 2010 წლის იანვრამდე დარჩა. ბოლო ოთხწელიწადნახევარი კი ლევანმა დედაქალაქურ “ჰერტაში” გაატარა. გერმანიაში 16 წელი სტაბილურად თამაში უკვე თავისთავად მეტყველებს კობიაშვილის სიდიადეზე. აღსანიშნავია, რომ კობის ბუნდესლიგაში უცხოელ ფეხბურთელებს შორის ჩატარებული თამაშების რაოდენობით მხოლოდ პერუელი კლაუდიო პიზარო სჯობნის. ლევან კობიაშვილის კარიერაში კიდევ ერთი გამორჩეული დღე არსებობს – 2005 წლის 23 ნოემბერს მან ჩემპიონთა ლიგაში ჰოლანდიურ “ეინდჰოვენს” ჰეთ-თრიქი შეუსრულა.

ალექსანდრე იაშვილი (საქართველო)

წლეულს კარიერა კიდევ ერთმა წარმატებულმა ქართველმა ფეხბურთელმა დაასრულა. ალექსანდრე იაშვილმა კარიერის ბოლო სეზონი აზერბაიჯანში გაატარა. მანამდე კი იგი კობიაშვილის დარად გერმანიაში ასპარეზობდა. იაშვილი გერმანიაში ძალზე ახალგაზრდა 20 წლის ასაკში გადაბარგდა. მისი კარიერის საუკეთესო წლები მაინც “ფრაიბურგთან” ასოცირდება, სადაც იაშკამ 10 სეზონი გაატარა და გუნდში ჩატარებულ 251 თამაშში 51 გოლი შეაგდო. 2007 წელს გუნდიდან ფოლკერ ფინკეს წასვლის შემდეგ იაშვილმა გუნდი შეიცვალა, რითაც ძალზე დასწყვიტა გული “ფრაის” ფანობას, რომელთაც იაშვილი დღემდე ძალიან უყვართ და აფასებენ. ხსენებულ წელს იაშვილმა ბუნდესლიგის დებიუტანტ “კარლსრუეს” მიაშურა, სადაც კიდევ 5 წელი გაატარა და ქომაგებისთვის თავის შეყვარება არც იქ გასჭირვებია. გერმანიაში მისი ბოლო გუნდი კი “ბოხუმი” იყო. 2013 წელს გერმანია დატოვა და სათამაშოდ ბაქოს “ინტერს” მიაშურა. სწორედ აზერბაიჯანული გუნდი გამოდგა ბოლო მის კარიერაში. იაშვილს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 1998-2011 წლებში 67-ჯერ უთამაშია, ხოლო მეტოქეები 15-ჯერ ჰყავს დამწუხრებული. ძნელად მოიძებნება ისეთი შეხვედრა, რომელშიც იაშკა საკუთარი სამშობლოს ღირსების დასაცავად ბოლომდე არ დახარჯულა.

რაიან გიგზი (უელსი)

უელსელი რაიან გიგზი 2014 წლის გაზაფხულზე დიდი ფეხბურთიდან წავიდა. 1990-2014 წლებში “მანჩესტერ იუნაიტედის” ერთგული და ნამდვილი გული. ალექს ფერგიუსონმა 17 წლის გიგზში დიდი მომავალი დაინახა და მას მთავარ გუნდში უხმო. ამის შემდეგ დაიწერა 24 წლიანი სიყვარულის ისტორია, რომელიც დღესაც გრძელდება. რაიანი “იუნაიტედის” სამწვრთნელო შტაბშია დასაქმებული.

რაიან გიგზმა გუნდის ღირსება მხოლოდ პრემიერლიგის ეგიდით 672 შეხვედრაში დაიცვა, რაც მართლაც ფანტასტიური მაჩვენებელია. რაიან გიგზს ერთი საინტერესო რეკორდიც ეკუთვნის – უელსელ ნახევარმცველს ჩემპიონთა ლიგაში ყევლაზე მეტი საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. საკლუბოსავით წარმატებული ვერ გამოდგა რაიანის სანაკრებო კარიერა. უელსელი “ლომების” ღირსება მან მხოლოდ 67 შეხვედრაში დაიცვა და ნაკრებთან ერთად არც მსოფლიოს და არც ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპზე აქვს ნათამაშები.

ხავიერ ძანეტი (არგენტინა)

გიგზის მსგავსად 2014 წელს კარიერა კიდევ ერთმა გამორჩეულმა ლეგენდამ დაასრულა. არგენტინელმა ხავიერ ძანეტიმ გადაწყვიტა 41 წლის ასაკში წერტილი დაესვა. ძანეტიმ თავისი კარიერის 19-წლიანი პერიოდი მილანის “ინტერს” მიუძღვნა და გუნდში ყველანაირი სახის რეკორდი დაამყარა, რაც კი ჩატარებულ თამაშებს შეიძლება უკავშირებოდეს. 1995 წლამდე იგი ორი სეზონი არგენტინულ “ბანფლიდშიც” ასპარეზობდა. ძანეტის მიერ გამართული მატჩებიდან ძნელია გაიხსენო ისეთი თამაში, რომელიც მან ჩააგდო ან თავისი დონის შესაფერისად ვერ ითამაშა. ხავიერს არგენტინის ნაკრების ღირსება 145 მატჩში აქვს დაცული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მას სრულიად გაურკვევლად 2006 და 2010 წლის მუნდიალებზე ასპარეზობის უფლება არ მიეცა. ძანეტი ამჯერად “ინტერნაციონალეს” ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

მარკო დი ვაიო (იტალია)

38 წლის ასაკში კანადურ “მონრელაში” გადაწყვიტა კარიერის დასრულება იტალიელმა თავდამსხმელმა მარკო დი ვაიომ. დი ვაიო არასდროს ითვლებოდა ექსტრა კლასის ფორვარდად, მაგრამ ვისაც მისი თამაში უნახავს დაგვეთანხმება, რომ იგი უმაღლესი დონის პროფესიონალი იყო. კარიერის საუკეთესო წლები მან “პარმაში” (1999-2002) და “ბოლონიაში” (2008-2012) გაატარა. გარდა ამისა, ორი წელი იტალიის გამორჩეული გუნდის ტურინის “იუვენტუსის” მაისური ეცვა (2002-2004). დი ვაიოს იტალიის ნაკრებში იშვიათად უძახდნენ, თუმცა 2004 წელს ჯოვანი ტრაპატონიმ იგი პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატზე იახლა. “აძურას” რიგებში მარკოს 2001-2004 წლებში 14 მატჩში 2 გოლი გაუტანია. იტალიის სერია A-ში დი ვაიოს 152 გოლი აქვს გატანილი.

უილიამ გალასი (საფრანგეთი)

ფრანგი უილიამ გალასი იმ იშვიათთაგანი ფეხბურთელია, რომელსაც სამი ლონდონური გუნდის ღირსება დაუცავს. გალასი 2001-2013 წლებში სხვადასხვა ინტერვალით „ჩელსის”, „არსენალის” და „ტოტენჰემის” მაისურით ირჯებოდა. გალასმა კარიერა სამშობლოში დაიწყო, „კაენის” რიგებში, საიდანც 1997 წელს „მარსელში” ჩაირიცხა და „ველოდრომზე” 4 სეზონი დაჰყო. საფრანგეთის ნაკრებში გალასს 2006 წელს მუნდიალის ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული. იმ მუნდიალზე ლილიან ტურამთან ერთად გაუვალი დაცვის წყვილი შექმნა. ჯამში მან „სამფეროვანთა” ღირსება 2002-2010 წლებში 84 მატჩში დაიცვა.

კარლეს პუიოლი (ესპანეთი)

2014 წელს ფეხბურთიდან კიდევ ერთი ლეგენდა წავიდა. კატალონიის „ბარსელონას” კაპიტანმა კარლეს პუიოლმა კარიერა დაასრულა. პუიოლმა თავის ბოლო სეზონში ტრავმების გამო ბევრ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო. კარლესმა მთელი თავისი კარიერა „ბლაუგრანაში” გაატარა. 1999 წელს იგი მთავარ გუნდში დააწინაურეს და მას შემდეგ 15 სეზონი სტაბილურად დაჰყო „კამპ ნოუზე”. მოიგო ყველა შესაძლო ჯილდო, რისი მოგებაც შეიძლებოდა, როგორც გუნდთან, ისე ეროვნულ ნაკრებთან ერთად. პუიოლი იმ გუნდის კაპიტანი გახლდათ, რომელმაც საფეხბურთო ისტორიაში სამუდამოდ დაიდო ბინა. 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის ნახევარფინალში კატალონიელი მცველის გადამწყვეტმა გოლმა ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა. საბოლოო ჯამში მან „ფურია როხას” რიგებში 13 წლის განმავლობაში 100 შეხვედრა ჩაატარა.

კრისტიან კივუ (რუმინეთი)

34 წლის ასაკში ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება რუმინელმა კრისტიან კივუმაც გადაწყვიტა. კივუ დიდ ფეხბურთში ძალზე ახალგაზრდა გამოჩნდა. 1999 წელს მან ამსტერდამის „აიაქსის” მაისური მოირგო. ერთი წლის შემდეგ კი 20 წლისამ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზა. ჰოლანდიურ გრანდში კივუ 2003 წლამდე დარჩა და ბოლო სეზონი გუნდს კაპიტნობდა კიდეც. 2003 წლის ზაფხულში იგი იტალიურმა „რომამ” შეიძინა. რომში მას თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია და გუნდს 4 სეზონი უერთგულა, მერე კი მეორე იტალიურ გრანდ „ინტერზე” გადაცვალა. სწორედ მილანური გუნდი გამოდგა კივუს პროფესიონალურ კარიერაში ბოლო. „ინტერის” რიგებში მან 2010 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგებაც მოახერხა. რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში კრისტიან კივუმ 75 მატჩი გამართა.

მასიმო ამბროზინი (იტალია)

მასიმო ამბროზინიმ იტალიის ჩემპიონატში „მილანის” ღირსება 344 მატჩში დაიცვა. „როსონერიში” იგი 1995-2013 წლებში ასპარეზობდა. გუნდში შექმნილი დიდი კონკურენციის გამო მართალია ძირითად შემადგენლობის წევრად ფაქტობრივად არასდროს ითვლებოდა, მაგრამ ეს მის დამსახურებებს იტალიური გუნდის წინაშე არ აკნინებს. 2009 წელს ფეხბურთიდან პაოლო მალდინის წასვლის შემდეგ ამბროზინი გუნდის კაპიტანიც გახდა. 2013 წლის ზაფხულში კი მას კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს და ვეტერანმა ნახევარმცველმაც „ფიორენტინას” მიაშურა, რომლის ღირსებაც 21 შეხვედრაში დაიცვა. 2014 წლის გაზაფხულზე გადაწყვიტა აქტიურ სპორტს ჩამოშორებოდა.

კლარენს ზეედორფი (ჰოლანდია)

2014 წელს ბრაზილიურ „ბოტაფოგოს” ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა კლარენს ზეედორფმა გადაწყვიტა თამაშისთვის თავი დაენებებინა და სამწვრთნელო პროფესიას მიჰყო ხელი. სხვათა შორის, მან უკვე მოასწრო და რამდენიმე თვე იტალიურ „მილანს” უთავკაცა. ზეედორფს კარიერის გამორჩეული წლები სწორედ „როსონერის” რიგებში აქვს გატარებული. ზეედორფს ერთი საინტერესო რეკორდი ეკუთვნის, რომელსაც მოხსნა ან თუნდაც გამეორება კიდევ დიდხანს არ უწერია – „ზეე” ერთადერთი ფეხბურთელია, ვისაც ჩემპიონთა ლიგა სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოუგია. 1995 წელს მან „აიაქსთან” ერთად მიაღწია ევროპულ მწვერვალს, 1998 წელს იგივე მადრიდის „რეალის” შემადგენლობაშიც გაახერხა, ხოლო 2003 და 2007 წლებში „მილანის” შემადგენლობაში დაეუფლა ჩემპიონთა თასს. კლარენს ზეედორფმა ჰოლანდიის ნაკრებში 1994-2008 წლებში 88-ჯერ ითამაშა.

პოლ სქოულზი (ინგლისი)

„მანჩესტერ იუნაიტედს” 2014 წელს გიგზის მსგავსად კიდევ ერთი ლეგენდა დაემშვიდობა. პოლ სქოულზი, რომელმაც თავდაპირველად 2013 წელს დაასრულა კარიერა, თუმცა შემდეგ გუნდს დაუბრუნდა, საბოლოოდ წერტილი სწორედ წლეულს დასვა. სქოულზი იმ ოქროს თაობის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია, რომლებმაც „იუნაიტედის” ისტორია დიდი გამარჯვებებით გამოჭედეს. სქოულზმა „მანიუში” პირველი სეზონი 1993-1994 წლებში გაატარა. ძნელია დღევანდელ ფეხბურთში მოძებნო ისეთი სტილის ნახევარმცველი, რომელსაც ლეგენდარულ ინგლისელს გვერდით დაუყენებ. სქოულზს ნაადრევად მოუწია სანაკრებო კარიერის დამთავრება. ბოლოს მან ინგლისის ნაკრებში 10 წლის წინ, 2004 წელს ითამაშა, არადა, მას შემდეგ სქოულზი უმაღლეს დონეზე წლების განმავლობაში თამაშობდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში მხოლოდ 7 წელი გაატარა, 66 შეხვედრის გამართვა მაინც მოასწრო. 2000 წელს კი ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრების კარში დაუვიწყარი სილამაზის გოლიც გაიტანა.

ტიერი ანრი (საფრანგეთი)

ერთ-ერთი ბოლო ვინც 2014 წელს კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა ლეგენდარული ფრანგი ტიერი ანრი გახლდათ. ანრი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იყო. კარიერის ოქროს ხანა მან ლონდონის „არსენალში” გაატარა 1999-2007 წლებში. ინგლისურ გუნდამდე თამაში „მონაკოსა” და ტურინის „იუვენტუსშიც” მოასწრო. 2007 წელს კი ვენგერის გუნდი ანრიმ კატალონიურ „ბარსელონაზე” გაცვალა, რომელთანაც ერთად 2009 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც შეიქნა. „ბარსელონა” მის კარიერაში ბოლო ევროპული გუნდი აღმოჩნდა. კარიერის ბოლო 4 წელი მან ამერიკულ „ნიუ-იორკ რედ ბულზს” დაუკავშირა და მასთან კონტრაქტის ამოწურვის შემდგომ ფეხბურთიდანაც წავიდა. ტიერი ანრიმ საფრანგეთის ნაკრებში 1997-2010 წლებში 123 შეხვედრაში 51 გოლი გაიტანა. ტიტიმ თავისი სამშობლოს შემადგენლობაში ყველა შესაძლო ტიტული მოიპოვა. 1998 წელს მსოფლიოს, ორი წლის თავზე კი ევროპის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, 2001 და 2003 წლებში კონფედერაციის თასიც დაისაკუთრა.

გაბრიელ ჰაინცე (არგენტინა)

„ნიუელს ოლდ ბოიზი” მის კარიერაში ბოლო გუნდი აღმოჩნდა. სწორედ აქ დაიწყო გაბრიელ ჰანცემ თავისი კარიერა. სხვა არგენტინულ გუნდში მას არც უთამაშია. სამაგიეროდ, მრავალფეროვანია მისი ევროპული კლუბების ჩამონათვალი. ჰაინცე კარიერის მთავარი წლები ალბათ მაინც, „მანჩესტერ იუნაიტედთან” ასოცირდება, რომლის ღირსებას იგი 2004-2007 წლებში იცავდა. შემდეგ თამაში მადრიდის „რეალშიც” და იტალიურ „რომაშიც” მოასწრო. ჰაინცე მოედანზე განსაკუთრებული უხეშობით გამოირჩეოდა. არგენტინის ნაკრების ღირსება 72 მატჩში დაიცვა და ორ მუნდიალზეც მოახერხა ასპარეზობა.

ერიკ აბიდალი (საფრანგეთი)

რამდენიმე დღის წინ ფეხბურთის თამაშს თავი ერიკ აბიდალმაც დაანება. აბიდალი 2011 წელს კიბოს ებრძოდა, რომელშიც გამარჯვებული ფრანგი ფეხბურთელი გამოვიდა და სიცოცხლის გარდა, კარიერის გაგრძელებაც შეძლო. იგი ფართოდ, საფეხბურთო საზოგადოებამ „ლიონიდან” გაიცნო. შემდეგ კი „ბარსელონას” რიგებში წარმატებით ასპარეზობდა. 2012 წელს გუნდი დატოვა და ვეტერანულ ასაკში მშობლიურ „მონაკოს” ერთი წლით დაუბრუნდა. კარიერის ბოლო 6 თვე მან პირეოსის „ოლიმპიაკოსში” დაჰყო. საფრანგეთის ნაკრებში აბიდალს 67 მატჩი ჩაუტარებია.

ხუან სებასტიან ვერონი (არგენტინა)

კარიერა მშობლიურ „ესტუდიანტესში” დაასრულა. ვერონმა კარიერის განმავლობაში მრავალი კლუბი გამოიცვალა, თუმცა, თუ არ ჩავთვლით მის წარუმატებელ ასპარეზობას ნისლიან ალბიონზე, სხვა მხრივ ყველგან მოწოდების სიმაღლეზე იდგა. მისი პირველი ევროპული გუნდი გენუის „სამპდორია” იყო, საიდანაც „პარმას” მიაშურა, რომლის რიგებში ვერონი იტალიის თასს და უეფას თასს დაეპატრონა. 2000 წელს კი რომის „ლაციოს” შემადგენლობაში სკუდეტოსაც იგებს. 2001 წელს „მანჩესტერს” მიაშურა, მაგრამ მისი მანჩესტერული კარიერა ვერ აეწყო. ვერონს დიდად ვარსკვლავები არც ლონდონის „ჩელსიში” დაუწყვეტია, რის შემდეგაც აპენინს დაუბრუნდა და 3 წელი მილანის „ინტერში” გაატარა. 2007 წლიდან სამშობლოში დაბრუნდა. რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას იგი 1996-2010 წლებში 73 შეხვედრას და 9 გატანილ გოლს მოიცავს. კარიერის დასრულების შემდეგ ვერონი „ესტუდიანტესის” პრეზიდენტი გახდა.

მაურო ხერმან კამორანეზი (იტალია)

2014 წლის დასაწისში ფეხბურთიდან ნატურალიზებული იტალიელი მაურო კამორანეზი წავიდა. კამორანეზი კარიერის საუკეთესო პერიოდში 2002-2010 წლებში ტურინის „იუვენტუსში” ასპარეზობდა, რომლის რიგებშიც სერია ა-ში 224 მატჩში 27 გოლი გაიტანა. მისი პირველი ევროპული ნავსაყუდელი კი იტალიური „ვერონა” გახლდათ. კარიერა კამორანეზიმ არგენტინულ „რასინგში” დაასრულა, სადაც 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. მისი თქმით, ახლა მწვრთნელობა სურს. არგენტინის ნაკრების მწვრთნელები კამორანეზის ყურადღებას არ აქცვედნენ, 2003 წელს კი ჯოვანი ტრაპატონიმ იტალიური პასპორტის მქონე ფეხბურთელს „სკუადრა აძურაში” უხმო და მისი დებიუტიც პორტუგალიელთა წინააღმდეგ შედგა. 2006 წელს კამორანეზი იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. ჯამში მან 2003-2010 წლებში ლურჯი მაისური 55 მატჩში მოირგო და მეტოქეებს 5 გოლი გაუტანა.

ჟუნინიო პერნამბუკანო (ბრაზილია)

2014 წელი ბოლო გამოდგა კიდევ ერთი გამორჩეული ფეხბურთელის კარიერაში. ბრაზილიელი ჟუნიონიოს მიერ შესრულებულ საჯარიმოებზე ლეგენდები ალბათ წლების განმავლობაში ივლის. ფეხბურთელი, რომლისთვისაც არანარი მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იდგა კარში, ან კარიდან რა მანძილზე იდო ბურთი. ჟუნიონიომ კარიერის ოქროს წლები ფრანგულ „ლიონში” გაატარა. შემდეგ კი სათამაშოდ ყატარში წავიდა, სადაც „ალ გარაფას” შემადგენლობაში ირჯებოდა. ბრაზილიაში არსებული დიდი კონკურენციის გამო მისი სანაკრებო კარიერა ისეთი მდიდარი ვერ გამოდგა, როგორსაც იმსახურებდა. ჟუნინიომ ბრაზილიელთა ღირსება მხოლოდ 40 შეხვედრაში დაიცვა.

რივალდო (ბრაზილია)

42 წლის ლეგენდარულმა ბრაზილიელმა რივალდომ საბოლოოდ გადაწყვიტა აქტიური სათამაშო კარიერის დასრულება. რივალდოს ევროპული კარიერა ლა კორუნიის „დეპორტივოდან” დაიწყო. 1997 წელს კი მან „ბარსელონას” მაისური მოირგო. სწორედ „ბარსას” უკავშირდება მისი კარიერის გამორჩეული ხანა. 1999 წელს რივალდომ „ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში გაიმარჯვა და „ოქროს ბურთს” დაეპატრონა. 2002 წელს კატალონია დატოვა და „მილანში” გადაბარგდა, რომლის რიგებში 2003 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თუმცა ამაში მისი წვლილი არცთუ დიდი იყო. შემდეგ მან სხვადასხვა მეტ-ნაკლებად ცნობილი გუნდების რიგებშიც მოასწრო ასპარეზობა. ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კი რივალდომ 2002 წელს გაიბრწყინა და კორეა-იაპონიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო. ჯამში „პენტაკამპეონელთა” რიგებში 1993-2003 წლებში 74 მატჩში 35 გოლი გაიტანა.

გეორგიუს კარაგუნისი (საბერძნეთი)

გასული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომ კარიერა ბერძენმა გეორგიუს კარაგუნისმაც დაასრულა. კარაგუნისის ბოლო კლუბი ინგლისური „ფულჰემი” გამოდგა, სადაც მან 2012-2014 წლებში იასპარეზა. საერთოდ კი კარიერის საუკეთესო პერიოდი მშობლიურ ათენის „პანათინაიკოსს” დაუკავშირა. კარაგუნისმა სამშობლოს გარდა თამაში იტალიაში და პორტუგალიაშიც მოასწრო, სადაც „ინტერის” (2003-2005) და „ბენფიკას” (2005-2007) ღირსებას იცავდა. საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობაში კარაგუნისი 1999 წლიდან თამაშობდა და 139 მატჩი გამართა. კარაგუნისი ერთ-ერთი შემოქმედი გახლდათ საკუთარი ქვეყნის ნაკრების უდიდესი წარმატებისა 2004 წელს, როცა ელადელები კონტინენტის ჩემპიონებად მოგვევლინენ.

დანიელ ვან ბუიტენი (ბელგია)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კარიერის დასრულება კიდევ ერთმა სახელოვანმა ფეხბურთელმა, ბელგიელმა დანიელ ვან ბუიტენმა გადაწყვიტა. ვეტერანმა ბელგიელმა კარიერის ბოლო 8 სეზონი მიუნხენის „ბაიერნს” დაუკავშირა, მანამდე კი „ჰამბურგის”, „სიტის”, ფრანგული „მარსელის” ღირსებას იცავდა. სამშობლოში კი დანიელს „შარლერუას” და ლიეჟის „სტანდარტის” მაისური მოურგია. ვან ბუიტენი ბელგიის ნაკრებში 13 წელიწადი ასპარეზობდა და ამ დროის განმავლობაში „წითლების” მაისური 84 შეხვედრაში ჩაიცვა. 2002 და 2014 წლებში კი თავის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს პირველობებზე ითამაშა.

0.195724