ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა ლუკა ტონიმ, რომელიც ასაკის მიუხედავად, “ელას ვერონას” შემადგენლობაში ამჟამადაც წარმატებით თამაშობს, “ტუტოსპორტს” ინტერვიუ მისცა.
ტონიმ თავისი კარიერის განვლილი წლები გაიხსენა და განაცხადა, რომ ის დიდ ფეხბურთელად არ დაბადებულა, თუმცა, მეტის მიღწევა შეეძლო და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი მხოლოდ ორ-სამ კლუბში წარმოაჩინა.
- ლუკა ტონი, როგორ გახდით დიდი თავდამსხმელი, რომელმაც კარიერაში 300 გოლი გაიტანა?
- დიდ თავდამსხმელად არ დავბადებულვარ. უბრალოდ ჩამოვყალიბდი კარგ მოთამაშედ. ეს დღითიდღე მუშაობის შედეგი იყო. მადლობა ჩემს პირველ მწვრთნელს, გვიდო ატარდის, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს გვერდით აღარაა.
- თქვენ ადრე თქვით: თუ მე და დი ნატალე ისევ ვიტანთ, ეს ჩვენი ფეხბურთისთვის ცუდია.
- ვადასტურებ. იტალიის ჩემპიონატი ჩამორჩა სხვა ძლიერ ლიგებს. სამწუხაროდ აქ ხშირად იმართება ისეთი შეხვედრები, რომელთა ყურება საშინელებაა.
- გამოსავალი?
- სწორება იტალიელებზე და გაცილებით მეტ ახალგაზრდაზე უნდა მოხდეს. მათ უფრო მეტად და ხშირად უნდა მიეცეთ სერია A-ში თამაშის საშუალება. ჩვენთან გულშემატკივრებს გასვლით თამაშებზე წასვლის ეშინიათ. ასეთი რამ ინგლისში ან გერმანიაში რომ გაიგონ, გეტყვიან: “თქვენ გიჟები ხართ”? - არაფერია ფეხბურთელისთვის იმაზე სამწუხარო, ვიდრე ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში.
-თქვენ “ბაიერნში” თამაშობდით. როგორ გაუსწრო გერმანიამ ჩვენს ქვეყანას ფეხბურთში?
- მათ ზუსტად იციან, რა უნდათ. თამაშზე წასვლა ნამდვილი ზეიმია და ოჯახებით დადიან სტადიონზე. ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა, ოჯახები უფროდაუფრო შორდებიან სტადიონებს. ტრიბუნებზე გულშემატკვირები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.
- და რამდენად მნიშვნელოვანია “იუვენტუსისთვის” ახალი სტადიონი, რომელსაც ტრიბუნები კართან ახლოს აქვს განლაგებული?
- უმნიშვნელოვანესია. ეს გულშემატკივრებისთვის უფრო კომფორტულია. მაგალითისთვის, “ბენტეგოდიზე” რომ ტრიბუნები ახლოს იყოს, ჩვენ საკუთარ მოედანზე 4-5 ქულით მეტს მაინც დავაგროვებდით.
- როგორ გაიტანეთ ერთ ჩემპიონატში, 2005-06 წლებში, 31 გოლი?
- მთელი “ფიორენტინა” ჩემზე თამაშობდა. ცდილობდნენ ბურთი ხშირად მიმეღო. არც “ვერონაში” გატანილი 21 გოლია ცოტა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გუნდი ახალი გადმოსული იყო სერია ა-ში. ვფიქრობ, ჩემი შანსი ბოლომდე მხოლოდ 2-3 კლუბში გამოვიყენე. “ვერონა” ერთ-ერთი მათგანია.
- ვინ შეიძლება გამოდგეს თქვენი გზის გამგრძელებელი?
- ძალიან მომწონს მანოლო გაბიადინი. კარგი ბიჭია სტეფანო ოკაკაც. მართალია მას ბევრი ვერ გააქვს, მაგრამ ყველა მონაცემი აქვს დიდ გუნდში სათამაშოდ. მათ მაქსიმუმი სწრაფად არ უნდა მოვთხოვოთ და ცოტა ვაცადოთ.
- იმობილე გამტან თავდამსხმელად ჩამოყალიბდა თუ არა, ემიგრანტი გახდა.
-სერია A-ში ჩირო საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ყველაფერი “იუვეს” ხელთ იყო, მაგრამ მათ იმობილეს მორატა ამჯობინეს. არ მესმის, რატომ არ ენდობიან ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდა იტალიელ ფეხბურთელებს, იტალიური გუნდები ჯერ უცხოეთში იყურებიან და მერე ამჩნევენ საკუთარ თანამემამულეებს.